"მალე ნინისაც წამართმევენ" - 6 შვილის დედა სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის - კვირის პალიტრა

"მალე ნინისაც წამართმევენ" - 6 შვილის დედა სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის

"რომ დათვრებოდა, ყველას გვცემდა. ბევრჯერ უბნის რწუნებული და სოფელი ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. თუ ჩხუბის დროს ხმას არ გასცემდი, მაშინაც ცემას იწყებდა, რამდენჯერ გამომკიდებია ცელით მოსაკლავად..."

ნათელა გ. 3 წელზე მეტია სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის. მკვლელობა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მართალია მას ბრალი არ უღიარებია, მაგრამ სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და ქმრის მკვლელობისთვის 9 წელი მიუსაჯა. 38 წლის ქალმა დაკავების შემდეგ ციხეში შეიტყო, რომ ის მეექვსე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ღუდუშაურის საავადმყოფოში იმშობიარა, გოგონა ჯანმრთელი დაიბადა, ნათელაც სამშობიაროდან, ჩვილთან ერთად, ისევ ციხეში დააბრუნეს. პატარა გისოსებს მიღმა იზრდება. ნინის მსგავსად, ქალთა დაწესებულებაში, სულ 5 ბავშვი იზრდება. ისინი დედათა და ბავშვთა საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობენ. საგანგებოდ მოწყობილია მათთვის ერთსართულიანი სახლი, სადაც თითოეულს თავისი ოთახი აქვს. საცხოვრებელი კორპუსის წინ საბავშვო ატრაქციონია, სადაც პატარები თამაშობენ. ცალკეა მათთვის სათამაშო ოთახი. შესასვლელში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი დიდი სამზარეულოა, დედები შვილებს საჭმელს თვითონ უმზადებენ. ერთი სიტყვით ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ პატარებმა თავი ოჯახურ გარემოში იგრძნონ. კანონით განსაზღვრულია, თუ პატარა ციხეში გაჩნდა, დედას შეუძლია ის 3 წლამდე თავის გვერდით ჰყავდეს, ამის შემდეგ აუცილებელია პატარამ ციხის კედლები დატოვოს. როცა 3 წლის გახდება, საქმეში სოციალური სააგენტო ერთვება, ბავშვი ან მინდობით აღზრდაში გადადის, ან ის მიჰყავს ნათესავებს და დედის ციხიდან გამოსვლამდე ისინი უვლიან პატარებს.

გავა წლები და ალბათ ნათელას ნინისთვის და მისი და-ძმებისთვის მოუწევს იმის ახსნა, თუ რა მოხდა და რატომ მოკლა ქმარი. მსჯავრდადებული ქალი ამბობს, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ნათელა:

- პირველ რიგში, მინდა, ჩემი შვილები აქედან გავამხნევო, კიდევ გაუძლონ მარტოობას, იმედი მაქვს, მალე გავალ აქედან და ჩემს მონატრებულ შვილებს ჩავეხუტები. 3 წელზე მეტია აქ ვარ და ისინი არც ერთხელ არ მოსულან ჩემ სანახავად. აქ დაიბადა ჩემი ნინი, მასზე ზრუნვას ვაყოლებ გულს და სხვების მოსაფერებელსაც მას ვეფერები. ნინი უკვე 2 წლის და 3 თვის არის, მალე შვილსაც წამართმევენ, რასაც ძალაინ განვიცდი. 3 წლის რომ გახდება, აუცილებლად უნდა წავიდეს ბავშვი აქედან. არ მინდა მინდობით აღზრდაში გადასცენ, მინდა დედაჩემმა წაიყვანოს. ვიცი, ის მიხედავს.

- დედას აქვს იმის პირობები, რომ თქვენს შვილს მოუაროს?

- ვიმედოვნებ, რომ დედა არ მეტყვის უარს. ის მაინც მეცოდინება, რომ სითბოს და სიყვარულს არ მოაკლებენ. თავიდან ძალიან ჭირვეული ბავშვი იყო, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირია, ლაპარაკი ისწავლა, სულ მეტიტინება. ძალიან საყვარელია, აღარც ჭირვეულობს და ვიცი, ყველას შეაყვარებს თავს. 40 დღის იყო ციხეში რომ მოვნათლე, აქ გაცნობილმა პატიმარმა გოგომ მონათლა ჩემი შვილი. ბავშვის ნათლია ციხიდან უკვე გასულია, ახლა ბათუმში ცხოვრობს. თუ დედაჩემი ვერ წაიყვანს, მაშინ მინდა ნათლიამ წაიყვანოს, ჩემს გამოსვლამდე მას გადასცეს სახელმწიფომ ბავშვი მინდობით აღზრდაში, რადგან ვიცი მას ძალიან უყვარს ჩემი შვილი... არც კი ვიცი ნინის გარეშე როგორ ვიცოცხლებ, მაქვს უფლის იმედი, იქნებ მოხდეს სასწაული და ჩემს ბავშვთან ერთად მეც გავიდე ციხიდან.

- რამდენი წელი დაგრჩათ მოსახდელი?

- სულ 9 წელი მქონდა მისჯილი. 3 წელია ციხეში ვარ,3 წელი და 8 თვე დამრჩა კიდევ, რადგან ამნისტიით სასჯელი გამინახევრდა. ძალიან ვნერვიულობ ჩემს სხვა შვილებზეც. უფროსი 21 წლის არის უკვე. ბავშვები მარტო ცხოვრობენ, სოციალური დახმარების ანაბრად არიან დარჩენილები. აქ ერთხელაც არ მოსულან ბავშვები, წელიწადში ერთხელ თუ მოახერხა, დედაჩემი მაკითხავს, ან ჩემი ძმა, სხვა მომკითხავიც არავინ მყავს. ძალიან უბედური ვარ, შვილები ასე უპატრონოდ დამრჩა.

- 38 წლის იყავით ქმრის მკვლელობის ბრალდებით რომ დაგაკავეს, რატომ მოკალით მეუღლე?

- 20 წელი ერთად ვიცხოვრეთ, ამის მერე მოხდა ეს საშინელება. ჩემს ქმარს საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, 8 წელი გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავი, ფაქტობრივად, არ გამოფხიზლებულა. რომ დათვრებოდა ყველას გვცემდა. ბევრჯერ უბნის რწუნებული და სოფელი ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. თუ ჩხუბის დროს ხმას არ გასცემდი, მაშინაც ცემას იწყებდა, რამდენჯერ გამომკიდებია ცელით მოსაკლავად... პათოლოგი ლოთი იყო, მაგრამ ეს არ ჩანს საქმის მასალებში. მისგან ბევრჯერ მიცდია თავის დაღწევა, ბავშვების ხათრით ისევ უკან ვბრუნდებოდი. ფხიზელს როცა ვეტყოდი ასე საშინლად მოიქეცი-მეთქი, ამბობდა, შენ ყველაფერს მიგონებო. სიფხიზლეში კარგად იქცეოდა. ჩემი შვილები საშინელ სტრესში იზრდებოდნენ. ეკონომიურადაც ძალიან გვიჭირდა, დიდი წვალებით, სამეურნეო საქმიანობით ვახერხებდი შვილების რჩენას.

- რატომ მოკალით მეუღლე?

- არ მომიკლავს. ბავშვებს გამოეკიდა ლანძღვა-გინებით, უნდა ეცემა, მეზობლის ბავშვიც ჩვენთან იყო, შემეშინდა მათთვის არაფერი დაეშავებინა და ოთახის კარი ჩავუკეტე... ყურადღება ვერ მივაქციე. როგორც ჩანს ცუდად გახდა, გული აერია და გაიგუდა. ამის მიუხედავად, მკვლელობაში დამდეს ბრალი, არ ვაღიარებ დანაშაულს, მაგრამ მაინც გამასამართლეს.

- განაჩენში წერია, რომ თქვენ მთვრალი ქმარი გაგუდეთ...

- მე ჩავბარდი პოლიციას, მაგრამ არ მიღიარებია დანაშაული. მიპირისპირდება ჩემი ქმრის ოჯახი. ჩემი დასჯა მათ მოითხოვეს, არადა, იცოდნენ როგორ მექცეოდა. ფეხმძიმობის ამბავი ციხეში გავიგე, ძნელია ბავშვი ციხეში რომ იზრდება, მაგრამ აქ გაჩნდა. ის ბუნებრივ კვებაზე მყავდა. ქალისთვის ციხეში ყოფნა საშინელებაა, მინდა აქედან ყველა მალე გავიდეს. სულ ვლოცულობ.

- ნანობთ მომხდარს? აქედან რომ გახვალთ მის საფლავზე მიხვალთ?

- მისდამი სიყვარული ვიდრე აქ მოვხვდებოდი, მანამდე გაქრა. აქედან რომ გავალ, არ ვიცი, მივალ თუ – არა, მის საფლავზე. ბევრი ტკივილი გადავიტანე ცხოვრებაში, ბევრი უსამართლობა მოვითმინე, მაგრამ ბოლოს მაინც აქ აღმოვჩნდი. ხშირად შვილებთან დარეკვის საშუალებაც არ მაქვს, როცა ანგარიში მაქვს, ვურეკავ ბავშვებს. ისინი შიშით ვერაფერს ამბობენ. ვიცი მაპატიებენ, რადგან ხედავდნენ როგორ მექცეოდა მამამისი. აქედან რომ გავალ, მათ ყველაფერს ავუხსნი. აქ ყველა გვერდში გვიდგას. ბავშვიან დედებსაც ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს. ეს წლები ჩემმა შვილმა გადამატანინა. ახლა ის რომ გადის ამას ვერ ვეგუები. მინდა მეც მასთან ერთად გავიდე. იქნებ ამიხდეს ეს ოცნება.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)