"აფხაზეთის ომს გადაურჩა და აქ, ქართველის ტყვიამ შეიწირა" - მკვლელობა თელავში - კვირის პალიტრა

"აფხაზეთის ომს გადაურჩა და აქ, ქართველის ტყვიამ შეიწირა" - მკვლელობა თელავში

"გულმა არ მომითმინა, ჩავედი და მაღაზიისკენ წავედი, სადაც უკვე პოლიციის თანამშრომლები ტრიალებდნენ... იქვე ჩემი შვილის ცხედარიც დავინახეო..."

"აფხაზეთის ომს გადაურჩა და აქ, ქართველის ტყვიამ შეიწირე, უაზროდ და უმიზეზოდ, მართლაც როგორ არაფრის გამო მოკლეს საწყალი ბიჭი," - ამბობს თელავში მოკლული ვალერი ვარშალომიძის ოჯახის ახლობელი.  34 წლის მამაკაცს, გვიან ღამით მაშინ ესროლეს, როდესაც მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად ჩავიდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს სხვა პირებთან ჰქონდა ჩხუბი, რის შემდეგადაც ის სახლში იარაღისთვის წავიდა, უკან დაბრუნებულს კი, მაღაზიასთან მათ ნაცვლად სიგარეტის საყიდლად მყოფი ვალერი ვარშალომიძე დახვდა, რომელსაც 3 ტყვია ესროლა. ვალერი ვარშალომიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ჩვენ გარდაცვლილის მეზობელს ვესაუბრეთ:

- აფხაზეთიდან არიან დევნილები, ალბათ ათ წელზე მეტია ეს ოჯახი აქ ცხოვრობს. კომპაქტურად არ არიან დასახლებული, ბინის ყიდვა მოახერეხს. სიკდილის შემდეგ, ყველაზე კარგს ამბობენ, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, ვალერი მართლა გამორჩეულად კარგი და პატიოსანი ბიჭი იყო. დედამისი იქვე მაღაზიაში მუშაობდა და მას ეხმარებოდა ხოლმე. საერთოდ ძალიან წესიერი ოჯახია. ერთი და დარჩა ვალერის... ოჩამჩირიდან არიან.

- ცოლ-შვილი არ ჰყავდა?

- არა.

- რა მოხდა იმ ღამეს?

- ეჭვმიტანილს სხვა ბიჭებთან ჰქონია დაპირისპირება, რა იყო საბაბი ამას ალბათ გამოძიება გაარკვევს. თუმცა, იარაღის მოსატანად გაქცეულა სახლში, მაგრამ ვიდრე დაბრუნდა, ის ბიჭები იქ აღარ დახვდნენ. სწორედ ამ მაღაზიაში ჩასულა ვალერი სიგარეტის საყიდლად და ამას ესროლა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, იმ ჩხუბთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. არ იყო კონფლიქტური ბიჭი... როგორც დედამისი ჰყვება, ვალერი სიგარეტის საყიდლად ჩავიდა მაღაზიაში. რომ დაიგვიანა, დედამ მობილურზე დაურეკა, მაგრამ არ უპასუხა... "გულმა არ მომითმინა, ჩავედი და მაღაზიისკენ წავედი, სადაც უკვე პოლიციის თანამშრომლები ტრიალებდნენ... ჩემი შვილის ცხედარიც დავინახეო..." - ჰყვება უბედური დედა. გაჭირვებით გამოზარდა ამ ოჯახმა შვილები, - დევნილობა, ცხოვრების თავიდან აწყება, აქამდე მოვიდნენ და ლამის საკუთარი სახლს კარებთან, სრულიად უმიზეზოდ მოუკლეს.

- მკვლელობაში ეჭვმიტანილიც ადგილობრივი მცხოვრებია?

- სოფელ ვაზისუბნიდან არის, მე არ ვიცნობ. 30 წლის ყოფილა, სპორტსმენი. დაღუპა ვალერი და თავიც დაიღუპა... როგორც ჩანს, შეცდომით ესროლა, სხვა ეგონა. საკუთარი ნებით ჩაბარდა სამართლადამცავებს და ყვიროდა თურმე: - მე ვესროლე, მე მოვკალიო!

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)