თურქეთში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა - "ეს ერთი ბიჭი გვყავდა ოჯახს იმედად" - კვირის პალიტრა

თურქეთში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა - "ეს ერთი ბიჭი გვყავდა ოჯახს იმედად"

"არც ისეთი დიდი ფული მიჰქონდა, რომ ვინმეს ამის გამო მოეკლა, ფაქტია, რომ რაღაც მოხდა."

"მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სტამბულის მორგში გადასვენების შემდეგ გავრცელდა. სტამბულის გარეუბანში, რომელიღაც სასტუმროში უპოვიათ."

თურქეთში, ქალაქ სტამბულში, გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის ირაკლი ტაბაღუა დაიღუპა. ახლობლების თქმით, ის თურქეთში დაახლოებით ორი კვირის წინ, პირადი საქმისთვის ჩავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ოჯახის წვერები მასთან დაკავშირებას რამდენიმე დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ. რამდენიმე დღის წინ კი, ტაბაღუების ოჯახს აცნობეს, რომ მათი ვაჟი, თუქრეთში დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვნეს... ახლობლები ეჭვობენ, რომ ირაკლი მოკლეს.

დათო, ირაკლი ტაბაღუას მეგობარი:

- ირაკლი ახლახანს წავიდა თურქეთში. ორი კვირაც არ იქნება. ცოტა ფული ჰქონდა და სტამბულში რაღაცეების შეძენა უნდოდა, სახლისთვის, შვილებისთვის. თუმცა, მას შემდეგ, რაც წავიდა, დაიკარგა. მის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით. მთელი ოჯახი ეძებდა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. ხვდებოდნენ, რომ რაღაც საფრთხეში იყო, მაგრამ მის სიკვდილს მართლა არავინ ელოდა. არც ისეთი დიდი ფული მიჰქონდა, რომ ვინმეს ამის გამო მოეკლა, ფაქტია, რომ რაღაც მოხდა.

- ცნობილია თუ არა, სავარაუდოდ რა ვითარებაში დაიღუპა?

- რა მოხდა, არავინ იცის. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ სტამბულის მორგში გადასვენების შემდეგ. სტამბულის გარეუბანში, რომელიღაც სასტუმროში უპოვიათ. მისი ცხედარი ჯერ გადმოსვენებულიც არ არის და არც სხეულის დაზიანებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა, ფაქტია, რომ მარტო არ იქნებოდა, სავარაუდოდ, ვიღაცები ახლდნენ. 34 წლის ბიჭს არაფერი სჭირდა საიმისო, რომ ასე უცებ გარდაცვლილიყო.

- შვილები ჰყავს?

- დიახ, 3 გოგონა ჰყავს. 13, 10 და 8 წლის... ულამაზესი ბავშვები არიან. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს. ძალიან პატარები იყვნენ ოჯახი რომ შექმნეს და ძალიან ბერ განსაცდელს გაუძლეს ერთად და საწყალი გოგო, მაინც მარტო დარჩა ამდენი პრობლემის წინაშე. ირაკლის დედა ისეთ დღეშია, რამდენჯერმე დაგვჭირდა სასწრაფოს დახმარების გამოძახება. მამამისი, საცოდავი ანზორი ძალიან მშრომელი, კეთილი კაცია. გული დაგეწვება იმ მოხუცის კაცის საცოდაობით. მიწაზე ეგდო და ქალივით მოთქვამდა, - ეს ერთი ბიჭი გვყავდა ოჯახს იმედად და ესეც გამოგვეცალა ხელიდანო.

- ირაკლის და-ძმა არ ჰყავს?

- კი, ორი და ჰყავს. ამ ერთ ბიჭს იყვნენ გადაყოლილები, დედ-მამა, დები და მეუღლე. არ ვიცი, ოჯახი რას იზამს, დაინტერესდება თუ არა მის გარდაცვალების გარემოებებით...

- ირაკლი მუშაობდა სადმე?

- ახლა უმუშევარი იყო. ადრე პოლიციაში მუშაობდა... ოჯახს ნამდვილად არ ულხინდა... გადმოსვენების ხარჯებს სტამბულში საქართველოს საკონსულო ფარავს. იმაზეც დარდობდნენ ოჯახის წევრები, - მკვდარი შვილის სახლში "დაბრუნებაც" რომ სანატრებელი გექნებაო...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)