"ტელევიზიები სულ ამაზე ლაპარაკობენ, გაკრულია მათი სურათები" - საბერძნეთში ათი ქართველი დააკავეს - კვირის პალიტრა

"ტელევიზიები სულ ამაზე ლაპარაკობენ, გაკრულია მათი სურათები" - საბერძნეთში ათი ქართველი დააკავეს

"აქაური კანონები მკაცრია და როგორც ამბობენ, ციხეშიც მძიმე პირობებია, განსაკუთრებით უცხოელებისთვის, თუმცა არ გამიკვირდება თავის დაძვრენა მოახერხონ, საბერძნეთში კორუფცია ყვავის, ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება..."

"აქ ვინც ვართ, უმეტესობა საკუთრი ნების საწინააღმდეგოდ ვართ, ვის უხარია შვილების დატოვება?! 8 და 6 წლის ქალ-ვაჟი დავტოვე საქართველოში, 7 წელია შვილები არ მინახავს, კომპიუტერის ეკრანზე ვუყურებ როგორ იზრდებიან... ესაა ცხოვრება?!"

ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 25 თებერვალს, საბერძნეთის პოლიციის მიერ ძარცვაში ბრალდებული ჯგუფის დაკავებას, რომლის წვერებიც ქართველები აღმოჩნდნენ. ათი ადამიანის ვინაობა და ფოტოები ოფიციალურად გასაჯაროვდა. ერთი მათგანი ცნობილი მოჭიდავე ავთანდილ ხანთოპულოსია. ათი დაკავებულიდან ოთხი ქალია. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბრალდებულები საბერძნეთის ატიკას რეგიონში სახლებში მომვლელებად მუშაობდნენ, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს სახლის და მათი ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. მამაკაცები კი შემდეგ სახლებს ძარცვავდნენ.

წინასწარი გამოძიებით, გამოვლენილია მინიმუმ ორი ქურდობის შემთხვევა, რა დროსაც ძარცვაში მონაწილეები საძილე საშუალებებს იყენებდნენ. ერთ-ერთი დანაშაული 2015 წლის 19 იანვარს მოხდა, კერძოდ, მძარცველებმა 74 წლის მოხუცის სახლიდან 3 600 ევრო მოიპარეს. ძალადობის და მუქარის გამოყენებით, გაქურდეს კიდევ ერთი 83 წლის მოხუცი ქალაქ მარუსიშიც, საიდანაც 2 000 ევრო წაიღეს.

მოგეხსენებათ, საბერძნეთში ლუკმა-პურის საშოვნელად არაერთი ჩვენი მოქალაქეა წასული, ბუნებრივია მომხდარი, მათ ისედაც არცთუ დალხენილ ცხოვრებაზე, დადებითად ნამდვილად არ აისახებოდა.

ჩვენ ერთ-ერთ მათგანს - 38 წლის ლია ბიაშვილს დაუკავშირდით, რომლიც 7 წელია საბერძნეთში ცხოვრობს და მუშაობს.

- სამწუხარო ამბავი მოხდა, რაც აქ ვარ, აქამდეც იყო ამ ტიპის ძარცვის 1-2 შემთხვევა, რომელშიც ქართველები მონაწილეობდნენ, მაგრამ ამდენი ადამიანი ერთად პირველად დააკავეს. ბოლო დღეებია ტელევიზიები სულ ამაზე ლაპარაკობენ, გაკრულია მათი სურათები იმ მიზნით, რომ ეს ადამიანები სხვა, სავარაუდო, დაზარალებულებმაც ამოიცნონ. ჩვენ აქ უამარავი პატიოსანი ქართველი ლუკმა-პურს მძიმე შრომით ვშოულობთ, მაგრამ ამგვარი შემთხვევები ჩვენც გვიტეხს სახელს. ამჯერად სასიამოვნო მოხუც ცოლ-ქმარს ვუვლი, სიმართლე გითხრათ, მომხდარის გამო მრცხვენია ამათი, თუმცა კარგი და ცუდი ყველა ერშია. რა, ბერძენი მძარცველები და დამნაშავეები არ არსებობენ?! რა თქმა უნდა, არსებობენ, მაგრამ უცხოელის ჩადენილ დანაშაულს სხვანაირად აფასებს ყველა. ან რა გასაკვირია, საქართველოშიც ასე არ მოხდება ვითომ? აქ ეკონომიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა, როგორც ჩანს, ამდენი უცხოელის შეფარება ამათაც მაგრად ამოუვიდათ ყელში, ბოლო ხანს აშკარად გაფუჭდა ჩვენდამი დამოკიდებულება. ამ ექვსი თვის წინ დავკარგე სამსახური, ის ბებია, ვისაც ვუვლიდი, გარდაიცვალა, ახალი სამსახურის მოძებნა ძალიან გამიჭირდა, სამსახურზე რომ ვრეკავდი, უმეტესწილად მეჩხუბებოდნენ და მლანძღვადნენ - საიდანაც ჩამოსულხარ, იქ წაეთრიეო, რას ვიზამთ, ამაზე უარესის ატანაც უწევს ხალხს... ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ უარყოფით დამოკიდებულებას ალბათ.  აქ ვინც ვართ, უმეტესობა საკუთრ ნების საწინააღმდეგოდ ვართ, ვის უხარია შვილების დატოვება, 8 და 6 წლის ქალ-ვაჟი დავტოვე საქართველოში, 7 წელია შვილები არ მინახავს, კომპიუტერის ეკრანზე ვუყურებ როგორ იზრდებიან... ესაა ცხოვრება?! მაგრამ მანდ რომ ვყოფილიყავი, შეიძლება შიმშილით დავხოცილიყავით ყველა ერთად. ქართულ საიტებს ვნახულობ და ვიცი, ზოგჯერ განგვიკითხავენ იმისთვის, რომ წამოვედით, მაგრამ მე მანდაც უამრავი რამ ვცადე, არაფერი მითაკილია, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ვინც დააკავეს, მაგათ გამართლება არ აქვთ, როგორ შეიძლება ოჯახში შეხვიდე, ადამიანების ნდობა მოიპვო და ასე გაყიდო მერე?! აქაური კანონები მკაცრია და როგორც ამბობენ, ციხეშიც მძიმე პირობებია, განსაკუთრებით უცხოელებისთვის, თუმცა არ გამიკვირდება თავის დაძვრენა მოახერხონ, საბერძნეთში კორუფცია ყვავის, ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება...

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)