”ადეიშვილი უნდა იძებნებოდეს!” - რატომ აღარ ეძებს ინტერპოლი იუსტიციის ექსმინისტრს - კვირის პალიტრა

”ადეიშვილი უნდა იძებნებოდეს!” - რატომ აღარ ეძებს ინტერპოლი იუსტიციის ექსმინისტრს

გავრცელებული ინფორმაციით, ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძებნა შეწყვიტა. სავარაუდოდ, ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს.

შეგახსენებთ, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. ინტერპოლს კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია.

ადიშვილის ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, ინტერპოლს ადეიშვილის ძებნის შეწყვეტის თოაბაზე თხოვნის წერილი გეგზავნა, თუმცა ოფიციალური დასტური იმისა, რომ ძებნა შეწყდა, ადვოკატებს ჯერ არ მიუღიათ.

"ოფიციალური დასტური ამ დრომდე არ მიგვიღია, შესაბამისად, მეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის საიტზე ძებნილთა სიაში აღარ არის. ინტერპოლს რამდენჯერმე მივმართეთ წერილით, მათ შორის ბოლოს - 4 თვის წინ. ამასთან, ვაწვდიდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოწმეებმა ჩვენებები გადათქვეს და ადეიშვილის წინააღმდეგ საქმეებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. მათ შორის, ციხის საქმეზე, მოწმე გაგა მკურნალიძემ თქვა, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა და შესაბამისად, პოლიტიკური მოტივაციის ნიშნები არსებობდა." - განაცხადა კახიძემ.

”გარკვევა სჭირდება, თუ რატომ ამოიღეს ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიიდან.” - ეს უკვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

"პროკურატურის დამსახურებაა, რომ შეიქმნა საქმე, რომლის გამოც ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი. ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კიდეც ძებნილი. გარკვევა სჭირდება თუ რატომ ამოიღეს ადეიშვილი ძებნილთა სიიდან. თუკი ეს ვერ გაირკვა და ვერ ივაჟკაცეს, მაშინ შეიძლება პროკურატურის სისუსტეზე ვილაპარაკოთ. ადეიშვილი უნდა იძებნებოდეს!", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ამისთვის საკომიტეტო სხდომის მოწვევა და შეხვედრის საჯარო ფორმატში გამართვა აუცილებელი არ არის და შესაძლოა პროკურატურის მისამართით სათანადო კითხვები "სამუშაო ვითარებაში დასვას".

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედში" უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

”ინტერპრესნიუსის” მასალების მიხედვით