შეურაცხყოფილი ქალის თვითმკვლელობა და გამწარებული ქმარი, რომელიც სამართალის ძებნამ ციხის კარამდე მიიყვანა - კვირის პალიტრა

შეურაცხყოფილი ქალის თვითმკვლელობა და გამწარებული ქმარი, რომელიც სამართალის ძებნამ ციხის კარამდე მიიყვანა

"ხანუმა პატიოსანი იყო. ბავშვებს გარდაცვლილი არ ვანახე, არ მინდოდა ასე დამახსოვრებოდათ. რა აზრი აქვს, აწი, ჩემს სიცოცხლეს. არც მშობლები მყავს, ცოლმაც თავი მოიკლა. ამის ღირსი არ იყო ჩემი ცოლი. 16 წლისა მოვიტაცე. 14 წლის სიამტკბილობის შემდეგ ასე დასრულდა ჩვენი ცხოვრება.“

სიღნაღის რაიონული სასამართლო ხანუმ ჯეირანოვას ქმრის, აჯი გასანოვის საქმეს განიხილავს. 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა 2014 წლის 18 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მის თვითმკვლელობას განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა. მამამისის მონათხრობის თანახმად, მას აჯი გასანოვის ნათესავებმა ქმრის ღალატში დასდეს ბრალი და სასტიკად გაუსწორდნენ - სოფლის მამაკაცებმა, რომელთა შორის ჯეირანოვას მეუღლის ბიძაშვილიც იყო, ქალი სოფელში ფეხშიშველი, ცემითა და ფურთხებით ჩამოატარეს, სასტიკად სცემეს, მერე კი მამას მიუყვანეს,- ჩაიბარეო!

გაერდაცვლილის დედის თქმით, ქალს ცემისაგან ფეხები და ტანი სულ დალურჯებული ჰქონდა. ჯეირანოვას მეუღლე, რომელიც მწყემსია, ამ დროს ფერმაში იყო. ნაცემი და შეურაცხყოფილი ქალი იმ საღამოსვე საგარეჯოს პოლიციის იორმუღანლოს ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა მამის სახლიდან სოფლის რწმუნებულის, მაჰმუდ ალიევის სახლში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ქალის მამამ რწმუნებულს გამუდმებით ურეკავდა, შვილი შინ გამატანეო. ბოლოს და ბოლოს ის სახლში დედამ წაიყვანა, სადაც ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხრჩო.

ხანუმ ჯეირანოვას 10 და 12 წლის ობლები დარჩა. როცა ჯეირანოვას მეუღლე აჯი გასანოვი ფერმიდან დაბრუნდა, სახლში გარდაცვლილი ცოლი და ატირებული შვილები დახვდა.

ეს ტრაგედია პირველად "კვირის პალიტრამ" გაახმაურა. ჰაჯი ჰასანოვი ამ უბედურებას ნათესავებს აბრალებდა:

"მე და ჩემმა ცოლმა 14 წელი სიყვარულით ვიცხოვრეთ. ორი შვილი გვყავს... ცხვარში ვიყავი, ეს ამბავი რომ მოხდა. ჩემმა ბიძაშვილებმა დაიჭირეს ხანუმა, ვიღაც კაზლარელი აზახალას მანქანაში ჩატენეს და სცემეს. ის ბიჭი, აზახალა, გაქცეულა. მერე "ნივაში" გადაუსვამთ და მოუყვანიათ სოფლის ცენტრში. იქ საჯაროდ სცემეს და შეარცხვინეს. ხანუმა შინამდე ფეხშიშველი მოსულა... მთიდან რომ ჩამოვედი, ცოლი მკვდარი დამხვდა. ხანუმა პატიოსანი იყო. ბავშვებს გარდაცვლილი არ ვანახე, არ მინდოდა ასე დამახსოვრებოდათ. რა აზრი აქვს, აწი, ჩემს სიცოცხლეს. არც მშობლები მყავს, ცოლმაც თავი მოიკლა. ამის ღირსი არ იყო ჩემი ცოლი. 16 წლისა მოვიტაცე. 14 წლის სიამტკბილობის შემდეგ ასე დასრულდა ჩვენი ცხოვრება".

- ბევრჯერ ვუთხარი პროკურორს, გამოიძიეთმეთქი. ვერ აიტანა გოგომ შეურაცხყოფა და თავი მოიკლა. ორი ობოლი დარჩა, ახლა მისი ქმარიც ციხეშია. ჩვენ რა ვქნათ, არ უნდა იყოს სამართალი? - კითხულობს ხანუმას მამა ზაჰიდ ჯეირანოვი.

ცოლის დაკრძალვის შემდეგ ჰაჯი გასანოვი, სიმამრთან ერთად, რამდენიმე თვე დადიოდა პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და იმ ოთხი კაცის დასჯას მოითხოვდა, რომლებიც მის ცოლს სოფელში დაატარებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ისინი ხანუმ ჯეირანოვას შეურაცხყოფასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში აივაზ გასანოვს, ნოვრუზ გასანოვს, ელჩინ დეიხანოვსა და აფკან გუსეინოვს დღემდე ადანაშაულებენ, მაგრამ პროკურატურამ არცერთი მათგანი არ დააკავა.

ჯეირანოვას ქმრის, აჯი გასანოვის ბრალის დადგენილების თანახმად, მისი სიმამრიც ადასტურებს, რომ 2014 წლის 14 დეკემბერს ბრალდებულმა აფკან გუსეინოვი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა, რადგან მას ცოლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. აჯი გასანოვი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება და განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

როგორც ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ხანუმ ჯეირანოვის მამამ, ზახიდ ჯეირანოვმა განაცხადა, მისი შვილის თვითმკვლელობის საქმე პროკურატურამ არ გამოიძია, დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ და სწორედ, ამან აიძულა მისი სიძე, რომ აფკან გუსეინოვისთვის ესროლა.

ადვოკატი მზია სიჭინავა ჰაჯი ჰასანოვს იცავს:

- სამართალდამცავები აქეთ დევნიან დაზარალებულებს. წინა კვირას სიძის პროცესზე მიმავალი ზაჰიდ ჯეირანოვი პოლიციამ გააჩერა, მოხვევის მაჩვენებელი არ გქონდა ჩართულიო. პოლიციელები ამბობენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენაო. ეს დაუმორჩილებლობაში ჩაუთვალეს და სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პოლიციამ ჯეირანოვი საგანგებოდ გააჩერა, რომ პროცესზე ვერ მიესწრო - მას განცხადება უნდა გაეკეთებინა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო. ვიღაცებს ხელს არ აძლევთ დამნაშავეების დასჯა. ჯეირანოვას საქმე არ არის ერთადერთი ამ სოფელში. ქალებს ქუჩაში სასტიკად უსწორდებიან და პოლიცია ხმას არ იღებს.

თეა ხურცილავა

ეთერ ერაძე

(სპეციალურად საიტისთვის)