"კიწმარიშვილის საქმის ოთხი ახალი მოწმე უკვე დაკითხეს" - კიწმარიშვილები ივანიშვილის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"კიწმარიშვილის საქმის ოთხი ახალი მოწმე უკვე დაკითხეს" - კიწმარიშვილები ივანიშვილის წინააღმდეგ

"საქმე გვაქვს პროფესიონალი "ქილერების" მიერ შესრულებულ მკვლელობასთან"

"ივანიშვილს რომ ეთქვა, უკმაყოფილოა გამოძიების გაჭიანურებით, ეს უფრო გამართლებული იქნებოდა"

"მაესტრო" ალბათ თვითონ გაარკვევს, რა ხდება მასა და ყოფილ პრემიერს შორის"

რამდენიმე დღის წინ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და გარადაცვლილ მედიამაგნატს არაობიექტური მედიის შექმნაში დასდო ბრალი. ივანიშვილის განცხადებას კიწმარიშვილის ოჯახი გამოეხმაურა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. "მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ოჯახზე, ეროსის სახელისა და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა და ვითხოვთ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას. ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი განცხადებები აღარ განმეორდება მომავალში. აღვნიშნავთ, რომ მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას და სიმართლის დადგენას ეროსის მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეში", - აღნიშნულია კიწმარიშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ კიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა:

- ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული შეფასება და ეროსის ასეთ კონტექსტში მოხსენიება ჩემთვისაც არასასიამოვნო იყო. არ ვიცი, საერთოდ რა საჭირო იყო გარდაცვლილი ადამიანის ხსენება. არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ქართული მედიის სხვადასხვა გამოცემის არაობიექტურობის სიმბოლოდ ეროსი კიწმარიშვილის მოყვანა. ეროსი იყო ადამიანი, რომლის დამსახურებაა ის, რომ მედია არის ისეთი, როგორიც დღესაა. რაც ეხება თვითონ "მაესტროსთან" მიმართებით გამოთქმულ მოსაზრებას, როცა ეროსი მართავდა ამ ტელეკომპანიას, არ მახსენდება, რომ მოსახლეობას ჰქონოდა მკვეთრი დისკომფორტი "მაესტროს" საინფორმაციო რედაქციის მისამართით ან მკვეთრად დაეყენებინა მისი არაობიექტურობის საკითხი. ამასთანავე, იმ მძიმე დღეებშიც კი, როცა "მაესტროში" მოხდა ტელეკომპანიის მფლობელებისა და ჟურნალისტების ეროსისთან დაპირისპირება, ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ კიწმარიშვილი მათ სარედაქციო პოლიტიკაში არ ერეოდა.

- რით ახსნით ამ ეტაპზე ასეთი განცხადების გაკეთებას და თქვენი აზრით, ხომ არ მოახდენს ის გამოძიებაზე ზეგავლენას?

- ჩემი არით, ამ განცხადებამ შეიძლება მოახდინოს გამოძიებაზე ზეგავლენა, შეიძლება - არა. მაინც ვფიქრობ, რომ დღეს მიმდინარე გამოძიების ინტენსივობასთან ეს განცხადება კავშირში არ უნდა იყოს. ივანიშვილს რომ ეთქვა, რომ უკმაყოფილოა გამოძიების გაჭიანურებით, ეს უფრო გამართლებული იქნებოდა. გამოძიებამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს და ინტენსიურად იმუშაოს. მე ჩემს აზრს ვამბობ, დანარჩენად "მაესტრო" ალბათ თვითონ გაარკვევს, რა ხდება მასა და ყოფილ პრემიერს შორის. ივანიშვილმა ეს პოზიცია ჯერ კიდევ 2011 წელს გამოთქვა, თავის პირველ წერილში, სადაც ეროსი გააკრიტიკა. ამის მოტივი ჩემთვის დღემდე უცნობია. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან არასასიამოვნო. პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ გარდაცვლილი ადამიანის მიმართ უსიამოვნო კონტექსტში იყო გამოთქმული აზრი, და მეორე, თვითონ ფაქტი იყო ჩემთვის ყოვლად მიუღებელი.

- მკვლელობის საქმის გამოძიება რა ეტაპზეა და თუ ხართ კმაყოფილი მისი მიმდინარეობით?

- ამასწინათ შევხვდით პროკურატურის მაღალჩინოსნებს და ჩვენმა მხარემ მწვავედ დააყენა არსებითი საკითხები გამოძიებისა და პროკურატურის წინაშე. პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან გამოძიებას მიეცა მითითება, რომ იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ჩატარდეს მკვეთრი ინტენსიური მოქმედებები. ამის შემდგომ, ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი გავცნობოდით გამოძიების მასალებს. სამწუხაროდ, გამომძიებლებს უტარდებათ სემინარები და მათთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. როცა ერთმანეთს შევხვდებით და ვნახავთ, რა გაკეთდა, ჩვენ ამის მიხედვით გვექნება ჩვენი სამოქმედო გეგმა და ალბათ გამოძიებაც იმსჯელებს, რა ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

- ამასწინათ, ოთხ მოწმეზე ლაპარაკობდით. ვინ არიან და რას ამბობენ ისინი ახალს თავიაანთ ჩვენებებში?

- სამწუხაროდ, მათ გვარებს ვერ დავასახელებ და ვერც იმას, რა კავშირი აქვთ ამ საქმესთან. ჩემთვის მათი ჩვენებებიდან ახალი არაფერი გამხდარა ცნობილი, თუმცა ვფიქრობ, რომ გამოძიებამ მათგან რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.

- წეღან ახსენეთ, რომ გამოძიება ჭიანურდებაო. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებაზე თუა ამ ეტაპზე ლაპარაკი?

- მე ვარ ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად არის მოტივირებული ამ გამოძიების ეფექტიანი დასრულებით. აქედან გამომდინარე, ბევრი მიმართულებით მიჩნდება ეჭვები, კითხვები... დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს პროფესიონალი "კილერების" მიერ შესრულებულ შეკვეთილ მკვლელობასთან. ასეთი ხალხი, დიდი ალბათობით, გარე თუ შიდა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. წესით, ეფექტიანი გამოძიების შედეგად, კვალის მიგნება რთული არ უნდა იყოს. მუხლის კვალიფიკაციის საკითხიც უცვლელია და როცა გამომძიებლებს შევხვდებით, გავარკვევთ, გადაკვალიფიცირდება თუ არა მკვლელობად, თუმცა მეეჭვება, ამ მხრივ რამე შეიცვალოს.

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)