"არ შევარჩენ ექიმებს ჩემი რძლის მკვლელობას"- ორსულთა გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკა - კვირის პალიტრა

"არ შევარჩენ ექიმებს ჩემი რძლის მკვლელობას"- ორსულთა გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკა

"როცა ოპერაციას დავთანხმდით, 5 წუთი არ იყო გასული, ექიმი ისევ მოვიდა და გვითხრა, საშვილოსნო უნდა ამოვუღოთო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი რძლის პირველი ორსულობა იყო, ამაზეც დავთანხმდით."

"როგორც 29 წლის გოგოს მადებინებენ მიწაში, ისევე უნდა დაისაჯონ ისინიც."

ბათუმის სამშობიარო სახლში გარდაცვლილი ჩვილისა და დედის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მედიკოსებმა ვერც ბავშვის და ვერც 29 წლის მაია ვერძაძის გადარჩენა შეძლეს. ორსულის ოჯახი ექიმებს არაკომპეტენტურობასა და არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებს. როგორც გარდაცვლილი მშობიარის ახლობლები აცხადებენ, პაციენტის მძიმე მდგომარეობისა და ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის სამშობიარო სახლმა საკეისრო კვეთაზე უარი თქვა, რასაც ჩვილის დაღუპვა მოჰყვა. დაგვიანებული მკურნალობის შემდეგ კი ვერც ახალგაზრდა ქალის გადარჩენა მოხერხდა.

ვერძაძეების ტრაგედიაზე ოპერაციაში მონაწილე და მკურნალი ექიმები არ ლაპარაკობენ. კლინიკის ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ ორსული საავადმყოფოში უკვე მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. ამას ოჯახის წევრები უარყოფენ და ამბობენ, რომ ისინი ითხოვდნენ პაციენტის თბილისში გადმოყვანას, რეანომობილის თანხასაც კი თავად იხდიდნენ, თუმცა ექიმი ამბობდა, პაციენტის სტაბილური მდგომარეობის გამო, ეს საჭირო არ იყო. 29 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. აქციაში მონაწილეები, იმ ექიმების დასჯას ითხოვდნენ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ოპერაციაში.

"კვირის პალიტრა" გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა. მაია ვერძაძის მული, ინეზა დიასამიძე რძლის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშულებს. მისი მტკიცებით, მან რძალი საავადმყოფოში მხოლოდ წელისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით შეიყვანა და მისი მდგომარეობა კრიტიკული არ ყოფილა:

- სავადმყოფოს კამერებს უნდა დაეფიქსირებინა, რომ მე, ჩემი რძალი საავადმყოფოში თავისი ფეხით შევიყვანე, უბრალოდ წელი და მუცელი სტკიოდა. გასინჯეს, შემდეგ ექოსკოპიაზე შეიყვანეს და პირდაპირ პირში მიახალეს, რომ ბავშვი მკვდარი იყო, დაანახეს კიდეც. ექოსკოპია სამჯერ გადაუღეს, ბოლოს ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ მშობიარესთვის დამაჩქარებლები გაეკეთებინათ, ჩვენ საკეისრო შევთავაზეთ, მაგრამ არ დაგვთანხმდა, გვითხრა უმჯობესია ფიზიოლოგიურად იმშობიაროსო. ცოტა ხნის შემდეგ ექიმმა გვითხრა, რომ მდგომარეობა დამძიმდა და სისხლდენა დაეწყო. გადაწყვიტეს ოპერაცია გაეკეთებინათ. ჩვენ მაიას გადასარჩენად რა თქმა უნდა, ყველაფერზე თანახმა ვიყავით. როცა ოპერაციას დავთანხმდით, 5 წუთი არ იყო გასული, ექიმი ისევ მოვიდა და გვითხრა საშვილოსნო უნდა ამოვუღოთო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი რძლის პირველი ორსულობა იყო, ამაზეც დავთანხმდით. მერე მდგომარეობა უფრო დამძმდა და ბოლოს გარდაიცვალა კიდეც. არავითარ შემთხვევაში არ შევარჩენ ექიმებს ჩემი რძლის მკვლელობას.

- ანუ მიიჩნევთ, რომ თქვენი რძალი ექიმების შეცდომის შედეგად გარდაიცვალა?

- კი არ მივიჩნევ, ასეა. ყველა ექიმმა თქვა, რომ პირველ ოპერაციაზევე, რომელიც მალაყმაძემ გააკეთა, შეცდომა დაუშვეს და სისხლმაც პირდაპირ მუცელში დაიწყო მოგროვება. ისეთ რაღაცაზეა დანა დასმული, რომ საწყალ გოგოს ბადე დაუჩეხეს. ჩვენ პირველივე ოპერაციის შემდეგ ვუთხარით, რომ თუ მათ არაფერი გამოსდიოდათ, თბილისში გადავიყვანდით და რეანომობილსაც ჩვენ თვითონ გამოვიძახებდით, მაგრამ უარი გვითხრეს, რადგან თუ მეორე ოპერაცია არ გაუკეთდებოდა, პაციენტი თბილისამდე ვერ ჩააღწევდა. ჩემმა ძმამ ჰკითხა მეორე ოპერაციის ჩატარების შემდეგ იძლეოდნენ თუ არა გადარჩენის პირობას, მათ ამის პირობა ვერ მოგვცეს. პირველივე ოპერაციაზე, რომ ეთქვათ რეალურად რა მდგომარეობაც იყო, თავის დროზე გამოვიძახებდით პროფესორს. არ გავჩერდებით, არავითარ შემთხვევაში არ შევეშვებით ამ საქმეს, ყველამ, ვინც დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს. როგორც 29 წლის გოგოს მადებინებენ მიწაში, ისევე უნდა დაისაჯონ ისინიც. არავის არაფერს ვაპატიებთ.

ოჯახის პოზიცია გასაგებია, თუმცა რთულია კვლევის დასრულებამდე ექიმების ბრალეულობაზე ვილაპარაკოთ. განცხადებების წინასწარ გაკეთებას ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოშიც ერიდებიან. მათი თქმით, სპეციალისტებმა დოკუმენტაციის შესწავლა უკვე დაიწყეს.

დიდი დრო არ დასჭირვებია იმას, რომ გაგვერკვია მაია ვერძაძის გარდაცვალება ბათუმის სამშობიარო სახლში პირველი შემთხვევა იყო, თუ - არა. კვლევა სამწუხარო შედეგით დასრულდა, როგორც გაირკვა, ამ კლინიკაში ეს ფაქტი, პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ ყოფილა და მხოლოდ მიმდინარე წელს, აღნიშნულ სამშობიარო სახლში სამი მშობიარე დაიღუპა. ამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით 2015 წლის სამი თვის მაჩვენებლით 5 ორსული გარდაიცვალა, 2014 წელს - 19, 2013 წელს კი - 16.

ბევრს ემახსოვრება რამდენიმე თვის წინ ოზურგეთის საავადმყოფოში გარდაცვლილი ორსული,თუმცა ეს ფაქტი ვერძაძეების ტრაგედიიდან განსხვავდება. ამ შემთხვევაში ექიმებმა ჩვილი გადაარჩინეს. ჯანდაცვის მინისტრს კი მსგავს შემთხვევებზე ერთი პასუხი აქვს, რომ ყველა ფაქტი მკაცრ კონტროლზეა აყვანილი.

"კვირის პალიტრა" შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)