"შვილმა დედას ოჯახის ღალატი არ აპატია და საყვარელი ადამიანი თვალწინ მოუკლა" - კვირის პალიტრა

"შვილმა დედას ოჯახის ღალატი არ აპატია და საყვარელი ადამიანი თვალწინ მოუკლა"

"ბიჭი თურქეთში იყო სამუშაოდ წასული, მონასავით მუშაობდა თურქებთან და ჩამოვიდა თუ არა, ამბავი დაახვედრეს, - დედაშენი ამა და ამ კაცთან ერთად გაიქცა თბილისშიო. ისიც იმ ღამესვე გაიქცა მატარებლით თბილისში..."

"მშობლები შვილებს რომ ელაპარაკებოდნენ, ყველაფერს უხსნიდნენ, იქნებ, ასეთი ტრაგედიები არ დატრიალებულიყო..."

კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა -  20 წლის ბიჭმა მამინაცვალი დედის თვალწინ მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 1996 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ავლაბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 1976 წელს დაბადებული მამინაცვალი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ის, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში დააკავეს. ნაპოვნია მკვლელობის იარაღიც - გადაჭრილი თოფი. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს. ბრალდებული ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთიდანაა. აი, რას ყვებიან მომხდარ ტარგედიაზე მისი თანასოფლელები:

ომარ მაკალათია, სოფელ მაკვანეთის მცხოვრები:

- ეს უბედურება, ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ მზადდებოდა, მაგრამ პროცესები ისე აეწყო, რომ მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. პირადად ჩემი და მთელი სოფლის აზრითაც, მაგ საქმეში მარტო გარდაცვლილი არ არის მსხვერპლი, მსხვერპლია მკვლელიც, რომელიც მხოლოდ 20 წლისაა. ახლა ციხეში ამ დანაშაულისთვის იმდენ წელიწადს ჩასვამენ, რომ კაცმა არ იცის იქიდან რა მდგომარეობაში გამოვა, ფიზიკურად და სულიერად... რასაც ახლა ვიტყვი, ზოგი ალბათ გოიმობად ჩამითვლის, მაგრამ ეს სულ არ მაინტერესებს, ჩემი აზრით, მკვლელის დედა იმაზე რომ დაფიქრებულიყო, 20 წლის შვილი მყავს და ჩემი საქციელით მის წინაშეც ვარ პასუხისმგებელიო, ეს უბედურება არ მოხდებოდა.

- რას გულისხმობთ?

- შვილმა დედას ოჯახის ღალატი არ აპატია და საყვარელი ადამიანი თვალწინ მოუკლა. ამ უბედურების თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ეს ორი ადამიანი შვილების თავმოყვარეობაზე რომ დაფიქრებულიყო! ეს საქმე იქიდან დაიწყო, რომ 2 წლის წინ ჩვენს სოფელში საცხობი გაიხსნა, სადაც ორმა ქალმა დაიწყო მუშაობა, ერთი ჩვენი სოფლელი - ბრალდებულის დედაა, მეორე კი მოშორებული სოფლიდან - შემოქმედიდან დადიოდა. შემოქმედელს საღამოს მუშაობას რომ დაამთავრებდა, ქმარი აკითხავდა მანქანით და სახლში მიჰყავდა. ჩვენს სოფლელ ქალს კი ქმარი საბერძნეთში ჰყავდა სამუშაოდ. ქალებმა როგორც იციან ხოლმე, ეს ორიც მალე დამეგობრდა, ერთმანეთის ოჯახებში დაიწყეს სიარული და დროსტარება. ამასობაში ამ ჩვენ სოფლელ ქალსა და იმ შემოქმედელის ქმარს შეუყვარდათ ერთმანეთი. მოკლედ, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ერთმა ქალმა მეორეს ქმარი წაართვა! კაცმა დატოვა ცოლი და 2 შვილი, მათ შორის ერთი ინვალიდი ბავშვი და ჩვენს თანასოფლელ ქალთან ერთად, თბილისში გაიქცა!

ლოლა კუტუბიძე, მაკვანეთის მცხოვრები:

- მრცხვენია სხვისი განსჯა, მაგრამ მეც 20 წლის შვილი მყავს, მეცოდება ბიჭი მკვლელად რომ იქცა. მშობლები შვილებს რომ ელაპარაკებოდნენ, ყველაფერს უხსნიდნენ, იქნებ, ასეთი ტრაგედიები არ დატრიალებულიყო... ახლა რა გამოვიდა, ბიჭი თურქეთში იყო სამუშაოდ წასული, მონასავით მუშაობდა თურქებთან და ჩამოვიდა თუ არა, ამბავი დაახვედრეს, - დედაშენი ამა და ამ კაცთან ერთად გაიქცა თბილისშიო. ისიც იმ ღამესვე გაიქცა მატარებლით თბილისში; ხალხი ამბობს, საღამოს თოფს დაეძებდა - ხვალ სანადიროდ მივდივარ და თოფი მათხოვეთო. მეზობელი ენდო და თოფი ათხოვა, - ლაშა ჩვენს სოფელში  წესიერებით და პატიოსნებით იყო ცნობილი და თოფს რატომ დაუკავებდნენ?! მან ის თოფი რაღაც უბედურებით გადაჭრა და საშინელი ტრაგედია დაატრიალა. დილაუთენია დაადგა იმ კაცსა და დედამისს, კაცი ხომ ჩაცხრილა, დედა საშინლად სცემა...

- ალბათ ამ ტრაგედიის პასუხისმგებლობა იმ ადამიანმაც უნდა აიღოს თავზე, ვინაც ბიჭს ეს ამბავი გაუმხილა.

- უნდა აიღოს, მაგრამ ბოროტებას რა გამოლევს. ეგ კი არა, იმასაც ამბობენ, საბერძნეთში წასული მამაც აქეზებდა, დედაშენზე რაღაც-რაღაცებს აქ მირეკავენ და იცოდე, არ აპატიოო! თუ ცოლის კონტროლი უნდოდა, თავად ვერ აკონტროლა? - საბერძნეთში რაღას გარბოდა! რა ვიცი, ასე მგონია, რომ ბიჭი მშობლებმა დაღუპეს!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)