"დაადგინეს, რომ კი არ დაგორდა, შვილმა ცემაში ამოხადა სული" - შემზარავი ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"დაადგინეს, რომ კი არ დაგორდა, შვილმა ცემაში ამოხადა სული" - შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"დილას გამოსულა სახლიდან და მეზობლებისთვის უთქვამს, - მამაჩემი მოკვდაო. მეზობლებს რომ უკითხავთ, რა მოუვიდაო, უპასუხია, კიბეზე დაგორდა და თავი დაარტყაო..."

თელავის რაიონის სოფელ იყალთოში 43 წლის მამაკაცმა 76 წლის მამა ცემით მოკლა. სამართალდამცავთა ინფორმაციით ტრაგედია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი ვასილ არსენიშვილი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ადგილობრივების თქმით, მართალია შვილი ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ მამას ხშირად სტუმრობდა. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი კი ალკოჰოლი იყო. როგორც ახლობლები ამბობენ, შვილი ბევრს სვამდა, რის გამოც მამა საყვედურობდა, კონფლიქტიც ასე იწყებოდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შვილი მამას სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

მარინა, იყალთოს მკვიდრი:

- რაც ციხიდან გამოვიდა, სულ ჩხუბობდა. საცოდავი მოხუცი ბევრს ითმენდა, უვარგისი შვილი მშობლისთვის მაინც შვილია, ცდილობდა, როგორღაც ნორმალური ცხოვრებისკენ მოებრუნებინა, მაგრამ ვერაფერი გააწყო... ბიჭი გამუდმებით სვამდა. სვამდა და ჩხუბობდა. მამასთან არ ცხოვრობდა, თუმცა ხშირად მოდიოდა. არ ვიცი თავის ოჯახში რას აკეთებდა, მაგრამ აქ მოსული სულ შარზე იყო. ეს სწყალი მოხუცი კარგი ადამიანი იყო, დღე და ღამე მუშაობდა. პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ ხომ იცით, ყოველთვის არ ხდება, რომ კარგ მშობლებს კარგი შვილი ჰყავდეთ... როგორც უკვე გითხარით, ბიჭი ხშირად სვამდა, განსაკუთრებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ... ზუსტად რის გამო იხდიდა სასჯელს, არ ვიცი, მაგრამ აქამდეც რამდენჯერმე იჯდა ციხეში. არ უყვარდა საცოდავ ჯიმშერს ოჯახურ პრობლემებზე ლაპარაკი და არც ჩვენ ვეძიებოდით, რაში იყო საქმე. არ ვიცი, ხმაური გაიგო ვინმემ, თუ - არა, მე შორს ვცხოვრობ მათგან, მაგრამ კიდეც რომ გაეგო ვინმეს აურზაურის ხმა, მაინც არავის გაუკვირდებოდა, რადგან ბიჭი მამას მუდმივად ეჩხუბებოდა.

- ამ დროს ბიჭის დედა სად იყო?

- ბიჭის დედა ცალკე ცხოვრობს. იმ ღამეს გვიან მისულა... დილას გამოსულა სახლიდან და მეზობლებისთვის უთქვამს, - მამაჩემი მოკვდაო. მეზობლებს რომ უკითხავთ, - რა მოუვიდაო, უპასუხია, - კიბეზე დაგორდა და თავი დაარტყაო... სახლში რომ შევიდნენ, საწყალი ჯიმშერი დასისხლიანებული დახვდათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოუძახეს, რომელსაც პოლიცია მოჰყვა. დაადგინეს, რომ კი არ დაგორდა, შვილმა ცემაში ამოხადა სული. საწყალი კაცი ღამითვე მომკვდარა. ამბობენ, თავი აქვს დაზიანებულიო. როგორც ჩანს, ისეთი მთვრალი იყო, ვერ მოზომა. რა საშინელი ბედისწერა ჰქონია საწყალ კაცს - საკუთარი შვილის ხელით სიკვდილი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)