ფოტოგრაფის ცემაში ბრალდებული დააკავეს - კვირის პალიტრა

ფოტოგრაფის ცემაში ბრალდებული დააკავეს

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 4 მარტს, საღამოს, თბილისში, "ვარდების მოედანზე" მიმდინარე აქციის დროს, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ფოტოკორესპონდენტმა სხეულის დაზიანებები მიიღო და ასევე დაზიანდა მისი ფოტოაპარატი. დაკავებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ივანე ბეგიაშვილი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო