"დანა რომ დაინახა, დედა შვილს გადაეფარა" - ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"დანა რომ დაინახა, დედა შვილს გადაეფარა" - ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"ქალი ადგილზევე გარადაიცვალა. მისი შვილი კი მუცლის არეში მძიმედაა დაჭრილი. როგორც ვიცი, მას ოპერაცია უკვე გაუკეთეს და  მდგომარეობა სტაბილურია."

ხაშურის რაიონის, სოფელ ცხრამუხაში გუშინ, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 20 წლის ახალგაზრდამ, რეზიკო გელაშვილმა თანასოფლელი ხვიჩა გოგალაძე ცივი იარაღით, კერძოდ დანით, მუცლის არეში დაჭრა, ხოლო ხვიჩა გოგალაძის დედას, დარეჯან გოგალაძეს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. შუახნის ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ახლალგაზრდა მამაკაცი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თანასოფლელები მკვლელობაში ეჭვმიტანილზე ამბობენ, რომ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, განსაკუთრებით კი სიმთვრალისას.

ტრაგედიის დეტალების გასარკვევად სოფელ ცხრამუხაში გამგებლის წარმომადგენელს მურად ცერცვაძეს დავუკავშირდით.

მურად ცერცვაძე:

- ეს უბედურება დაახლოებით ღამის 11-დან 12-საათამდე პერიოდში მოხდა. სოფელში ბიჭებს უქეუფიათ, რეზიკოც იქ იყო და ხვიჩაც, როგორც ჩანს, რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ, თუმცა იქ არაფერი მომხდარა. ხვიჩა სახლში წასულა და დასაძინებლად დაწოლილა. სწორედ ამ დროს შევრადნილა მათ სახლში რეზიკო და აყალ-მაყალი მოუწყვია. სავარაუდოდ, ჩხუბი იქაც გაგრძელდა. როგორც ჩანს, დანა რომ დაინახა, დედა შვილს გადაეფარა და ამიტომაც ჰქონდა ამდენი ჭრილობა. ქალი ადგილზევე გარადაიცვალა. მისი შვილი კი მუცლის არეში მძიმედაა დაჭრილი. როგორც ვიცი, მას ოპერაცია უკვე გაუკეთეს და მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ოჯახის მდგომარეობას, ისინი სოციალურად დაუცველები არიან. ჯერჯერობიით სხვას არავინ არაფერს ამბობს. ალბათ ყველაფერი დაჭრილი ახალგაზრდის გამოჯანმრთელების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა, როგორც ვიცი, დამნაშავე ბრალს აღიარებს.

"კვირის პალიტრა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ დამნაშევე, რეზიკო გელაშვილი მომხდარიდან ერთ საათში იმაცე სოფელში დააკავეს და დანაშაულის იარაღიც (დანა) ნითმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაკავებულმა რეზიკო გელაშვილმა ორი თვის წინ, ალკოჰოლური თრობისას, მიტოვებული შენობის მინები ჩაამსხვრია, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გელაშვილი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)