მდინარე დუნაიმ ქართველი გოგონას ცხედარი გამორიყა - რას ყვებიან სოფო ლოლაშვილის ახლობლები? - კვირის პალიტრა

მდინარე დუნაიმ ქართველი გოგონას ცხედარი გამორიყა - რას ყვებიან სოფო ლოლაშვილის ახლობლები?

შემთხვევით გამვლელმა მდინარეში მკვდარი ქალი დაინახა

"ჩემთვის სრულიად გაუგებარია ვენიდან ლინცში მიმავალი გოგო როგორ აღმოჩნდა გრაინში? ამ საქმეში ვიღაც ძალიან ცუდად არის გარეული"

ავსტრიის ქალაქ გრაინში, მდინარე დუნაიში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გერმანული გამოცემა nachrichten.at-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც 29 აპრილიდან ეძებდნენ. ამავე წყაროს ინფორმაციით, გოგონა ავსტრიაში Au-pair-ის პროგრამით ძიძად მუშაობდა. ოფციალურად დადასტურებულია ისიც, რომ გოგონა დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, სწორედ 29 აპრილს გაუჩინარებული ქართველი 23 წლის სოფო ლოლაშვილია. მისივე თქმით, საკონსულომ ავსტრიის შესაბამის ორგანოებს თითის ანაბეჭდები იდენტიფიცირებისათვის უკვე გადაუგზავნა. როგორც გავარკვიეთ სოფოს და  ნატალია ლოლაშვილიც ავსტრიაში ცხოვრობს.

ავსტრიაში მცხოვრები ქართველებისგან შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ნატალიამ ამოიცნო დის ჩანთა. (სვარაუდოდ, ჩანთა სოფოს სხეულზე იმგვარად ჰქონდა დამაგრებული, რომ ის არ დაიკარგა - ავტ) , თუმცა, საბოლოო იდენტიფიცირებისთვის ავსტრიულმა გამოძიებამ დნმ-ის ნიმუში და თითის ანაბეჭდები მოითხოვა. ავსტრიული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 12 მაისს შემთხვევით გამვლელმა მდინარეში მკვდარი ქალი დაინახა და სასწრაფოდ სამაშველო სამსახურში დარეკა.

თავდაპირველად სამართალდამცველებს ეგონათ, რომ მდინარეში ნაპოვნი გვამი სხვა ქალბატონის იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, თუმცა, ეს ვერსია მალევე გამოირიცხა. როგორც ამბობენ, ცხედარი დაზიანებულია, თუმცა , ძალადობის ნიშნები არ ჩანს, შესაბამისად, ვენის კრიმინალური პოლიცია სხვა ვერსიებთან ერთად, თვითმკვლელობასაც განიხილავს.

ჩვენ დავუკავშირდით ავსტრიაში მცხოვრებ იმ ქართველებს, ვინც სოფოს იცნობდნენ.

ელენე:

- სოფიკო ავსტრიაში რამდენიმე წლის წინ დასთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა, დებს სხვადასხვა ქალაქში მოუწიათ მუშაობა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ისინი ტელეფონზე ყოველდღიურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. როგორც გავიგე, ბოლო დროს სოფო ახალ სამსახურს ეძებდა. სწორედ გაუჩინარების დღეს ერთ-ერთ დასაქმების სააგენტოში ლინცში ელოდებოდნენ, თუმცა, არ გამოჩნდა. ამის შესახებ მის დას შეატყობინეს. მას შემდეგ, რაც ნატალია დას ვერ დაუკავშირდა, მის მოსაძებნად ვენაში ჩავიდა. გავრცელებული ინფორამციით, სოფო ლოლაშვილი ბოლოს გრაინში ნახეს, საცხოვრებლიდან საკმაოდ შორ მანძილზე. ნატალია ცდილობდა სოფო ისე მოეძებნა, რომ მშობლებსა და საქართველოში მცხოვრებ დას არაფერი გაეგოთ...

თათია:

- ჩემთვის სრულიად გაუგებარია ვენიდან ლინცში მიმავალი გოგო, როგორ აღმოჩნდა გრაინში? ადრე ლინცში გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე დადიოდა. ჩემი აზრით, ამ საქმეში ვიღაც ძალიან ცუდად არის გარეული. როგორც იცით, სოფო დამხვრჩვალი იპოვეს, ამბობენ, რომ გარეგნულად ცხედარს დაზიანებები არ ეტყობა, მაგრამ ძალიანს აეჭვოა ეს ყველაფერი. სოფოს იმის მიზეზი არ ჰქონდა, რომ თავი მოეკლა, თანაც, ამის გაკეთება რომ სდომებოდა, იმ სიშორეზე რატომ წავიდოდა? ცოტაა თავის მოსაკლავი ადგილია ვენაში? თქვენ თუ ნახეთ ავსტრიული გაზეთები, სადაც სოფიკოს შესახებ წერენ, ერთ-ერთ სტატიაში დაბეჭდილ ფოტოზე სოფო ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად არის. მამაკაცის სახე დაფარულია, სავარაუდოდ, სოფოს შეყვარებული უნდა იყოს, თუმცა მის სსახებ არაფერი ვიცოდით... ცილსა ვერავის დავწამებ, მაგრამ....რამდენიმე დღის წინ გერმანიაში 2007 წელს გაუჩინარებული გოგონას გვამი იპოვეს, ერთ-ერთ ფერდობზე იყო დამარხული. ეტყობა ვიღაც მანიაკი აეკიდა და მოკლა.

ნინო:

- გუშინ სამსახურში ვიყავი, როცა ავსტრიულმა "ლაიფრადიომ" გამოაცხადა, რომ მდინარეში ნაპოვნი გოგონა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სოფო ლოლაშვილია. მომხდარით გაოგნებულები ვართ. მიზეზსაც კი ვერ ვფიქრობ რა უნდა მომხდარიყო ან ვის უნდა გაეწირა სასიკვდილოდ. ქართველები აქ ერთმანეთს ვეხმარებით, ამიტომ, როცა სოფოს გაუჩინარების შესახებ შევიტყვეთ, "ფეისბუქში" მის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ. თუმცა, სოფოს და ამის წინააღმდეგი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ მალე გამოჩნდებოდა და არ უნდოდა ოჯახს ენერვიულა. მხოლოდ უმცროსმა დამ, რომელიც საქრათველოშია, იცოდა, რომ სოფოს ეძებდნენ. მომხდარით ყველანი შოკში ვართ. ავსტრია უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შედის. აქ იმასაც ამბობენ, იმ ოჯახში, სადაც მუშაობდა თავს ცუდად გრძნობდაო, მაგრამ გამორიცხულია ამის გამო თავი მოეკლო. აქ გოგონები ოჯახებს ხშირად იცვლიან. იმ ოჯახში სოფოს ცუდი სიტუაცია რომ ჰქონოდა, დიდი ხნის წამოსული იქნებოდა. მე სხვა ამბავი მგონია...

სოფო ლოლაშვილის ოჯახი რუსთავში ცხოვრობს. ჰყავს დედ-მამა და ორი და. სოფო და მისი და ნატალია რამდენიმე წელია, რაც  ავსტრიაში ძიძად მუშაობენ. პერიოდულად საქართველოში ჩამოდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ ლოლაშვილების დედაც გერმანიაში ცხოვრობს. როგორც ოჯახის ახლობელმა გვითხრა, ის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს. ის სოფოს გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში დაბრუნდა.

მომხდართან დაკავშირებით სოფოს ოჯახის ახლობელსაც ვესაუბრეთ:

- სოფოს უწესიერესი ოჯახი ჰყავს. ის და ნატალი წლების წინ წავიდნენ საქართველოდან. მამა და უმცროსი და რუსთავში ცხოვრობენ, დედა - გერმანიაშია, როგორც ვიცი, ერთ-ერთი რესტორანში მუშაობს. სოფოს დედა 22 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა. ახლა აქ არის. ჯერჯერობით ოჯახის არც ერთი წევრი არ წასულა ავსტრიაში. ცხედრის ამოსაცნობად ნატალი წაიყვანეს. წარმომიდგენია რა დღეშია საწყალი გოგო, სრულიად მარტოს რამხელა უბედურება დაატყდა თავს.

- ამბობენ, რომ გაუჩინარების დღეს სოფო ბანკში უნდა მისულიყო...

- ჩვენც ასე ვიცით, ოღონდ რა საქმესთან დაკავშირებით, არა. თუმცა, მერე გაარკვიეს, რომ სოფოს მონაცემების გოგო ბანკში არ ყოფილა.

-

რამე პრობლემები ხომ არ ჰქონდა? ამბობენ, იმ ოჯახში, სადაც მუშობდა თავს ცუდად გრძნობდაო..

- არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ სოფო ლტოლვილად ჩაბარებას აპირებდა, რომ შემდეგ იქაური მოქალაქეობა მიეღო. ალბათ, ამაში ვიღაც ეხმარებოდა. გამორიცხული არ არის გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ვერ ვხვდებით რა უნდა მომხდარიყო. სოფოს ოჯახი საშინელ დღეშია. ასეთ ამბავს არავინ ელოდა. იმედია, იქაური პოლიცია სიმართლეს დაადგენს და გავიგებთ რა მოხდა.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნულთან დაკავშირებით  სამძიმრის წერილი გაავრცელა:

"მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიაში ჩვენი ახალგაზრდა თანამოქალაქის, სოფიკო ლოლაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვიზიარებ და თანავუგრძნობ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ავსტრიის პოლიცია გამოიძიებს და დაადგენს სოფიკო ლოლაშვილის გარდაცვალების მიზეზებს. გარდაცვლილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს."