"ჩემს ბიზნესში უხეშად ერეოდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია" - კვირის პალიტრა

"ჩემს ბიზნესში უხეშად ერეოდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია"

"ჩვენს კომპანიას ხელისუფლების ზედა რგოლი ბლოკავს, იქ განსაზღვრავენ, ვინ იმუშაოს და ვინ - არა"

შპს "ემ-ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ გოძიაშვილი ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ყოფილი თუ ამჟამინდელი მთავრობის მაღალჩინოსნები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

ვახტანგ გოძიაშვილი, ბიზნესმენი: - ჩვენს ბიზნესორგანიზაციას ამერიკული კომპანია "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზის" შვილობილი ქართული კომპანია შპს "ჯორჯიან მანგანეზისთვის" მომსახურება უნდა გაეწია. ექსკლუზიური ხელშეკრულება გავაფორმეთ და მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავება-მიწოდების  ვალდებულება ავიღეთ. თუმცა, ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირები ჩვენს საქმიანობაში უხეშად ჩაერივნენ და ჩვენი კომპანია გაჩერდა.

გაიძახიან, ბიზნესი ხელშეუხებელიაო, სინამდვილეში კი ასე არ არის.ბევრი მიზეზი დასახელდა, თუ რატომ მებრძვიან. ჯერ ითქვა, თითქოს სააკაშვილის მეგობარი ვარ და ის ჩემი შვილის ნათლიაა. რაც ტყუილია. 2003 წლიდან სააკაშვილთან კავშირი არ მქონია.

- ადრე რა ურთიერთობა გქონდათ?

- ვიცნობდი არა მარტო სააკაშვილს, ასლან აბაშიძესაც და ედუარდ შევარდნაძესაც. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. ცნობილი მოვლენები, როცა კახა თარგამაძე ჩამოშორდა ხელისუფლებას, ჩემი ინიცირებული იყო. საკრებულოს წევრი 2006 წლამდე ვიყავი, მერე წავედი პოლიტიკიდან დადავიწყე ბიზნესი, მაგრამ არ მქონია სასათბურე პირობები, პირიქით, ყოველმხრივ მზღუდავდნენ. 2012 წლის ცვლილებებზე დიდ იმედს ვამყარებდი, მაგრამ მწარედ შევცდი. 2014 წლის აპრილის დასაწყისში გაფორმდა კონტრაქტი ამერიკულ კომპანია "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზისთან" და მალევე დაიწყო ჩემი შევიწროებაც.

ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, დაინტერესდეს ჩემი საქმით, შემიძლია კონკრეტული გვარები დავუსახელო, რა უხეშად ჩაერივნენ ბიზნესში.

საჯარო განცხადებაც გავაკეთე, მაგრამ არ გამომხმაურებია. მხოლოდ თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი დამპირდნენ, რომ შეისწავლიან ამ საკითხს. ვაცხადებ: ჩემს ბიზნესში უხეშად ერეოდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

- რაში გამოიხატება ჩარევა?

- ღარიბაშვილს ჩემმა პარტნიორმა ამერიკულმა კომპანია "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზიმ" აცნობა, რომ არსებობს კომპანია, რომელთანაც ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა. პრემიერმა თურმე კმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ იმავე დღეს უკმაყოფილო ზვიად ჯანყარაშვილმა დაურეკა ჩემს პარტნიორებს. იმ დღეს ამერიკიდან სტუმრები მყავდა, როცა შეშფოთებულმა პარტნიორმა დამირეკა, ჯანყარაშვილი უკმაყოფილოა შენთან ხელშეკრულების გაფორმებითო.

ამის მერე ერთ-ერთმა პირმა (მის ვინაობას ჯერ არ დავაკონკრეტებ), ბიზნესომბუდსმენ გია გახარიას ტელეფონის ნომერი მომცა და მითხრა, ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებაო. გახარიამ ჩემი ხელშეკრულების ასლი მომთხოვა და მივიტანე. მერე გაირკვა, ხელშეკრულებიდან სიტყვა "ექსკლუზივი" ამოუღიათ და ჩემს პარტნიორ კომპანიას "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზის" ორ სხვა კომპანიასთან გააფორმებინეს ხელშეკრულება... ჭიათურაში შეიყვანეს ის კომპანიები, რომლებზეც გახარიამ მიუთითა. პირდაპირ უთხრეს ამერიკელ ბიზნესმენს, რომ ჩემს კომპანიას არ უნდა ემუშავა.

ამერიკულ კომპანიას 40 წლით აქვს გადაცემული მარგანეცის მოპოვების უფლება, მე ვიყავი მისი ექსკლუზიური კონტრაქტორი  და ამ საქმეს ჩამომაცილეს.

10 თვეა გაჩერებული ვართ. არადა, ჩვენი მოგება წელიწადში 6-7 მილიონ დოლარზე იყო გათვლილი. ალბათ, გახსოვთ, იქ მოქმედ კომპანიებს ლიცენზიები შეუჩერდათ და იძულებული გახდნენ, გლეხებისგან მალულად ეყიდათ მოპარული მარგანეცი. ხან სამარშრუტო ტაქსით, ხან პატარა მანქანით, ხან ეშელონით გამოდიოდა ჭიათურიდან შავი მარგანეცი და დიდი ფული კეთდებოდა. ჩვენ ლეგალური ბიზნესი გვქონდა. ჩვენი გაჩერების შემდეგ, 7 თვის განმავლობაში ისევ ეშელონებით გადიოდა მარგანეცი, თუმცა, იქ მუდმივად იდგა გარემოს დაცვის ინსპექციის მანქანები და წარმოუდგენელია, გამოჰპაროდათ მარგანეცის კონტრაბანდულად გატანა. ვიღაც ამ გზით დიდ ფულს შოულობდა, ჩვენ კი ამაში ხელს ვუშლიდით და ამიტომ მოგვიცილეს თავიდან. ჩვენს კომპანიას ხელისუფლების ზედა რგოლი ბლოკავს, იქ განსაზღვრავენ, ვინ იმუშაოს და ვინ - არა.

- ამჟამად ვინ მუშაობს იქ?

- ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენ სომხიშვილის არის, მისი მენეჯერი ჯანი მიხაილოვია. როცა გახარიას თხოვნით მათ შევხვდი, შემომთავაზეს, კომპანია მოგვყიდეო. უარი ვთქვი.

არაფერს ვერჩით იმ კომპანიებს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ, ფული დააბანდეს და უნდა ამოიღონ. მაგრამ მათ ხელშეკრულებებს ვადა ზაფხულში გასდის. ამის შემდეგ მოვითხოვ, ამოქმედდეს ამერიკულ კომპანიასთან დადებული ჩვენი ხელშეკრულება. მისი ხელმძღვანელი, რომელიც ახლა ამერიკაშია, მიდასტურებს, რომ მთავრობის მითითებით გააფორმა ორ სხვა კომპანიასთან ხელშეკრულება.

- ჯანყარაშვილის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია თქვენ გადანაშაულებთ ცრუ ბრალდებებში და სასამართლოში გიჩივით.

- მაშინ ჯანყარაშვილი შსს-ს გენინსპექციას ხელმძღვანელობდა. ჩემს პარტნიორს არაერთხელ შეხვდა. მას ადგილობრივი უშიშროების უფროსი აკავშირებდა ამერიკელ ბიზნესმენთან. მიჩივლოს, არ მეშინია.

ჯანყარაშვილი უკვე ყველა საქმეს ჩამოაშორეს, რადგან ბიზნესებში მისი ჩარევის უამრავი ფაქტი დაგროვდა.

ჩემდა გასაკვირად, ჩემი მოწინააღმდეგეა ბიზნესომბუდსმენი, რომლის უშუალო მითითებითაც ჩერდება ჩემი კომპანიის საქმიანობა. ჩემმა ამერიკელმა პარტნიორმა პირდაპირ მითხრა, როცა გახარია მეტყვის, შეგიძლია დაიწყო მუშაობაო.

- იქნებ დაასახელოთ სხვა ჩინოვნიკები, ვინც ამ პროცესებში ერეოდნენ?

- ჯერ არ დავასახელებ. იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა დაინტერესდება ამ საკითხით და მას ყველაფერს ავუხსნი...

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია თვლის, რომ ჯანყარაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული პიარაქციაა დაწყებული: "ჯანყარაშვილზე არაერთი სიბინძურე და ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. მოვახდენთ რეაგირებას თითოეულ ფაქტზე და ყველა სუბიექტი, რომელიც მონაწილეობს ამ ბინძურ კამპანიაში, პასუხს აგებს. ვინმე ბიზნესმენ ვახტანგ გოძიაშვილს სათანადო პასუხი ბიზნესომბუდსმენის აპარატმა უკვე გასცა... ეჭვი გვაქვს, ხვალ და ზეგ კიდევ გამოჩნდებიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც გამოგონილი ისტორიებით შეეცდებიან, ჩირქი მოსცხონ ზვიად ჯანყარაშვილის სახელს, პატივსა და ღირსებას".

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია: "ეს საკითხი ერთ-ერთი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. კერძოდ, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ შპს "ემ ენ ჯორჯია" სხვადასხვა სახის სპეკულაციებით, მათ შორის, მაღალ თანამდებობის პირებთან ახლო კონტაქტების არსებობაზე აპელირებით, მათთან ექსკლუზიური ხელშეკრულების მოპოვებას ცდილობდა." ბიზნესომბუდსმენმა კომპანიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ "დაუშვებელია სახელმწიფოს რომელიმე თანამდებობის პირის მიერ კომპანიის საქმიანობაში ჩარევა და ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მათ შეეძლოთ მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც კომპანიის ინტერესები მოითხოვდა. რაც შეეხება მხარეთა შორის ურთიერთობას, იგი კომერციული ურთიერთობაა და სადავო საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო კანონმდებლობის შესაბამისად. სწორედ აღნიშნულის შედეგია, რომ დღეს ამ სამუშაოებს 3 კომპანია ასრულებს და არა ერთი - ექსკლუზიურად. შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია შპს "ემ ენ ჯორჯიას" ბრალდებები. მივიჩნევთ, რომ მსგავსი განცხადებებით იგი უპირატესობის მოპოვების მიზნით განხორციელებული ქმედებების გადაფარვას ცდილობს".

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი ველველ ლოზინსკი საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ პიარ-დეპარტამენტის დირექტორს, ზაქარია ზალიკაშვილს, დავუკავშირდით: "კომპანია "ემ ენ ჯორჯიას" მართლაც აქვს ვალდებულებები აღებული, თუმცა, ეს ვალდებულებები 11 თვის განმავლობაში არ შესრულებულა. წავიდა ის დრო, როდესაც წინა ხელისუფლება პატარა და დიდ ბიზნესებს ატერორებდა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი არ არის სწორი ადრესატი სიმართლის დასადგენად..."

რაც შეეხება იმას, მისცეს თუ არა გახარიამ და ჯანყარაშვილმა ამერიკელ პარტნიორ ველველ ლოზინსკის მითითებები, ზაქარია ზალიკაშვილი ამბობს, რომ ვახტანგ გოძიაშვილის მიერ წამოყენებულ ბრალდებაზე ის ინფორმაციას არ ფლობს. მისთვის უცნობია, თუ ზეწოლის რა ფორმებზეა საუბარი, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიენიჭოს.

თეა ხურცილავა