რაში ადანაშაულებს ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული "ოქრიკა" ალექსანდრე ჭიკაიძეს?! - კვირის პალიტრა

რაში ადანაშაულებს ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული "ოქრიკა" ალექსანდრე ჭიკაიძეს?!

გასული წლის 2 სექტემბერს, აბაშიძის ქუჩაზე 27 წლის ლაშა მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბიჭისთვის ჭრილობები სასაიკვდილო აღმოჩნდა.

დამნაშავე "მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა და იგი მძღოლთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 10-დღიანი ძებნის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ("ოქრიკა")დააკავეს. ის ქართულ მხარეს ერგნეთში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსცეს, სადაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დაიჭირეს.

გიორგი ოქროპირიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, ირწმუნება იმასაც, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაადგნენ თავს ოსი ძალოვანები.

გიორგი ოქროპირიძე განზრახ მკვლელობისთვის, იარაღის უკანონო ტარება-შენახვისა და ქურდობისთვის მანამდე უკვე იყო გასამართლებული. სასჯელთა შეკრებითობით, 16 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. უზენაესმა სასამართლომ სასჯელი ოდნავ შეუმცირა და 13 წელი და 5.000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც ყველას, ოქროპირიძესაც შეეხო საყოველთაო ამნისტია. შეკრებითობაც გაუქმდა და არჩევნების შემდეგ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა განუსაზღვრეს. არც ამით დაკმაყოფილდა, შეწყალება სთხოვა პრეზიდენტ მარგველაშვილს, მანაც სასჯელი გაუნახევრა, ამის შემდეგ ოქროპირიძემ კიდევ ერთი გზა გამოიყენა ციხიდან გამოსასვლელად - ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართა და ის ციხიდან გამოუშვეს. პროკურატურის მტკიცებით, პირობითად მსჯავრდადებულმა ოქროპირიძემ 2 სექტემბერს ლაშა მახარაძე მოკლა და მიიმალა.

გიორგი ოქროპირიძის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):

"ჩემს მშობლებს მე ვყავარ მხოლოდ და როგორია, მიაძახონ, მკვლელი შვილი გაგიზრდიათო. ძალიან ცუდი ფაქტია მომხდარი, მაგრამ ტრაგედიას ტრაგედიას ნუ დაამატებთ. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვარ, სპორტსმენი, ცოლი მინდა მოვიყვანო და ვიცხოვრო. არავის მოკვლა არ მნდომებია, მით უმეტეს, ლაშა მახარაძის. მაღალჩინოსნებს ჰქონდათ ჩემ მიმართ ინტერესი და ეს მომიწყვეს... მე იქ არ ვყოფილვარ. მაშინ მოტივი მითხრას პროკურატურამ, რატომ მოვკლავდი ლაშა მახარაძეს?"

ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე პირველივე დღიდან დარწმუნებული იყო, რომ შვილი ოქროპირიძემ მოუკლა. "ოქროპირიძე ჩემი შვილის ახლო ამხანაგი არ ყოფილა. ის ჩვენი უბნელია. არც ის ინფორმაციაა სიმართლე, თითქოს ჩემს უფროს შვილთან, თენგოსთან ჰქონდა ციხეში კონფლიქტი და მერე ლაშაზე იძია შური. ისინი ერთ საკანში არასოდეს ყოფილან, მაგრამ ვიცი, რომ თენგო, როგორც უმცროს უბნელ ბიჭს, პატივს სცემდა, უყოფდა შაქარს, ჩაის, ტანსაცმელს. ამ არაკაცმა კი ასე დააფასა ის ურთიერთობა... მკვლელმა კარგად იცოდა, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს - შარშან თენგო მეუღლესა და შვილთან ერთად ავარიაში მოყვა და სამივე დაიღუპა. ლაშა ამ ტრაგედიას საშინლად განიცდიდა. მთელი დღეები იჯდა გარინდული და ხმას არ იღებდა. იმ ტკივილს რა მოგვიშუშებს, ახლა ლაშას მკვლელობა... არ ვიცი, როგორ ასწია იმ არაკაცმა ლაშაზე ხელი, როგორ დაახალა ტყვიები. ოქროპირიძე უახლოესი მეგობრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დედამისმა ციხეში წამების ფაქტები დაიხვია ხელზე და იმდენი გააკეთა, მკვლელი გარეთ გამოიყვანა.

ლაშას არავისთვის არაფერი დაუშავებია. მკვლელი კი თურმე სიით დადიოდა, უნდა დაეხოცა ხალხი, ეს ცნობილია, ბევრს ემუქრებოდა მოკვლით. დარწმუნებული ვარ, ლაშა იმ სიაში არ ყოფილა. შემთხვევით გადაეყარა მას აბაშიძის ქუჩაზე. ეტყობა, ქუჩაში შეყოვნდა, ალბათ, ვინმეს ელოდებოდა, და ამ დროს გამოიარა ოქროპირიძემ ბერძენიშვილის მანქანით.... ოქროპირიძე ამ ტრაგედიამდე ორი თვით ადრე დაჭერილი ჰყავდათ - დოლიძის ქუჩაზე მან ორი ახალგაზრდა დაჭრა. ბიჭები გაიქცნენ და ზურგიდან დააწია ტყვიები. მაშინ ოქროპირიძე დაიჭირეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. ამის მერე ქუჩაში ისევ იარაღით დადიოდა და თურმე გაიძახოდა, მწვანე მაქვს იარაღზეო. გამაგებინეთ, ვინ მფარველობს მას? - აცხადებად ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე "კვირის პალიტრასთან" (იხ. სტატია).

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეს საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, სწორედ სხდომის მიმდინარეობისას გააკეთა ოქროპირიძემ სკანდალური განცხადება და მკვლელობის საქმეში შს ყოფილ მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ფაქტორზე ილაპარაკა.

როგორც ოქროპირიძემ დღეს სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების წინაშე ჩვენების მიცემისას განაცხადა, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ინფორმაცია აქვს, რომ ლაშა მახარაძეს ვინმე ვლადიმერ ბერძენიშვილმა ისროლა, რომელიც ჭიკაიძის ნათესავია. ოქროპირიძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით წინა დღეს დაიხურა იმ მოტივით, რომ დარბაზში მყოფები სასამართლო პროცესს ხელს უშლიდნენ. დეტალებზე ჟურნალისტებთან ადვოკატმა და პროკურორმა ისაუბრეს.

როგორც ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ განაცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფმა დღეს მიცემული ჩვენების დროს ისიც თქვა, რომ ვლადიმერ ბერძენიშვილი მკვლელობის შემდეგ მივიდა ოქროპირიძესთან და დახმარება სთხოვა. "ის ამბობს, რომ იმყოფებოდა აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ეზოში, რა დროსაც მასთან მივიდა ბერძენიშვილი და უთხრა, რომ ლაშა მახარაძე ვნახეთ "მივუსვითო". ამაში იგულისხმობდა ის, რომ ბერძენიშვილმა ესროლა მახარაძეს შემდეგ ოქროპირიძეს სთხოვა დახმარებოდა იარაღისა და რუსული სანომრე ნიშნების შეცვლაში, ასევე ოქროპირიძემ ისიც თქვა, რომ ავტომობილი, რომელსაც ბერძენიშვილი ფლობდა და რომელიც მკვლელობის ადგილას არის დაფიქისრებული, ბაგებში წყნეთის გზაზე ჭიკაიძის საცხოვრებელი სახლის ფარეხში იპოვეს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბრალდებულმა ასევე ილაპარაკა მის მიმართ ლაშა მახარაძის მკვლელობამდე განხორციელებულ ზეწოლაზე. კერძოდ, ოქროპირიძემ აღნიშნა, რომ მკვლელობამდე იგი საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს "თაღლაურასთან", სადაც ავტომობილში იმყოფებოდა შს მაშინდელი მინისტრი ალექსანდე ჭიკაიძე, ჩაისვეს ავტომობილში და მას შესთავაზეს, რომ ყოფილიყო ზონდერი. უარის შემდეგ კი, როგორც ადვოკატი ამბობს, ოქროპირიძის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა.

"სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმას, რომ შეუთითხნეს ბრალდება", - განაცხადა მათე ხარჭამაძემ (წყარო).

პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემაც, რომელიც ამბობს, რომ დღეს ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებაში არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად, პროკურორი ოქროპირიძის ბრალდებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.