შეყვარებული ქალის დღიური და თვითმკვლელობად გასაღებული მკვლელობა - კვირის პალიტრა

შეყვარებული ქალის დღიური და თვითმკვლელობად გასაღებული მკვლელობა

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ვაჟა ასეთი გულქვა აღმოჩნდებოდა... მუქარას ძირითადად ელენე კილაძის პირით მითვლის. ვერც ელენეს გავაგებინე, რომ ბავშვს გავაჩენ და უმამოდაც მშვენივრად გავზრდი. მე ამ ბავშვით ვაჟას შანტაჟს არ ვაპირებ. ვერავინ გაიგებს, რომ მამა ის არის და თუ უნდა, ბავშვსაც ნუ ნახავს."

ყოფილი გამომძიებელი ბატონი კობა ბითაძე კიდევ ერთ კრიმინალურ ამბავს იხსენებს:

- როცა 32 წლის მანანა ხმელიძემ (გვარი და სახელი აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) თავს საბედისწერო განაჩენი გამოუტანა და დილით ბებიამ სახლის უკან იპოვა ჩამომხრჩვალი, არავის გაჰკვირვებია...

მანანა მასწავლებელი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არც ისე ახლოს იყო მის სახლთან, ხალხით სავსე ტრანსპორტში ასვლას, ფეხით სიარულს ამჯობინებდა. სწორედ ფეხით მიმავალი შენიშნა ის ვაჟა ტყემალაძემ. წვიმდა, მაგრამ ქალს ქოლგა არც კი გაეშალა, თითქოს ვერც ამჩნევდა, რომ სველდებოდა... მანქანა გაუჩერა და, დაბრძანდითო!..

მანანა არც დაფიქრებულა, ისე ჩაუჯდა, მიესალმა და მერე დააკვირდა. შეიშმუშნა, რომ ვერ იცნო და მოუბოდიშა:

- ახლომხედველი ვარ და უსათვალოდ კარგად ვერ ვხედავ, ნაცნობად ჩაგთვალეთ, მაპატიეთ...

- არა უშავს, ხდება ხოლმე! - გაუღიმა მამაკაცმა და როცა მანანამ სკოლასთან გაჩერება სთხოვა, ჰკითხა, - პედაგოგი ხართ?

- დიახ, გმადლობთ, - უპასუხა და ეზოში მოსწავლეთა ნაკადს შეერია...

ვაჟა ტყემალაძე სკოლასთან ახლომდებარე საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა. სწორედ იმ დილით შეუსრულდა 40 წელი, მანანას რომ შეხვდა და რადგან მთელი დღე ვერ მოიშორა დაბნეულ, მაგრამ მომხიბვლელ მასწავლებელზე ფიქრი, ნაშუადღევს სამსახურიდან გამოსულმა, განგებ გააჩერა მანქანა სკოლის შორიახლოს. დიდხანსაც არ დასჭირვებია ცდა. მანანა მალე გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ აიღო გეზი.

- ქალიშვილო! - დაადევნა ხმა ტყემალაძემ და თან მანქანიდან გადმოვიდა.

მანანამ ამჯერად იცნო, თუმცა მისი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა:

- ხომ გითხარით, რომ ნაცნობი მეგონეთ... - დააპირა საყვედურის თქმა, მაგრამ კაცმა შეაწყვეტინა:

- დღეს ჩემი დაბადების დღეა და რატომღაც ჩავთვალე, რომ ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი. არ მინდა ეს დღე ტრადიციულად გავატარო და იქნებ... ერთად გვესადილა...

- დაბადების დღეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ...

- საღამოს ასეც იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება მანამდე ისე მოვიქცე, როგორც გამიხარდება?! - თქვა და ჯიბიდან პასპორტი ამოიღო, - აი, ნახეთ და დარწმუნდებით, რომ არ ვიტყუები... მე ვაჟა ვარ...

- მანანა!- მოტყდა ქალი და მანქანაში ჩაუჯდა.

ქალაქგარეთ ისადილეს.

ვაჟა ტყემალაძეს არ დაუმალავს, რომ ცოლშვილიანი იყო...

მანანამ კი სინანულით გაიხსენა წარსული: - 16 წლის მომიტაცა შეყვარებულმა, მაგრამ მშობლებმა და ძმებმა დაგვაშორეს. 19 წლის ბიჭი ციხეში გამოკეტეს და პრაქტიკულად მეც "ციხეში" მამყოფებენ დღემდე...

- "ის" ახლა სადაა?

- არ ვიცი... რაც ციხიდან გამოვიდა, ქალაქში აღარ გამოჩენილა, არც მე გამკარებია. არადა, ციხეში წერილებს ვწერდი და ვპირდებოდი, რომ მის გარდა არავის ცოლი არ გავხდებოდი, დაველოდებოდი... მხოლოდ ერთხელ მიპასუხა: რომ გყვარებოდი, მშობლებს არ დაუჯერებდი და ციხისთვის არ გამიმეტებდიო!..

- ახლაც გიყვარს? - ჰკითხა გაოცებულმა ტყემალაძემ.

- ახლა აღარ... მართლა აღარ მიყვარს...

- არც სხვა ვინმე?

- არა, ყველა განათხოვრად მთვლის და სხვა თვალით მიყურებენ...

- თქვენ შორის რამე იყო? - იკითხა კაცმა.

- ორი კვირა ვიმალებოდით და... ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი...

წყვილი მომდევნო დღეებშიც ხვდებოდა ერთმანეთს. კაცი არ ჩქარობდა და მშვიდად ელოდა, როდის გამოიჩენდა ქალი ინიციატივას, რომ თვითონ ნაკლები პასუხისმგებლობა ეგრძნო. ტყემალაძე ოჯახს

არავის გამო არ მიატოვებდა: შვილებიც უყვარდა და ცოლიც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ღალატობდა. მანანაც არ იყო პირველი, ვისი გამოყენებაც გასართობად სურდა, არადა, ქალს იგი თავდავიწყებით შეუყვარდა...

როცა ძალიან დაახლოვდნენ, კაცმა შეფარვით კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ მასზე სერიოზულად არ ეფიქრა. ქალი არ შესწინააღმდეგებია, არც გულისტკივილი გამოუთქვამს, სამაგიეროდ, ყველა თავის განცდას დღიურებს ანდობდა. იმ დღიურებს, რომელთა არსებობის შესახებაც არავინ იცოდა...

თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მანანა ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად, დედის დედასთან, რომელსაც ცოტა მძიმე ხასიათი ჰქონდა და ამიტომ თვითონაც მარტო ერჩივნა ცხოვრება და შვილებიც მისგან მოშორებით უკეთ გრძნობდნენ თავს. ბოლო ხანს კი მოხუცი ავადმყოფობდა და ყველაზე უკეთ მანანას შეეგუა, არ შესწინააღმდეგებია, როცა შვილიშვილმა მასთან გადმოსვლა გადაწყვიტა... ერთ დილით კი სწორედ ბებიამ იპოვა ის სახლის უკან ხეზე ჩამომხრჩვალი:

- საერთოდ, უძილობა მტანჯავდა და მთელ ღამეებს თეთრად ვათენებდი. მანანამ ექიმი მომიყვანა, მან კი დამამშვიდებლები გამომიწერა ძილის წამალთან ერთად. მეც ღამის 9 საათზე რომ დავლევ წამლებს და დავწვები, დილამდე მძინავს...

ტრაგედიის ღამეს ბებია-შვილიშვილთან საეჭვო მისვლა-მოსვლა არც მეზობლებს შეუნიშნავთ და არც ახლობლებს, თუმცა სხვა დროს ხშირად დაუნახავთ, სწორედ ღამის 9 საათის შემდეგ შინიდან გამოსული მანანა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილი სამი თვის ფეხმძიმე აღმოჩნდა და როცა ეს გაიგეს, მამამ და ძმებმა აგვიკრძალეს ფაქტის გახმაურება: - ნუ მოსჭრით ჩვენს ოჯახს თავს და შეწყვიტეთ გამოძიება. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. მანანამ იცოდა, თუ მსგავს ნაბიჯს გადადგამდა, არ ვაცოცხლებდით, ეჭვი არ არის, მან ეს ნაბიჯი შეგნებულად, სირცხვილის დასაფარავად გადადგა...

ჩვენც აღარ გამოგვიდვია თავი და ოჯახის თხოვნით საქმეც დაიხურა. ხმელიძე დაასაფლავეს და რომ არა მისი ერთ-ერთი მეგობარი, რომელმაც სამი თვის შემდეგ მოგვაკითხა, ალბათ სიმართლეს ვერავინ ვერასოდეს გაიგებდა და დამნაშავეც მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას...

იზა მანჯგალაძე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც არ შეეძლო იმის დაჯერება, რომ მანანა ხმელიძე თავს მოიკლავდა...

გაგრძელება იხილეთ