რა ცვლილებები შედის არასრულწლოვანთა კოდექსში? - კვირის პალიტრა

რა ცვლილებები შედის არასრულწლოვანთა კოდექსში?

"არასრულწლოვანს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გაუშვებენ ციხეში"

მალე პარლამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს დაამტკიცებს.  მისი ამოქმედების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასრულწლოვანი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხვდება.

ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე: - კოდექსის თანახმად, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, ისევე როგორც თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელები, უნდა გამოიყენონ როგორც უკიდურესი ზომა. თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა დანაშაული ჩაიდინა, უპირველესად მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდების შესაძლებლობა განიხილება.

პროკურორი უნდა ეცადოს, არასრულწლოვანი ციხეში არ მოხვდეს, უნდა მიაქციოს ყურადღება არასრულწლოვნის განვითარების დონეს, ცხოვრების, აღზრდის პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ მაინც დაიწყებს დევნას, მაშინ მოუწევს, დაასაბუთოს, რატომ ამბობს უარს განრიდებაზე.

- არასრულწლოვანს შეუძლია გასაჩივრება?

- ბრალდებულ არასრულწლოვანს წინასასამართლო ეტაპზე შეუძლია სასამართლოს მიმართოს და თუ მოსამართლე დარწმუნდება, რომ ეს შესაძლებელია, საქმეს უკან დაუბრუნებს პროკურორს საკითხის ხელახლა განსახილველად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა.

მოსამართლეს, პროკურორს, გამომძიებელს, ადვოკატს, ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს, პოლიციელს, ყველას, ვისაც შეხება ექნება არასრულწლოვნის საქმესთან, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური ტრენინგი.

- რას გულისხმობს განრიდების ღონისძიება?

- გაფრთხილებას, მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდას და საზოგადოების სასარგებლოდ უსასყიდლო სამუშაოს შესრულებას. ახალ კოდექსში სასჯელის სახეებში დამატებულია შინაპატიმრობა, რომელიც ელექტრონულად განხორციელდება. შინაპატიმრობის მუხლები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. განმეორებითი დანაშაული თუ ჩაიდინა და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ექნა, პროკურორს ისევ შეუძლია გამოიყენოს განრიდება.

- სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი ისევ 14 წელია?

- მინიმალური ასაკი ისევ 14 წლით განისაზღვრება. პატიმრობა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება. ახალი კოდექსით მაქსიმალური სასჯელი 12 წლით განისაზღვრება, დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის 15 წელი. უვადო თავისუფლების აღკვეთა აღარ გამოიყენება არასრულწლოვნებზე.

განრიდების საკითხი განიხილება ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულების დროს, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს თუ ჩაიდენს პირი, მაშინ მოუწევს სისხლისსამართლებრივი პასუხისგება.

არასრულწლოვან პატიმართათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება. ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ არავისზე არ გაიცემა და რჩება მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ინფორმაცია არ განადგურდება, რადგან, თუ კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, მაშინ მართლმსაჯულების მწარმოებელი ორგანოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. ყველა სხვა პირისთვის ეს ინფორმაცია მუდმივად დაიხურება. კოდექსის დაცვის ქვეშ ექცევიან არა მხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, არამედ არასრულწლოვანი დაზარალებული და არასრულწლოვანი მოწმეც. მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: 18-21 წლის ასაკის პირებზე ისევე ვრცელდება ის საპროცესო უფლებები, როგორც ჩვეულებრივ არასრულწლოვანის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირებზეც გავრცელდება შეღავათები, კანონს უკუქცევის ძალა აქვს.

არასრულწლოვანს მხოლოდ სასამართლოზე დაჰკითხავენ მოწმის სტატუსით.

- ძალიან ხშირია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, დაჭრა, მკვლელობა. კანონის ასეთი ლიბერალიზაცია ხომ არ წაახალისებს დამნაშავეებს?

- ვერ დაგეთანხმებით. განრიდებულების მხოლოდ 4%-მა ჩაიდინა დანაშაული და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მსოფლიოს მასშტაბით ასეთი ბავშვების 80% დანაშაულს არ სჩადის.

კანონი 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

არჩილ ჩოფიკაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი: - განხილვის ვადები, გამოძიებისა და პატიმრობასთან დაკავშირებული ვადები უფრო მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. ვადების არარსებობის შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება. კანონში აღნიშნულია, რომ მოწმეები არასრულწლოვნის დასწრების გარეშე უნდა დაიკითხონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანსაც, ისევე როგორც სრულწლოვანს, უნდა ჰქონდეს უფლება, დაესწროს მტკიცებულებების გამოკვლევას სასამართლოში.

კოდექსში არის კარგი მომენტებიც, მაგალითად, ნასამართლობის გაქარწყლება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს კომპეტენციების გაზრდაა. პროკურორს უნდა ჰქონდეს დისკრეცია, ფაქტობრივი გარემოების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ შეიძლება სასამართლოს კონტროლის გარეთ იყოს გასული.

აუცილებელია, სასამართლოსაც ჰქონდეს უფლება, დანიშნოს პირობითი სასჯელი ან მინიმუმ სასჯელი. დღევანდელი რეგულაციებით სასამართლოს უფლებამოსილება ძალიან შეზღუდულია.

- თქვენი აზრით, ასეთი ლიბერალიზაცია ხომ არ წაახალისებს არასრულწლოვნებს ახალი დანაშაულის ჩადენისთვის?

- სასჯელის გამკაცრება არ არის პრევენცია. პირიქით, სტატისტიკა მართლა ადასტურებს, რომ არასრულწლოვნები ხელახლა აღარ სჩადიან დანაშაულს.

თეა ხურცილავა