"მხეცი უნდა იყო შეგინებისთვის 21 წლის ბიჭს ყელი რომ გამოჭრა" - რა მოხდა კაბალაში?! - კვირის პალიტრა

"მხეცი უნდა იყო შეგინებისთვის 21 წლის ბიჭს ყელი რომ გამოჭრა" - რა მოხდა კაბალაში?!

"სიტყვა ვერ გადმოსცემს რა საცოდავები არიან მოკლული ბიჭის მშობლები, მათი ცხოვრებაც დასრულდა შვილის სიკვდილით..."

"ეგ კაცი სიმთვრალისას, არა მხოლოდ ცოლ-შვილს სცემდა უმიზეზოდ, არამედ მეზობლებსაც აწიოკებდა, ერთხანს ცოლის უმოწყალოდ გალახვის გამო სასჯელსაც იხდიდა."

მთელი ქვეყანა შეძრა ლაგოდეხში, სოფელ კაბალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ახვერდიევების ერთადერთ ვაჟს 21 წლის ჯოშგუნ ახვერდიევს სასტიკად თანასოფლელი გაუსწორდა. ბიჭს 19-ჯერ ჰქონდა დანა დარტყმული. სოფელში ამბობენ, რომ ჯოშგუნი წესიერი და მშრომელი ბიჭი იყო, ყველას გამორჩეულად უყვარდა. ახვერდიევის უბედურება მთელი სოფლის უბედურებად იქცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ კარგია მკვლელი პოლიციამ სწრაფად რომ დააკავა, რადგან კიდევ უფრო დიდი უბედურება შეიძლება დატრიალებულიყო, რადგან სოფელ კაბალას მცხოვრებთა ნაწილი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა. "შემაგინა და იმიტომ მოვკალიო."- როგორც სოფელში ყვებიან, სწორედ ასე განაცხადა მკვლელობის ადგილიდან მიმალულმა დამნაშავემ დაკავებისას. შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული რანთიკ ალიევი მომხდარიდან ორ საათში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში დააკავეს. შსს-ს ინფორამაციითვე, დამნაშავე 1987 წელსაა დაბადებული და წარსულში უკვე იყო ნასამართლევი.

მოხდარის დეტალებს სოფელში ასე ყვებიან:

"საღამოს ჯოშგუნ ახვერდიევი თანატოლებთან ერთად სუფრაზე ყოფილა და ცოტა დაულევია, თუმცა იქიდან მალე წამოსულა და სოფლის ცენტრში მდებარე საბილიარდოსკენ წასულა. ეს არის ჩვენი სოფლის ხალგაზრდობის თავშეყრის ადგილი. ბიჭი ძალიან მშრომელი და ყოჩაღი იყო, მშობლებმა წასახალისებლად საჩუქარი - მანქანა არცთუ დიდი ხნის წინ უყიდეს, საბედისწერო გამოდგა ეს მანქანა ბიჭისთვის. მოკლედ, საბილიარდოსთან მისულმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და იქვე მდგომ ხალხს მიესალმა. ამასობაში საბილიარდოსთან ნასვამი რანთიკ ალიევიც გამოჩნდა, რომელიც ასევე შეკრებილებისკენ გაემართა. ამბობენ, რომ ზოგიერთი რანთიკის დანახვაზე იქაურობას გაეცალა, საქმე ისაა, რომ მთვრალი რანთიკის შარიანობის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა და ბევრი ერიდებოდა მაგასთან საქმის დაჭერას... ეგ კაცი სიმთვრალისას, არა მხოლოდ ცოლ-შვილს სცემდა უმიზეზოდ, არამედ მეზობლებსაც აწიოკებდა, ერთხანს ცოლის უმოწყალოდ გალახვის გამო სასჯელსაც იხდიდა. სოფლის ე.წ. ბირჟასთან მოახლოებულმა რანთიკმა რატომღაც ჯოშგუნს დაადგა თვალი და თურმე აუშარდა, რატომ უფრო კარგად არ მომესალმეო. კამათი მალევე ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც ჯოშგუნმა შეწყვიტა, უთქვამს, აქ ჩხუბი არ გინდა, ჩემს მანქანაში ჩავჯდეთ, სადმე გავიდეთ და ისე დაველაპარაკოთო, რაზეც რანთიკი დათანხმდა. შეკრებილებიდან ჯოშგუნის გაშვება არავის უნდოდა, - ჯობია, აქვე ილაპარაკოთო, მაგრამ არავის დაუჯერა..."

ჯ.ა. სოფელ კაბალის მცხოვრები:

- არ დაიჯერა. ეგონა, ახლა რანთიკს რომ ცალკე დაველაპარაკები, მორჩა, ყველაფერს გავარკვევ და ეგეც დაწყნარდებაო. ახალგაზრდებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ რასაც მოინდომებენ, ყოველთვის ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ რანთიკისთანა ხალხთან ეგ არ გამოდის... კაცი რომ დათვრებოდა, საკუთარ ცოლ-შვილს არ ინდობდა, ეგ სხვას რას დაინდობდა! თავად საჭესთან დაჯდა, ის სადისტი გვერდით მიუჯდა, მანქანა მოწყვიტა და გააქანა. ბიჭებს უნდოდათ უკან გაჰყოლოდნენ, მაგრამ, აბა, როგორ, იქ მანქანა არავის ჰყავდა და ფეხით ხომ არ გაეკიდებოდნენ?! უკვე ღამე იყო, ლამის ღამის 12 საათი, მაგ სადისტმაც ისარგებლა სიბნელით და ბიჭს დანა 19-ჯერ დაარტყა.

- ალბათ როცა მანქანა გააჩერეს და გადმოვიდნენ, კიდევ უფრო შეკამათდნენ და მკვლელობაც სწორედ ამ დროს მოხდა...

- არა, მანქანა საბილიარდოდან დაახლოებით 400 მეტრში, მეზობელ სოფლის საზღვარზე არხში გადავარდნილი იპოვეს. როგორც ჩანს, მანქანა ადგილიდან როგორც კი დაიძრა, რანთიკმა ეგრევე ამოიღო დანა და ბიჭს დაარტყა. ალბათ ურტყამდა და ურტყამდა ვიდრე მანქანა მიდიოდა, - დანა საწყალ ბიჭს მართლა 19-ჯერ აქვს დარტყმული, სულ დაგლეჯილია. ბოლოს დანა ყელშიც გამოუსვია. ბიჭმა მანქანის ტარება ვეღარ შეძლო და ავტომობილი არხში ამიტომ გადავარდა.

- ეს ყველაფერი სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანის ნამოქმედარს არ ჰგავს...

- ეგ არაფერი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, როცა ფხიზელი იყო, რატომ მაშინ არ ურევდა? როცა დათვრებოდა, მაშინ გიჟდებოდა. მხეცი უნდა იყო შეგინებისთვის 21 წლის ბიჭს ყელი რომ გამოჭრა...

- მკვლელმა როგორღა შეძლო მანქანიდან ამოსვლა?

- არხი მაღალი არ არის, ამიტომ არც მანქანა იყო გაფუჭებული. გააღო კარი, ამოძვრა და გაიქცა. პოლიციამ ივაჟკაცა და დაიჭირეს. ან სად უნდა წასულიყო, მაგას თავად სოფელი გაუსწორდებოდა! ცოდო არ არის ახალგაზრდა ბიჭი, უცოლშვლოდ რომ გაუშვა ამ ქვეყნიდან?! სიტყვა ვერ გადმოსცემს რა საცოდავები არიან მოკლული ბიჭის მშობლები, მათი ცხოვრებაც დასრულდა შვილის სიკვდილით...

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)