"ამბობენ, პირდაპირ თავში დაიხალა ტყვიაო" - რატომ მოიკლა 28 წლის პოლიციელმა თავი?!
"ბიჭი ბოლო დროს შეშლილივით დადიოდა. იმ დილასაც მამის სანახავად უნდა წასულიყო თურმე და წამალი მიეტანა; როგორც ჩანს, წამლის ფული აღარ ჰქონდა... როგორც გავიგე, სამსახურეობრივი იარაღით მოიკლა თავი"
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, 28 წლის შოთა ვაშაკიძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ თავი მოიკლა. რატომ უნდა დაესრულებინა პოლიციელს სიცოცხლე თვითმკვლელობით, ამაზე ლაპარაკი ახლობლებსა და კოლეგებს უჭირთ. შოთა ვაშაკიძე სოფელ ბანოჯაში ცხოვრობდა და მშობლიური სოფლიდან სამსახურში ყოველდღე დადიოდა. ამბობენ, რომ ის პასუხისმგებლიანი და გულთბილი ადამიანი იყო. "რთული ცხოვრება კი ჰქონდა, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე დაასრულებდა." - გვითხრა მისმა თანასოფლელმა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური პრობლემები გამხდარიყო. აი, რას ყვება მისი თანასოფლელი (გვარ-სახელი შეცვლილია).
ლადო მხეიძე:
- შეძრწუნებული ვართ მომხდარით, უწესიერესი ბიჭი იყო, მხიარული და თბილი. ოჯახიც არაჩვეულებრივია, შოთას მამაც ყოფილი პოლიციელია, - ათასი უბედურება გამოიარა იმ კაცმა, აფხაზეთის ომში იბრძოდა: - კაცები ომობენ და მე სოფელში, ბუხართან რა გამაჩერებსო!.. წავიდა და ბოლომდე იომა. ომში მძიმედ დაიჭრა, მაშინ კი გადარჩა და ფეხზეც დადგა, მაგრამ ომიდან დაბრუნებულს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს - უბედური შემთხვევის შედეგად, 5 წლის შვილი დაეღუპა... შოთა იყოს მაგის იმედი. უკვე ასაკში ალბათ ამდენი დარდისა და ნერვიულობის მიზეზით ჭრილობებმა გაუხსენა და ერთბაშად წაიქცა კაცი. ეგონათ, ვუმკურნალებთ და მდგომარეობიდან გამოვაო, მაგრამ სულ უარესად და უარესად ხდებოდა... როგორც ამბობენ, ფილტვები ისე დაუსუსტდა, აპარატის გარეშე ვეღარ სუნთქავდა... ქუთაისის სავადმყოფოში იწვა, აპარატზე შეერთებულ კაცს საავადმყოფოში ისე ვინ გააჩერებს, ფული თუ არ გადაიხადა... ან საავადმყოფომ რა ქნას, - ყველაფერი რომ მიუშვას, მაშინ უნდა დაიხუროს და ეგ იქნება. საწყალ კაცს ომში მონაწილის მცირე დახმარება კი ჰქონდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია საავადმყოფოს ხარჯებთან შედარებით. ამიტომ რაღაც-რაღაცების გაყიდვა დაიწყეს ოჯახიდან, თან ფულს სესხულობდნენ, მაგრამ როდემდე ისესხებდნენ, ვალს გადახდა ხომ უნდოდა... ამ მდგომარეობაში ჩავარდანას არავის ვუსურვებ.
- შოთამ ამის გამო მოიკლა თავი?
- სოფელში ვინც მათი მდგომარეობა იცოდა, ყველა ამბობს, რომ ეს არის თვითმკვლელობის მიზეზიო. დანამდვილებით გამიჭირდება მტკიცება, მაგრამ იმ ბიჭს სხვა მიზეზი არ ჰქონია... სამსახურში ამას არ შეიმჩნევდა, თავმოყვარე კაცი იყო, უღონობას არავის დაანახებდა, მაგრამ ყველაფერი ერთად რომ დაემხო თავზე, როგორც ჩანს, გადაუტრიალდა ფსიქიკა! ადამიანს მეტი კი არ უნდა... გარშემოც ხომ ყველაფერი ისეა აწყობილი, ჩვენს გაგიჟებას აღარაფერი უნდა! ბიჭი ბოლო დროს შეშლილივით დადიოდა. იმ დილასაც მამის სანახავად უნდა წასულიყო და წამალი მიეტანა თურმე; როგორც ჩანს, წამლის ფული აღარ ჰქონდა. ამბობენ, წასასვლელად კი მომზადებულა, მაგრამ... როგორც გავიგე, სამსახურეობრივი იარაღით მოიკლა თავი, ამბობენ, პირდაპირ თავში დაიხალა ტყვიაო. ადამიანი მართლა რკინა ხომ არ არის, ყველაფერს რომ გაუძლოს!
ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის )
საქმეს პროკურატურა იძიებს. როგორც ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.