"სიკვდილის ზონას" მთელი ოჯახი შეეწირა – მორიგი ავტოკატასტროფა ოსიაურთან - კვირის პალიტრა

"სიკვდილის ზონას" მთელი ოჯახი შეეწირა – მორიგი ავტოკატასტროფა ოსიაურთან

"დაიღუპა თავი ახლაგზარდა კაცმა, მიუსჯიან ალბათ გარკვეულ სასჯელს, მაგრამ ეს ალბათ მის ცხოვრებას ვერ შეამსუბუქებს, 24 წლის ასაკში რომ 3 კაცის მოკვლას ასწრებ, არა მგონია, ცხოვრება მშვიდად მოახერხო."

გზაჯვარედინს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურთან კარგა ხანია უკვე "სასიკვდილოს" უწოდებენ - დედაქალაქში მომავალი ავტომობილები, ასევე ხაშურის ცენტრიდან დაბალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები სწორედ ამ ადგილას, სადაც გზა ფართოვდება, სიჩქარეს კატასტროფულად უმატებენ. ამიტომაც იქცა ეს ადგილი "უბედურების ზონად". ბოლო საშინელი ავტოავარია რამდენიმე დღის წინ მოხდა, რომელმაც ცოლ-ქმარი გივი და მზია პიტიურაშვილები და მათი ქალიშვილი 38 წლის თეა შეიწირა. ავტომანქანაში ასევე იყო პიტიურიშვილების ვაჟი, რომელიც მძიმედ დაშავდა - ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. პიტიურიშვილები "სუზუკის" მარკის ავტომანქანით გურჯაანიდან სამტრედიაში დაკრძალვაზე მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი "მერსედესის" მარკის ჯიპი შეეჯახათ. ხაშურის სავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის განმარტებით მგზავრებს მრავლობითი, მათ შორის ქალა-ტვინის ურთულესი მოტეხილობები ჰქონდათ მიღებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს. თუმცა გამოძიების შედეგი ვერაფრით გამოასწორებს იმ უბედურებას, რაც გურჯაანელი პიტიურიშვილების ოჯახში დატრიალდა...

ნოდარი, ოჯახის ახლობელი:

- გივი პიტიურაშვილი ჩემი ცოლიძმაა... ამ ოჯახში ისეთი უბედურება დატრიალდა, მტერს არავინ უსურვებს. ამ საშინელებას როგორ ვუძლებთ, მიკვირს, - ერთ ოჯახში 3 მიცვალებული ასვენია. თან რა ტკბილი და თბილი ოჯახი იყო, ყველაფერს ერთად და სიყვარულით აკეთებდნენ. სამტრედიაში ახლობლის დასატირებლად მიდიოდნენ. ახლა თავად გახდნენ დასატირებლები. იმ ქვეყნადაც ერთად მიდიან... ახლა თეას შვილები მეცოდება ყველაზე ძალიან, - 2 ობოლი დარჩა, 5 და 8 წლის პატარები...

- როგორ მოხდა ეს საშინელება?

- წვიმდა იმ დღეს და ხაშურთან ბურუსი იყო... "ჯიპი", რომელმაც ესენი დაღუპა, "აბგონზე" ცუდად გამოდიოდა და შედეგად ისეთი უბედურება დაატრიალა. მანქანას გივი მართავდა, საწყალამ მანქანა გზიდან 3-4 მეტრით გადაიყვანა, რომელიღაც ღობესთან, მაგრამ ამან ვერაფერი უშველა, "ჯიპის" მძღოლი "აბგონზე" იმ სისწრაფით გამოვიდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ამათ "სუზუკს" ღობემდე მიჰყვა, ზედ შედგა და დასრისა. აბა, რას იზამდა, "ჯიპი" "სუზუკთან" შედარებით მანქანა კი არა, ტანკია!

- გავრცელებული ინფორმაციით "სუზუკს" საჭე მარჯვნივ ჰქონდა და ეს გახდა კატასტროფის მიზეზი, - ამ ტიპის მანქანები დიდი სისწრაფის უკანა მანქანის არიდებისას, საპირისპირო მხრიდან ასევე დიდი სიჩქარით მოძრავ ავტომობილებს ვეღარ ამჩნევენ და კატასტროფაც ხდება...

- ამ შემთხვევაში მარჯვენა საჭე არაფერ შუაში ყოფილა, - თუ საფრთხე ვერ შენიშნა, გივი პიტიურაშვილმა ღობისკენ რატომ გადაუხვია?! ის პატარა ბიჭი კი არ ყოფილა და არც ახლა უსწავლია მანქანის ტარება, - მთელი სიცოცხლე მანქანას ატარებდა. პატარა ბიჭი "ჭიპზე" იჯდა, - 24 წლის. ის უკვე აიყვანა პილიციამ. დაიღუპა თავი ახლაგზარდა კაცმა, მიუსჯიან ალბათ გარკვეულ სასჯელს, მაგრამ ეს ალბათ მის ცხოვრებას ვერ შეამსუბუქებს, 24 წლის ასაკში რომ 3 კაცის მოკვლას ასწრებ, არა მგონია, ცხოვრება მშვიდად მოახერხო.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

სტატიის ფოტო ზოგადია და ამ კონკრეტულ ავტოავარიას არ ასახავს.