სიყვარულის სახელით გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი - კვირის პალიტრა

სიყვარულის სახელით გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი

მდინარისგან გამორიყული ახალგაზრდა ქალის გვამი მეთევზეებმა იპოვეს. ხალხიც ბლომად შეიყარა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ დაღუპულის სახე და სხეული ისე იყო შეცვლილ-დამახინჯებული, ვერავინ ამოიცნო. თან ადგილობრივთაგან არავინ ეძებდა დაკარგულ ქალს.

გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან მორიგ კრიმინალურ ისტორიას გთავაზობთ. გამომძიებელი ნელი ოქრუაშვილი თავისი პრაქტიკიდან მორიგ კრიმინალურ ამბავს იხსენებს:

- მდინარისგან გამორიყული ახალგაზრდა ქალის გვამი მეთევზეებმა იპოვეს. ხალხიც ბლომად შეიყარა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ დაღუპულის სახე და სხეული ისე იყო შეცვლილ-დამახინჯებული, ვერავინ ამოიცნო. თან ადგილობრივთაგან არავინ ეძებდა დაკარგულ ქალს...

გვამი პროზექტურაში გადავასვენეთ. ფოტოები გადავუღეთ და გავავრცელეთ. ტელევიზიითაც გადაიცა ინფორმაცია. მეორე დღესვე მოგვაკითხეს დაღუპულის პოვნის ადგილიდან საკმაოდ შორს მცხოვრებმა დეკანოიძეებმა (გვარ-სახელები აქ და შემდგომ შეცვლილია). ფოტოზე თავიანთი 22 წლის ქალიშვილი ამოუცნიათ, რომელიც 2 კვირის წინ გაპარულა შინიდან და წერილიც დაუტოვებია, საყვარელ ადამიანთან ერთად მივდივარ და არ მეძებოთო...

- გელა ოდიკაძე ჩვენი მეზობლების ახალმოყვანილი რძლის ნათესავია და როგორც გავიგეთ, ორჯერ უკვე მოუსწრია დაქორწინება-განქორწინება. ამიტომაც ავუკრძალეთ მისი სიყვარული. ქორწილში გაიცნეს ერთმანეთი. მერე რამდენიმეჯერ ჩამოაკითხა მაიას, ოჯახშიც მოვიდა და უარით გავისტუმრეთ. ვურჩიეთ, ცოლს შერიგებოდა, ვისთანაც შვილიც ჰყავდა... ეგ თქვენი საქმე არ არისო, - უხეშად გვითხრა. შევატყვეთ, ნერვებიც არ ჰქონდა მთლად წესრიგში, ამიტომ ვუთხარით მაიას კატეგორიულად, რომ თუ მაინც იმ ბიჭზე იფიქრებდა, მის სახელს აღარ ვახსენებდით! - გვითხრეს მშობლებმა და გელა ოდიკაძეს დასდეს ბრალი ქალიშვილის მკვლელობაში. განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა ეს ეჭვი, რაც ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც გოგონა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გააუპატიურეს. სხვა ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა და ძნელი სათქმელია, ცოცხალი გადააგდეს წყალში თუ უკვე მკვდარი.

სასწრაფოდ დავაზუსტეთ ეჭვმიტანილის კოორდინატები და შინ მივაკითხეთ, სადაც მისი დედა, ცოლი და 4 წლის ვაჟი დაგვხვდნენ:

- გელა აქ ორი წელია აღარ ცხოვრობს. რაც ერთმანეთს დავშორდით, სახლიდან თვითონ წავიდა, რადგან წასასვლელი მე არსად მქონდა. არც ჩემს დედამთილს აქვს სხვა ბინა და იძულებული ვართ, ერთად ვიყოთ. გელა იშვიათად მოდის, ფული მოაქვს დედისთვის და შვილისთვის. თვეზე მეტია, არ გამოჩენილა, - გვითხრა გელას ცოლყოფილმა.

- რატომ დაშორდით?

- მეუბნებოდა, მიყვარხარო... თურმე არ ვუყვარდი. რომ დავფეხმძიმდი, მშობლებმა, შინიდან გამომაგდეს და გელამ ბავშვის გამო შემირთო ცოლად, მერე კი მიმატოვა. საერთოდ უცნაური ბიჭია. ფსიქიატრთანაც კი მკურნალობდა, რადგან ჯარიდან დაბრუნებული (ერთი წელი ავღანეთში იბრძოდა), თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.

როცა მისი ფსიქიატრთან მკურნალობის ამბავი შევიტყვეთ, ეჭვიც აღარ შეგვპარვია, რომ კვალს ნამდვილ დამნაშავესთან მივყავდით...

გადავწყვიტეთ მის მკურნალ ექიმს გავსაუბრებოდით და, ჩვენდა გასაოცრად, იმაზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ, ვიდრე წარმოგვედგინა: გელა ოდიკაძე კლინიკაში თავისი ფეხით მისულა სწორედ ორი კვირის წინ. სავარაუდოდ, ჩადენილი მკვლელობის მეორე დღეს და ახლა მათთან მკურნალობდა. ადრეც მისულა მსგავსი ჩივილით - ეჩვენებოდა, რომ სიბნელეში ვიღაც დასდევდა ფეხდაფეხ, თავში უპირებდა რაღაცის ჩარტყმას... მოკლედ, დევნის მანია ჰქონდა, - ვერ იტანდა მარტოობასა და სიჩუმეს, ვერ იძინებდა...

- ჩვენ ვალდებული ვართ გამორჩეული ყურადღებით მოვეპყრათ, როგორც ავღანეთ

ის ომის მონაწილეს. ხომ იცით, იქიდან ბევრი დაბრუნდა დაინვალიდებულ-გაუბედურებული. გელას ფსიქიკა მოეშალა. რას ვიზამთ, ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობას...

- რა თქვა, ახლა რატომ ვარ ცუდადო?

- სიმართლე გითხრათ, არ მჯერა მისი ნათქვამის. თითქოს ვიღაც შეუყვარდა და ის გოგონა იმ დღეს ცოლად უნდა მოეყვანა. სადღაც ელოდებოდა სახლიდან გამოპარულს. მოვიდა კიდევაც ის გოგო, კვალდაკვალ კი ვიღაც იარაღიანი ბიჭი მოჰყვაო. გელას თქმით, იმ ბიჭს მაია უცემია, მას კი მოკვლით დამუქრებია. გელას იარაღის პანიკურად ეშინია. თავქუდმოგლეჯილი გამოქცეულა მიუხედავად იმისა, რომ გოგო კივილ-წივილით ეხვეწებოდა, არ დამტოვოო...

ფსიქიატრს გავუმხილეთ, რომ მაია დეკანოიძე ორი კვირის წინ დაიკარგა და მდინარემ გამორიყა. სიკვდილამდე გაუპატიურებულია და როგორც ჩანს, მკვლელი ოდიკაძეა, რომელმაც ახლა ფსიქიატრიულ კლინიკას შეაფარა თავი...

- ოდიკაძე და მკვლელი? - გაუკვირდა ექიმს, - თუმცა, რას გაიგებ, - მხრები აიჩეჩა...

ოდიკაძესთან გასაუბრება მხოლოდ ორი დღის შემდეგ შევძელით.

- შენთვის უკეთესია, თუ აღიარებ, რომ მაია დეკანოიძე გააუპატიურე და კვალის დაფარვის მიზნით გადააგდე მდინარეში. ცოცხალი თუ მკვდარი, ამას აღარა აქვს მნიშვნელობა, რადგან გოგო მკვდარი ვიპოვეთ...

ოდიკაძემ ფერი დაკარგა და აღრიალდა:

- ის ბიჭი მეც მომკლავს!.. არც მე დამინდობს!..

გაგრძელება იხილეთ