რატომ არ დაკითხეს "კაბელების საქმეზე" ალასანია და ხადური?! - გახმაურებული საქმის სკანადალური დეტალები - კვირის პალიტრა

რატომ არ დაკითხეს "კაბელების საქმეზე" ალასანია და ხადური?! - გახმაურებული საქმის სკანადალური დეტალები

"ვშიშობ, დღეს ეს სამსახური ზუსტად ისევე იქცევა, როგორც ნათია მოგელაძის ხელმძღვანელობის შავ-ბნელ პერიოდში იქცეოდა. პრაქტიკულად აუდიტის სამსახურმა პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ისევე იყენებს ამ სამსახურს, როგორც წინა ხელისუფლება იყენებდა."

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომაა დანიშნილი. როგორც გავარკვიეთ, "კაბელების საქმეზე" სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც დაასრულა მუშაობა. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ლაშა თორდიას უწყებამ, ფინანსური დარღვევების შესახებ დასკვნა პროკურატურას გადასცა. მკითხველს შევახსენებთ, რომ "კაბელების საქმის" ფინანსური ნაწილი აუდიტის სამსახურმა პროკურატურის თხოვნით შეისწავლა.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე აუდიტის დასკვნის შინაარსი არ ხმაურდება, თუმცა ის უკვე გადაეცა დაცვის მხარეს. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, რომ აუდიტის დასკვნა მთლიანად პოლიტიზებულია.

"შეიძლება ითქვას, რომ აუდიტის შეფასებები მთლიანად პოლიტიზებულია. ვშიშობ, დღეს ეს სამსახური ზუსტად ისევე იქცევა, როგორც ნათია მოგელაძის ხელმძღვანელობის შავ-ბნელ პერიოდში იქცეოდა. პრაქტიკულად აუდიტის სამსახურმა პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ისევე იყენებს ამ სამსახურს, როგორც წინა ხელისუფლება იყენებდა." - აცხადებს ადვოკატი.

როგორც უკვე ვთქვით, გახმაურებულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სასამართლოს მტკიცებულებები უკვე გადასცეს. როგორც დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, მათ შორის გახლავთ 2013 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული მთავრობის განკარგულება, რომელშიც ვკითხულობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 5 მილიონი ლარი ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით". იქვე ირკვევა, რომ აღნიშნული თანხა საგარეო ვალის ხარჯზე გამოიყო, ვინაიდან ხადურის უწყებას დაევალა, ამავე თანხით შეამციროს "საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები".

როგორც ადვოკატები განმარტავენ, მთავრობის ამ განკარგულებით ცხადი ხდება, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის გაყვანის საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და სპეციალური განკარგულებით 5 მილიონიც გამოიყო. მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მთავრობის ის წევრები, რომლებიც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობდნენ, მათ შორის თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომლის უწყების მიერაც მომზადდა მთავრობისთვის წარსადგენი პროექტი ზემოხსენებული თანხის გამოყოფის შესახებ? რატომ გადატყდა ჯოხი თავდაცვის სამინისტროს საშუალო რგოლის მოხელეებზე?

სოსო ბარათაშვილი, ადვოკატი:

- ის ფაქტი, რომ არც ერთი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში არ არის მიცემული, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე შეთითხნილია. ეს ხელშეკრულება გადაწყვეტილია უმაღლეს დონეზე. დიახ, პროექტი ფინანსთა სამინისტროს მიერ არის წარდგენილი მთავრობის სხდომაზე, გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ ამ ხელშეკრულების მომზადებაში, არც ერთი ამ ადამიანის არათუ პასუხისგებაში მიცემის საკითხი არ დამდგარა, არამედ უმრავლესი მათგანი არც კი დაუკითხავთ.

- რატომ არ დაკითხეს თუნდაც ალასანია?

- ეს ჩემთვისაც გაუგებარია, რადგან წინასასამართლო სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ უნდა დაკითხულიყო ირაკლი ალასანია. დღეს ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვა აღარ სჭირდებათ. ასევე, საინტერესოა, რატომ არ მოხდა იმ ადამიანების დაკითხვა ვინც მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. თქვენ მიერ წარმოდგენილი განკარგულებაც ადასტურებს, რომ ეს საკითხი თავდაცვის სამინისტროს იმ თანამდებობის პირების დონეზე არ გადაწყვეტილა, ვინც ახლა უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში. ამ დოკუმენტშიც ნათლად ჩანს, რომ თანხის გამოყოფა მთავრობის განკარგულების საფუძველზე მოხდა. პროკურატურამ დაკითხა თავდაცვის მინისტრის იმდროინდელი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ხელშეკრულება აკმაყოფილებს სტანდარტებს და ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე მოხდა ამ პროექტის გატანა და იქ განხილეს დეტალურად.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაცვის მხარეს დღემდე ბრალდებულთა ბრალეულობის გამაბათილებელი არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია, ვნახოთ, როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი და რა შედეგით დასრულდება...

ვახო ბერიძე (სპეციალურად საიტისთვის)