”არ ვიცი, რამ გაამხეცა ასე, რომ ცოლი საკუთარი ხელებით გაგუდა” - მორიგი ტრაგედია თბილისში - კვირის პალიტრა

”არ ვიცი, რამ გაამხეცა ასე, რომ ცოლი საკუთარი ხელებით გაგუდა” - მორიგი ტრაგედია თბილისში

”ხმაურზე მაზლი რომ გამოსულა, სუზი უკვე გარდაცვლილი ყოფილა. ცოლი მოვკალიო. - უთქვამს ძმისთვის.”

”ამბობენ, რომ ეჭვიანობდა, მაგრამ არ მესმის, როგორ უნდა იეჭვიანო ქალზე, რომელიც თავს გევლება, რომლისთვისაც ოჯახი უპირველესია.”

”უპატიოსნესი გოგო იყო სუზი. უსიტყვო და ძალიან კეთილშობილი. დილიდან საღამომდე დაუღალავად შრომობდა, რათა ოჯახს არაფერი მოკლებოდა. შოკში ვართ მომხდარით, რის გამო უნდა გაემეტებინა ჩიტივით უწყინარი ადამიანი?!” - ამბობს 32 წლის, ქმრის მიერ მოკლული, ქალბატონის ახლობელი. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მორიგი მკვლელობა თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე მოხდა.. გამოძიების ინფორმაციით, გამთენიისას ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

მარიანა, ოჯახის ახლობელი:

- სუზი ისეთი თბილი და ოჯახის მოყვარული გოგო იყო, ამისთანა რამეს როგორ ვიფიქრებდით. სულ ქმარზე ლაპარაკობდა, მასზე ზრუნავდა. პატარა ბავშვივით დაჰფოფინებდა თავს. სულ იმას ნერვიულობდა, - რაფიკას უნდა მივხედოო. არც იმ ბიჭისთვის შეგვიმჩნებია რამე ცუდი. ჩვეულებრივი მშრომელი ბიჭი იყო. სუზი ისეთი უსიტყვო გოგო იყო, რამე უსიამოვნება რომ ჰქონდიათ ოჯახში, მაინც არ იტყოდა. მათი სახლიდან გამოსული ხმაური არასდროს გაგვიგია.

- შვილი ჰყავთ?

- დიახ, 13 წლის ბიჭი ჰყავთ... საწყალი ბავშვი ისეთ დღეშია... ძალიან ვნერვიულობთ მასზე. ისეთი თვალები აქვს, გული მოგიკვდება. ერთ დღეში დაკარგა ორივე მშობელი. არ ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს იმ სახლში, სადაც მამამ დედა მოუკლა...

- რა გახდა მკვლელობის მოტივი?

- ამბობენ, რომ ეჭვიანობდა, მაგრამ არ მესმის, როგორ უნდა იეჭვიანო ქალზე, რომელიც თავს გევლება, რომლისთვისაც ოჯახი უპირველესია. ახლა ლაპარაკობენ რაღაც მიზეზებზე, ეტყობა მისცა ქმარს მიზეზიო, რა მიზეზი უნდა მიეცა, როდესაც ოჯახზე იყო გადაყოლილი... რაფიკამ ცოლის წარსულიც კარგად იცოდა, რადგან გათხოვებამდე ისიც ჩვენს უბანში ცხოვრობდა.

- როდესაც ტრაგედია მოხდა, შინ მარტო ცოლ-ქმარი იყო?

- არა, სუზის მაზლიც სახლში ყოფილა... არ ვიცი რამ გაამხეცა ასე, რომ საკუთარი ხელებით გაგუდა ცოლი, რომელთანაც ამდენი წელი იცხოვრა. ხმაურზე მაზლი რომ გამოსულა, სუზი უკვე გარდაცვლილი ყოფილა. ცოლი მოვკალიო- უთქვამს ძმისთვის. გაქცევა არც უცდია. ეტყობა, მოვიდა გონზე და მიხვდა რაც ჩაიდინა. …… …

პ.ს. 2014 წლის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლულია 28 ქალი, დაობლებულია არაერთი პატარა. ამ საშინელ სტატისტიკას კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: SOS! ქალები, რომლებიც 2014 წელს ოჯახურ ძალადობას ემსხვერპლნენ