"ვერაფრით ვათქმევინე ვისთან მღალატობდა, გავღიზიანდი და მოვკალიო" - კვირის პალიტრა

"ვერაფრით ვათქმევინე ვისთან მღალატობდა, გავღიზიანდი და მოვკალიო"

" შემთხვევის ადგილზე ისეთი საშინელი სურათი ვნახე, ახლაც გონზე არ ვარ. რაღაც ენითაუწერელი უბედურება სჭირს ამ ოჯახს, სამწუხაროდ, გარდაცვლილის მამამაც მეუღლე მოკლა."

კიდევ ერთი ოჯახური ძლადობის მსხვერპლი ქალი და დაობლებული 11 წლის მოზარდი. ტრაგედია დატრიალდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში. 36 წლის გია სოსელიამ საკუთარ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე 34 წლის მეუღლეს დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, ლამის მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობა, ცემდა და მოკვლით ემუქრებოდა. ამბობენ იმასაც, რომ ეს იცოდნენ სამართალდამცავებმაც, რომლებმაც ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები არ მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკველობამდე 5 დღით ადრე, სამართალდამცავებმა გია სოსელია ცოლზე ძალადობის გამო დაკითხეს და გაფრთხილებაც მისცეს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი...

მკვლელობა დილით მოხდა. მამამ შვილი სკოლაში გააცილა, შინ შებრუნებულმა ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი მეზობელს გაუმხილა ცოლის მკვლელობა და სამართლადმაცავებსც ჩაბარდა.

ფრიდონ ასათიანი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კირცხში:

- შემთხვევის ადგილზე ისეთი საშინელი სურათი ვნახე, ახლაც გონზე არ ვარ. რაღაც ენითაუწერელი უბედურება სჭირს ამ ოჯახს, სამწუხაროდ, გარდაცვლილის მამამაც მეუღლე მოკლა. როგორც გავიგე, ეს ქალბატონი რამდენიმე თვის წინ, სენაკის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში რეაბილიტაციას გადიოდა, პრობლემები ჰქონდა ქმარსაც და დამამშვიდებელ წამლებს იღებდა. მკველობის შემდეგ მეზობლისთვის უთქვამს ბავშვს მიმხედეთ, არავინ დამიჩაგროსო... გამოძიება დაწყებულია, მკვლელიც დაკავებულია და იმედი მაქვს, ყველაფერი დეტალურად გაირკვევა.

რევაზ სოსელია, ოჯახის ახლობელი:

- ტრაგედია ეჭვიანობის ნიადაგზე დატრიალდა, როგორც ვიცი, სამი თვის წინ ცოლ-ქმარი საკუთარი გადაწყვეტილებით კლინიკაში მივიდა, ქალის ფსიქიკური მდგომარეობა უფრო რთულად იყო და რამდენიმე დღე დატოვეს. გიას მედიკამენტური მკურნალობა დაუნიშნეს და იმ დღესვე გამოუშვეს. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არანიარი რეალური მიზეზი ეჭვიანობისთვის არ არსებობდა. გია რატომღაც ფიქრობდა, რომ მეუღლე რაღაცას უმალავდა. ორი დღის წინ ამბობდა, რომ დარწმუნდა მეუღლის ავადმყოფობაში, მერე რა გადაუტრიალდა გონებაში, ვერ ვხვდები. შემთხვევის წინა დღეს მეზობელს ყანის დათესვაში ეხმარებოდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. მე ვნახე გია, ვიდრე პოლიცია დააკავებდა, - ვკითხე, რატომ მოკლი, რა მოხდა-მეთქი? - მიპასუხა, ვერაფრით ვათქმევინე ვისთან მღალატობდა, გავღიზიანდი და მოვკალიო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს დადანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)