14 წლის მოზარდის აუხსნელი გარდაცვალება - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?! - კვირის პალიტრა

14 წლის მოზარდის აუხსნელი გარდაცვალება - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?!

"რამდენიმე ადამიანმა ნახა სოფლის მაღაზიაში როგორ შევიდა და 4 პური იყიდა. თან უცხო ბიჭები ახლდა, რომელთაგან გამყიდველმა ვერც ერთი ვერ იცნო."

"ვინც იპოვა, ის ყვება, რომ ბიჭი ისეთ ხეზე იყო ჩამოკიდებული, რომელიც თვითონაც სახრჩობელას ჰგავს, შემზარავი ფორმა აქვს - შეიძლება ქვემო ტოტებზე ისე დადგე, რომ ზემო ტოტებზე თოკი სულ ადვილად ჩამოაბა! ან ეს ხე როგორ მოძებნეს?!"

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ჭალა ერთდროულად 2 ენითაუწერელი ტრაგედიის მოწმე გახდა, - იმ საღამოს, როცა სოფელმა ამერიკაში გარდაცვლილი კურსანტი ბესო გორჯოლაძე დაიტირა, 14 წლის თორნიკე გახელაძე გაუჩინარდა. როცა დაკრძალვიდან შინდაბრუნებულ დედას შვილი შინ არ დახვდა, იფიქრა, რომ თორნიკე კვლავ მეგობარის დასახმარებლად იყო წასული - ადრე დაობლებულმა ბიჭმა კაცობის ტვირთი ნაადრევად იტვირთა, ოჯახსა და მეგობარებს სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდა. ბიჭი რომ არა და არ გამოჩნდა, დედამ შვილს იმ მეგობართან მიაკითხა, რომელთანაც ეგულებოდა. ბიჭი მეგობართან არ აღმოჩნდა. ქალმა რამდენიმე ოჯახი კიდევ შემოიარა და როცა შვილი ვერსად იპოვა, სოფელი შეყარა. სოფელი თორნიკეს, უფროს ძმასა და დედასთან ერთად, ორ დღეს ეძებდა. ბოლოს ბიჭი მეზობლებმა სოფლის მახლობლად მდებარე ტყეში ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. ტრაგედიამ, რომელსაც, სოფლის აზრით, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, ქვემო ჭალელები შოკში ჩააგდო.

მარინა ს. სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი:

- ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს ცა ჩამოგვექცა. თორნიკეს მამა 9 წლის წინ გარდაეცვალა. დედას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა გასაზრდელი. ამ ქალმა, რომელიც თავისი პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის გამო მთელ სოფელს გვიყვარს, სანიმუშო შვილები გაზარდა. თორნიკე სოფლის თვალი იყო, ვისაც რა უნდა ეთხოვა, მზად იყო მხარში ამოდგომოდა! ამ გაზაფხულსაც დიდი კაცივით ეხმარებოდა მეგობრებს ბარვაში. ეს რატომ უნდა მომხდარიყო? როგორ შეიძლებოდა, ასეთი კარგი ბიჭი ასე უმიზეზოდ მომკვდარიყო?!

- როგორც ცნობილია, თორნიკე გაუჩინარების დღეს სოფლის მაღაზიაში შენიშნეს, მას თან ორი უცხო მოზარდიც ახლდა...

- კი, ასეა, რამდენიმე ადამიანმა ნახა სოფლის მაღაზიაში როგორ შევიდა და 4 პური იყიდა. თან უცხო ბიჭები ახლდა, რომელთაგან გამყიდველმა ვერც ერთი ვერ იცნო. მაღაზიასთან სკოლის დარაჯიც იყო, რომელიც ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს იცნობს, თუმცა ეს ბიჭები მანაც ვერ იცნო; თუმცა გარდა უცხო მოზარდებისა, საეჭვო არავის არაფერი შეუნიშნავს, ეს ბიჭები არ კამათობდნენ და არანაირად არ იქცევდნენ ყურადღებას. რამე საეჭვო რომ შეენიშნათ, სოფელი ისეთია, მაგათ უმეთვალყურეოდ არ გაუშვებდა. ჩვეულებრივად პური იყიდეს და წყნარად გამოვიდნენ მაღაზიიდან. გზაზე კიდევ ერთმა ჩვენმა თანასოფლელმა დაინახა, - ბიჭი ჩვეულებისამებრ მომესალმა, ვიღაც ორი ბიჭი წინ მიდოდა, თორნიკე კი უკან მიყვებოდაო.

- როგორც ცნობილია თორნიკე სოფლის მახლობლად მდებარ ტყეში იპოვეს...

- კი, ალბათ იქ მიდოდნენ, მაგრამ რატომ? ჩვენი სოფლიდან ამ ტყემდე 2 კილომეტრია. თუ სპეციალურად არ დაისახე მიზნად იქ მისვლა, შემთხვევით, გზად იქ ვერ მოხვდები. რატომ უნდა წასულიყო ბიჭი ტყეში, არავინ იცის...

თორნიკეს ინტერნეტიც არ ჰქონდა, რომ ისე დაახლოებოდა ვიღაც უცნობ ბიჭებს, რომ მათთან ერთად ტყეში ევლო. არიან ბიჭები, რომლებიც გარშემო ყველასთან დაახლოებას ცდილობენ და ბევრი ნაცნობი ჰყავთ, თორნიკე ასეთი არ იყო, - თავის საქმე ჰქონდა, სწავლობდა და ოჯახს ეხმარებოდა. ყველას გულს გვიკლავს დედამისის საცოდაობა...

- ბოლო დროს რეგიონებში სექტების არსებობაზე ვრცელდება ხმები, თქვენთანაც ხომ არ ხდება მსგავსი რამ?

- ქვემო ჭალა საზღვრისპირა სოფელია, აქ ნამდვილად არავის აქვს სექტების ჩამოყალიბების დრო და სურვილი. ვინც იპოვა, ის ყვება, რომ ბიჭი ისეთ ხეზე იყო ჩამოკიდებული, რომელიც თვითონაც სახრჩობელას ჰგავს, შემზარავი ფორმა აქვს - შეიძლება ქვემო ტოტებზე ისე დადგე, რომ ზემო ტოტებზე თოკი სულ ადვილად ჩამოაბა! ან ეს ხე როგორ მოძებნეს?!

- ფიქრობთ, რომ თორნიკემ თავად კი არ მოიკლა თავი, სხვამ მოკლა?

ომარ დ. ქვემო ჭალის მკვიდრი:

- ვითარება ისეთი ბუნდოვანია, ეჭვი ბუნებრივად ჩნდება... იმასაც ამბობენ, თორნიკეს ე.წ. კანაფის თოკი სახლიდან თავად ჰქონდა წაღებული, რომელიც ადრე ეზოში, ხეივანზე ჰქონიათ ჩამობმული, მერე კი აუხვევიათ და შეუნახავთ; ამასთანავე, ბიჭი იმგვარად იყო ჩამოკიდებული, რომ თოკის ყულფი კისერზე გამოსკვნილი კი არ ჰქონდა, იფიქრებდი, ვიღაცამ უკვე გარდაცვლილი ხეზე აიყვანა და გამზადებელ თოკზე ჩამოადებინაო ნიკაპიო.…იქვე ლუდის ბოთლები და სიგარეტის ნამწვებიც ეყარა. თუ ბავშვი მოკლეს, მკვლელი იქ სიგარეტის ნამწვს ხომ არ დატოვებდა, ბავშვმაც კი იცის, რომ მკვლელი სიგარეტის ნამწვითაც მოიძებნება...…

შსს-ს ინფორმაციით, თორნიკე გახელაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)…