სასტიკი მკვლელობა სიმღერის გამო?! - კვირის პალიტრა

სასტიკი მკვლელობა სიმღერის გამო?!

"ჭიშკრიდან ერთ ნაბიჯში, ჩუგოშვილების ეზოში სისხლის გუბე იდგა. იქ ჩაკეცილა ის უბედური ჯაბა..."

გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადგილობრივმა მცხოვრებმა 26 წლის გია ჩუგოშვილმა, მეტსახელად "მესკეტამ," 25 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი დანით დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილია და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება გარდაცვლილის მამა, ნოდარ ელიზბარაშვილიც, რომელიც ამ ფაქტს თავად შეესწრო.

მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც ამბობენ, მამა-შვილი ღამის 3 საათზე ჩუგოშვილს სახლში მიუვარდა. მათ შორის დაწყებული ჩხუბი კი სისხლისღვრით დასრულდა.

როგორც ბრალდებულის ახლობლები ამბობენ, გია ჩუგოშვილი ნასვამი შუაღმეს მივიდა შინ და დაიძინა. მანამდე კი მას დაპირისპირება მამა-შვილ ელიზბარაშვილებთან სიმღერის გამო მოუვიდა. ჩუგოშვილის ახლობლების თქმით, მან სიმღერით ჩაიარა ელიზბარაშვილის ეზოსთან, რის გამოც შენიშვნა მისცეს, სავარაუდოდ, შელაპარაკება იქ დაიწყო. სადღაც ერთი საათის შემდეგ ჩუგოშვილების სახლში მასთან მამა-შვილი ელიზბარაშვილები მივიდნენ და ჩხუბი დაიწყეს, სახლიდან გია დანით გამოვიდა და ტრაგედიაც დატრიალდა. კონფლიქტის ზუსტ მიზეზზე ვერავინ ლაპარაკობს.

ჩუგოშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალადამცავებმა ის მეორე დღეს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალედბული დანაშაულს აღიარებს.გია ჩუგოშვილი ნასამართლევია, ციხიდან ამნისტიით იყო გამოსული გარდაცვლილიც, რომელიც ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს.

აი, რას ყვება მათი მეზობელი:

- ზოგი ამბობს გია მღეროდა და ჯაბამ მისცა შენიშვნაო, ზოგი პირიქით ამბობს, მოკლედ, გაუგებარია ზუსტად რა მოხდა. ფაქტია, ურთერთშელაპარაკება მოსვლიათ, რა ილაპარაკეს ასეთი, არავინ იცის, რადგან არავის მოუსმენია, მაგრამ იციან, რომ დაპირისპირება მოხდა, თუმცა, მერე დაშლილან... ერთად გაზრდილები არიან. ერთ უბანში ცხოვრობენ, გზაჯვარედინია და ქუჩის ერთ მხარეს გარდაცვლილის ოჯახი ცხოვრობს, მეორე მხარეს - ეჭვმიტანილი... ერთი სიტყვით, გია სახლში განერვიულებული მოსულა, მალევე მამა-შვილი, ჯაბაც და ნოდარი იქ მისულან და კამათი გაგრძელებულა ჭიშკართან.

- ეს ბიჭი სახლში მარტო იყო?

- არა, დედ-მამა, ძმა და მამიდაც სახლში ყოფილან, მაგრამ დედას უფიქრია, უფროსი ძმაც არ გამოვიდესო და იმისკენ გაქცეულა... შელაპარაკება ჩუგოშვილების ჭიშკართანვე მომხდარა, რადგან ჭიშკრიდან ერთ ნაბიჯში, ჩუგოშვილების ეზოში სისხლის გუბე იდგა, იქ ჩაკეცილა ის უბედური ჯაბა... იქვე დაუჭრია, ჯაბას მამაც, რომელიც, სიკვდილს ებრძვის.

- მათ შორის ადრეც ხომ არ ყოფილა რამე დაპირისპირება?

- მე არაფერი გამიგია, თუმცა სოფელში ამბობენ, რომ სიმთვრალისას ადრეც რამდენჯერმე შეკამათნენ გია და ჯაბაო. ახლა კონფლიქტი სიმღერის გამო მოხდაო, გოგნებულები ვართ, სიმღერის გამო ასე როგორ გაიმეტეს ერთმანეთი... ჩვენს უბანში პირველი ხომ არ იყო, რომ ნასვამმა სიმღერით ჩაიარო. ამბობენ, რომ ელიზბარაშვილებსაც თან დანა ჰქონდათ... ორივე ჩვენს უბანში, ჩვენს თვალწინ გაზრდილი ბაშვები იყვნენ, და არავის უხარია ასეთი რამ. ჩვენს უბანში პირველი ხომ არ იყო, რომ ნასვამმა სიმღერით ჩაიარო. ის საწყალი კაციც, ნოდარი, ალბათ აშველებდა, თორემ ვერ დავიჯერებ, ბიჭები წაექეზებინა, - ერთმანეთი დახოცეთო...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)