"ადეიშვილი სადაც უნდა წავიდეს, ვიპოვი და გავუსწორდები!"- ბიზნესმენი სამართალს ამაოდ ეძებს?! - კვირის პალიტრა

"ადეიშვილი სადაც უნდა წავიდეს, ვიპოვი და გავუსწორდები!"- ბიზნესმენი სამართალს ამაოდ ეძებს?!

ლენინ-სტალინ-სააკაშვილს: დამნაშავე ვარ და დამხვრიტეთ!

"გთხოვთ იჩუქოთ ჩემი ქონება" ... ჩემს ნაწვალებ შენობაში სააკაშვილისთვის აპარტამენტების გაკეთება უნდოდათ"

"პროკურატურაში კი მითხრეს, ქონება გიჩუქებია და რას დავობო. რატომ უნდა გამეჩუქებინა ამხელა ქონება? უკან არ დავიხევ და მაინც გავიმარჯვებ. სამართალს აქ თუ ვერ ვიპოვი, სტრასბურგამდე მივალ."

ხელისუფლებამ ა.წ. თებარვლისთვის კი დაანონსა, რომ სამართლიანობის აღდგენას დაიწყებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამისთვის ჯერაც ვერ მოიცალეს. ბიზნესმენი ზურაბ ფილიპია წინა ხელისუფლების მორიგი მსხვერპლია, რომელიც ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ მუქარით აიძულეს საკუთარი ქონება სახელმწიფოსთვის გადელოცა. მატერიალური და მორალური ზიანის გარდა, მას და მის მეუღლეს ჯანმრთელობის მდგომარეობაც სერიოზულად შეერყათ და დღემდე ვერ გამოსულან მდგომარეობიდან. ზურაბ ფილიპია მის ტრაგედიაში ბრალს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს სდებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მომჩივანის სარჩელი არ დააკმაყოფილა და პროკურატურამ მის საქმეში "სს დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა", დაზარალებული ბიზნესმენი სამართლის ძიებას დღემდე აგრძელებს.

ზურაბ ფილიპია:

- შპს "დასავლეთ საქგაზმშენი", რომლის გენერალური დირექტორიც ვიყავი, 1992 წელს შეიქმნა. ჩვენი ძირითადი საქმიანობა გაზსადენების, ნავთობსადენებისა და წყალსადენების მშენებლობა იყო. 2005-06 წლებში ვმუშაობდი დასავლეთ საქართველოს რაიონების გაზიფიკაციაზე და მთავრობა სადაც მეტყოდა, სამუშაო საჩუქრად გაგვიკეთეო, ვაკეთებდი. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მაგ. 2008 წელს, ლანჩხუთსა და ოზურგეთში 200 000 ლარის სამუშაო მაქვს უფასოდ ჩატარებული. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე ქუთაისის რამდენიმე ქუჩის მოპირკეთებაში. 2009 წელს ტენდერში ვმონაწილეობდი, გავიმარჯვე და 4-5 რაიონში წყალსადენები, ფოთში კი ბინები ავაშენე ლტოლვილებისთვის.

2009 წლის ივლისიდან დაიწყეს პროკურატურაში ჩემი დაბარება, გადასახადების დამალვას მედავებოდნენ. ქუთაისში, თეთრ ხიდთან აშენებული მქონდა ულამაზესი შენობა, რომელშიც მეუღლეს კერძო სკოლა ჰქონდა გახსნილი. როცა ქუთაისში მიდიოდა მშენებლობები, ხელისუფლებამ ახლადაშენებული შენობა დამანგრევინა, ბავშვები გარეთ გამომაყრევინა და თავიანთი პროექტის მიხედვით გადამაკეთებინეს, სასტუმროს გაკეთება უნდოდათ. გამომძიებელმა დიმიტრი ჩაფიძემ პირდაპირ მითხრა, ადეიშვილსა და მერაბიშვილს მოუნდათ ეს შენობა და შემოგითვალეს, 10 დღეში დაგვითმეო. თურმე მიშასთვის სწადდათ აპარტამენტების გაკეთება. უარი ვუთხარი მეუღლის გამო, ის წარმატებული დირექტორი იყო და მისი სკოლა ქუთაისში საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა. მასზე უკეთესი დიზაინის შენობა ქალაქში არ დგას. რაც მანამდე მოუთხოვიათ, უარი არაფერზე მითქვამს, უკან არ დამიხევია, მაგრამ სკოლის დათმობას არ ვაპირებდი. ჩემი უარის შემდეგ, გადაწყვიტეს ფინანსური შემოწმება. სკოლის შენობის სანაცვლოდ, რომელიც მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული, მიწის ნაკვეთებს, თბილისის ბინას ვთავაზობდი, მაგრამ უარს ამბობდნენ. მთავარ პროკურორთან, ადეიშვილთან შეხვედრა მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, აზრი არ აქვს, ასე თქვა, რადგან გვევაჭრება, ჩასვით და იქეთ შეგვეხვეწებაო. სკოლა მაინც არ დავთმეთ და 2009 წლის 27 დეკემბერს დამაპატიმრეს. გულით ავადმყოფი ვარ, მდგომარეობა გამირთულდა და ჩემმა ადვოკატმა სასამართლოს 50 000 გირაო შესთავაზა, რაზეც უარი თქვეს და წამიყენეს პირობა - ჩუქების ხელშეკრულებას ხელი მოაწერე და გაგიშვებთო.

- რომელი მუხლი წაგიყენეს, რას გედავებოდნენ?

- საბუთების გაყალბებაში დამდეს ბრალი -მონახეს ნაქირავები მანქანა, ანგარიშფაქტურაში ჩაწერილ ნომერს, მძღოლის პასპორტის ერთი ციფრი არ დაემთხვა. ასეთი 25 ყალბი "პუწიოვკა" "მიპოვეს", თითოზე 2-2 წელი დამითვალეს და ჯამში სასჯელი 50 წელი გამოვიდა, ამით აშანტაჟებდნენ ჩემს მეუღლეს. მთელი ცხოვრება შენების მეტი არაფერი მიკეთებია, ბევრი შენობა-ნაგებობა, გაზსადენი, წყალსადენი, თუ ნავთობსადენები გამიყვანია არა მარტო საქართველოში. მოსამართლემ მკითხა, თავს დამნაშავედ გრძნობო? ე პროკურორზე და გამომძიებელზე მივუთითე, დამნაშავეები ეგენი არიან, უფრო დიდი დამნაშავეები კი ამ ოთახში გასამართლდებიან-მეთქი. რამდენიმე წლის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი იმავე ოთახში გაასამართლეს, რომელშიც მე. ადეიშვილსაც არ ელის კარგი დღე. საკანში შემომიტანეს ქაღალდები, ხელი მოაწერე, რომ ხარ საბუთების გამყალბებელი და 2-3 დღეში გამოგიშვებთო. მე დავუწერე შემდეგი ტექსტი: ლენინ-სტალინ-სააკაშვილს! ვარ რევოლუციონერი, მინდოდა სახელმწიფო გადატრიალება, ვარ დამნაშავე და დამხვრიტეთ!

სამჯერ დამიხიეს ფურცლები, სამივეჯერ იგივე დავწერე. შემდეგ ოჯახზე მიიტანეს იერიში, გამომძიებელი და პროკურორი უთვლიდა ჩემს მეუღლეს, თუ არ დანებდება, თქვენს შვილს წამალს ჩავუდებთ და იმასაც დავაპატიმრებთო. სხვა გამოსავალი არ იყო. უჩემოდ ფირმაში სამუშაოები შეჩერდა, საქმე უკან მიდიოდა, დიდი ჯარიმები დამეკისრა. თავისი გაიტანეს და ქუთაისში წაგვართვეს სკოლა, მიწის ნაკვეთები, ასევე ორი უზარმაზარი, შენობა-ნაგებობებითა და ტექნიკით აღჭურვილი საწარმოო ბაზა შევჩენკოს ქუჩაზე, 200 000 ლარი, ჯამში, 4 მილიონის ქონება. ჩემს მეუღლეს სკოლის შენობაზე დააწერინეს ჩუქების განცხადება ასეთი ტექსტით: "გთხოვთ იჩუქოთ ჩემი ქონება". ერთ საათში მოხდა განცხადების დაწერაც, ხელმოწერებიც და საჯარო რეესტრში დამტკიცებაც. ჩაიგდეს რა ხელში ჩემი ქონება, ორ თვეში გამათავისუფლეს და პირობითი სასჯელი დამიტოვეს, 2012 წლის იანვარში ამნისტია შემეხო. ვინაიდან ბანკის სესხები (მილიონნახევარი ლარი) მქონდა გასასტუმრებელი, გავაგრძელე საქმიანობა და დღემდე ვალებს ვიხდი -300 000 დოლარი დამრჩა გასასტუმრებელი. რაც ჩამომართვეს, იმისთვის მიეხედათ მაინც, უპატრონოდაა ყველაფერი მიგდებული, განადგურებული და გაძარცვული.

-ახლა ვის ხელშია თქვენი ქონება და რა ღირებულებისაა ის?

- თავდაპირველად ის ნატა კვანტალიანს მიჰყიდეს, თუმცა, მგონი, მას ფული არც გადაუხდია. ეს ქალბატონი სამტრედიელია, ყოფილი მხედრიონელი და სააკაშვილის დაქალი, მიშა სხვებისთვის ჩამორთმეულ ქონებას სულ მას უფეშქაშებდა. კვანტალიანს იმ პირობით მისცეს ჩვენი შენობა, რომ 1 წელიწადში თუ იქ სასტუმროს არ განათავსებდა, ჩამოერთმეოდა. ერთი კი არა, 5 წელი გავიდა და იქ ერთი ლურსმანიც არ მიუჭედებიათ. შემდეგ ეს ქონება ამ ქალს წაართვეს და ებრაელებს მიჰყიდეს (როგორც ვიცი, 3,5 მილიონად). ჩემი კუთვნილი საწარმო ბაზა დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაა. როცა დამაპატიმრეს, მერე გავარკვიე, რომ თურმე მერაბიშვილის ფირმა "ნიუ ენერჯის" მოვუგე 2 ტენდერი. ესეც არ მაპატიეს. გამომძიებელმა ასე მითხრა, სხვის ტენდერებს ნუ ეთამაშებიო.

ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, შევიტანე სარჩელი პროკურატურაში, კუბლაშვილის სასამართლომ სარჩელი არ დამიკმაყოფილა, ხანდაზმულობის ვადა გასულია, აქამდე სად იყავიო. პროკურატურაში კი მითხრეს, ქონება გიჩუქებია და რას დავობო. რატომ უნდა გამეჩუქებინა ამხელა ქონება? უკან არ დავიხევ და მაინც გავიმარჯვებ. სამართალს აქ თუ ვერ ვიპოვი, სტრასბურგამდე მივალ. ადეიშვილი მერიდოს, არსად შემხვდეს, სადაც უნდა წავიდეს, ვიპოვი და გავუსწორდები! ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მეუღლემ ამხელა დამცირებას და უსამართლობას ვეღარ გაუძლო, ისე განიცადა, ინსულტი დაემართა და დღესაც მძიმე მდგომარეობაშია. ამას არავის ვაპატიებ!

არჩილ ნიჟარაძე, ზურაბ ფილიპიას ადვოკატი:

- ჩვენ სამოქალაო წესით მივმართეთ სასამართლოს, რომელსაც სარჩელით ვთხოვდით, დაედგინა, რომ ქონება იძულებით და მუქარით იყო გადაცემული, თუმცა სასამართლო დაეყრდნო ხანდაზმულობის ვადას - სასამართლო გადაწყვეტილებაში მოსამართლემ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის საქმეებზე არსებობს ხანდაზმულობის მხოლოდ ერთწლიანი ვადა და რადგან ეს ვადა გასული იყო, შესაბამისად, სარჩელიც არ დააკმაყოფილა. ეს არის აბსურდი, ვინაიდან მომხდარიდან ერთ წელიწადში, იგივე საფრთხეები არსებობდა და იგივე ადამიანები იყვნენ მაღალ თანამდებობებზე, რომლებმაც თავის დროზე ზურაბ ფილიპიას და მისი ოჯახის წინააღმდეგ განახორციელეს ვანდალური ქმედება, რასაც მოჰყვა როგორც ქონების დაკარგვა, ასევე ოჯახის წევრების ჯანმრთელობის სერიოზული დაზინება. რაც შეეხება სს დანაშაულს, ეს უნდა დაედგინა პროკურატურას, რომელსაც ასევე საჩივრით მივმართეთ, რათა გამოეძია აღნიშნული საკითხი და დაედგინა, თუ რა გარემოებების გამო გასცა ციხიდან პატიმარმა ადამიანმა მინდობილობები და სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა შთამბეჭდავი ქონება მაშინ, როცა მას თვითონ ჰქონდა ბანკების სერიოზული ვალები. საჩივრის პასუხად, პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ საქმეში ვერანაირ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ის პროკურორები, რომლებიც მონაწილეობდნენ ფილიპიას საქმეში, არა თუ დაისაჯნენ, დღესაც მაღალ თანამდებობებზე არიან. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა ზურაბ ფილიპიამ და მასავით დაზარალებულმა ადამიანებმა სამართალი იპოვონ, ვინაიდან, "არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა"!

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)