რას ამბობს შალვა აბულაძეზე დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რას ამბობს შალვა აბულაძეზე დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა (ექსკლუზივი)

"7 ტყვია მომხვდა. აქედან, სამი მუცელში, ორი ფეხში, ერთიც მარცხენა ხელზე და ძვალი დამიფშვნა, ერთიც ზურგის მხრიდან მომხვდა, ბრმა ნაწლავი გახეთქა და სხეულიდან გავიდა."

"საქართველოში აბულაძისნაირი მომზადებული და განათლებული კრიმინალი ბევრი არ არის..."

ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე მკვლელობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ სასამართლოში დანაშაული ზეწოლის შედეგად აღიარა. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებული ბრალდების მხოლოდ იმ ნაწილს აღიარებს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას შეეხება. შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბორჯომში 23 იანვარს შალვა აბულაძემ ორ პოლიციელს ესროლა.

სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი, რომელიც 6 თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე, მძიმედ დაიჭრა მისი მეწყვილე, ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილი. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მას დამოუკიდებლად გადაადგილება დღემდე არ შეუძლია.

მეორე ტრაგედია კი 4 აპრილს თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან მოხდა. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, შალვა აბულაძემ კვლავ ესროლა პოლიციელებს, სროლის შედეგად დაჭრილი ისანი-სამგორის რაიონის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მძიმედ დაიჭარ ბექას მეწყვილე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი. ის ამ დრომდე ხელოვნური მართვის აპარატზეა. რა მიზნით შეცვალა ჩვენება შალვა აბულაძემ, რა მოხდა 23 იანვრის ღამეს ბორჯომში, როგორია დაჭრილი პოლიციელის გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის გასაგებად "კვირის პალიტრა" გიორგი მახარაშვილს ესაუბრა.

გიორგი მახარაშვილი:

- პოლიციის მოქმედი ოფიცერი ვარ და მომხდარის დეტალებზე ლაპარაკის უფლება არა მაქვს. ამაზე კომენტარს შსს-ს პრესცენტრი აკეთებს. დასამალი არაფერი მაქვს, უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ მეკრძალება. დაველოდოთ სასამართლოს, სადაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

- აბსოლუტურად მესმის თქვენი, არც ჩვენი მიზანია გამოძიებისთვის ხელის შეშლა. თუმცა, შალვა აბულაძემ ჩვენება შეცვალა. თავდაპირველად ბრალს აღიარებდა, თუმცა, ახლა პოლიციელების მკვლელობას უარყოფს... თქვენი გარდაცვლილი მეწყვილის ოჯახი ამბობს, რომ გასროლამდე მან შალვა იცნო და უთხრა, - გოგიტა ვარ, არ მესროლოო. თქვენც დაინახეთ მისი სახე?

- ჯერ ერთი რომელი მკვლელი აღიარებს დანაშაულს?.. მეორეც, ჩემი აზრით, აბულაძეს ყურადღების გადატანა უნდა, რომ ადვილად გამოძვრეს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ახლა შეეცდება ნაკლები სასჯელი მიიღოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ დაველოდოთ სასამართლოს და იქ გამოჩნდება ყველაფერი, როცა ფაქტები დაიდება...

- ამჟამად როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ისევ სერიოზული პრობლემები მაქვს. ორი ოპერაცია გამიკეთეს, თუმცა კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება. ალბათ, ამ ოპერაციის შემდეგ გავივლი, თუმცა, წინასწარ ამის გარანტიას ექიმები ვერ მაძლევენ. ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული...

- რამდენი ტყვია მოგხვდათ?

- 7 ტყვია მომხვდა. აქედან, სამი მუცელში, ორი ფეხში, ერთიც მარცხენა ხელში და ძვალი დამიფშვნა, ერთიც ზურგის მხრიდან მომხვდა, ბრმა ნაწლავი გახეთქა და სხეულიდან გავიდა. ექიმებმა ერთის გარდა ყველა ტყვია ამოიღეს, ის ერთი მარცხენა ხელში დარჩა. მოკლედ, საკმაოდ რთულად არის ჩემი გამოჯანმრთელების საკითხი... ასე იყო ყველაფერი, ამ პატივცემულმა დასახოცად გაგვიმეტა...

- ანუ მესამე ოპერაციის შემდეგ გაირკვევა თქვენს საქმიანობას დაუბრუნდებით, თუ -არა?

- ხომ იცით, პოლიცია კარგ ფიზიკურ მომზადებასა მოითხოვს. გააჩნია, ფიზიკურად რა მდგომარეობაში ვიქნები. ამის შესახებ დასკვნას ჯანდაცვის სამინისტროს კომისია გააკეთებს. თუ შესაბამის ფორმაში ვიქნები, რა თქმა უნდა, ჩემს საქმიანობას დავუბრუნდები. ეს ჩემი პროფესიაა, 15 წელია ვმუშაობ და მიყვარს ჩემი საქმე.

- ამჟამად ეტლით გადაადგილდებით, ეტლში დამოუკიდებლად დაჯდომას ახერხებთ?

- კი, ყავარჯნების დახმარებით ეტლში დამოუკიდებლად გადაჯდომა შემიძლია. ფეხებს ვგრძნობ, საბედნიეროდ, ზურგის ტვინი დაზიანებული არ არის. მუცლის პრობლემები თითქმის მოგვარდა, ჭრილობები შეხორცდა. ფეხში რკინის აპარატი მიდგას, რადგან ტერფი მაქვს დაზიანებული.

- მესამე ოპერაცია უკვე დანიშნულია?

- ჯერ არა. ექიმები როცა საჭიროდ ჩათვლიან, ოპერაციასაც მაშინ გამიკეთებენ.

- საინტერესოა, ბორჯომში მომხდარი ინციდენტიდან სამართალდამცველებმა მალევე რატომ ვერ დააკავეს აბულაძე, მაშინ ხომ ვარკეთილში ეს ტარგედია არ დატრიალდებოდა...

- ეგ ბავშვობიდან კრიმინალია და საკმაოდ კარგადაა მომზადებული. საქართველოში აბულაძისნაირი მომზადებული და განათლებული კრიმინალი ბევრი არ არის...

- გამოჯანმრთელებას გისურვებთ!

- დიდი მადლობა.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)