"კრიმინალური ავტორიტეტისათვის" ხელის დარტყმის გამო მოკლული 24 წლის ბიჭის მკვლელები გაასამართლეს
ახალი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ერთ-ერთი პირველი და გახმაურებული შემთხვევა 24 წლის პატიმრის, ლევან კორტავას გარდაცვალება იყო. თავდაპირველად იყო მცდელობა მომხდარი წარმოჩენილიყო როგორც უბედური შემთხვევა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პატიმარი კორტავა კიბიდან დაგორდა, თუმცა საბოლოოდ გამოძიება სხვა დასკვნამდე მივიდა.
ლევან კორტავას გარდაცვალების საქამესთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცლეა, რომელშიც ვკითხულობთ: "ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის N14-ე დაწესებულების მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე, ცემის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ექვსი პირი დამნაშავედ სცნო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 12 მაისს, სად-ის N14 დაწესებულებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ქურდული წესების მიმდევრებმა ლაშა კვანტალიანმა, შოთა სინაურიძემ, გელა უშხვანმა, გიორგი შემაზაშვილმა, სოლომონ დაშნიანმა, ნუგზარ ბუჩუაძემ და თეიმურაზ გურეშიძემ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტისათვის ხელის დარტყმის გამო, "ქურდულ სამყაროში" დამკვიდრებული წესების შესაბამისად, მკაცრად დასჯის მიზნით, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, გონების დაკარგვამდე ჯგუფურად სცემეს პატიმარი ლევან კორტავა, რომელმაც განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე მიიღო ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შოთა სინაურიძესა და გელა უშხვანს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ნუგზარ ბუჩუაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლაშა კვანტალიანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სოლომონ დაშნიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თეიმურაზ გურეშიძეს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით მიუსაჯა."
აი, რას ყვებოდა 2013 წელს ლევან კორტავას და, ნათია კორტავა "კვირის პალიტრასთან:"
- იცით, ლევანი რას ჰგავს? ნაცემი და კიბეებზე დაგორებული კი არა, ნაწამებია. ერთი ძვალიც კი არ აქვს მთელი. კისრიდან დაწყებული თითებით დამთავრებული, მთელი ტანი დამტვრეული აქვს. მაჯებში ნახვრეტები აქვს. კიბეებზე დაგორების ან მსხვილ მოხრეშილ ქვებზე დაგორებით მაჯები როგორ დაეხვრიტა? თანაც ორივე ხელზე ერთნაირად?
ლევანი რუსთავის მეშვიდე საპატიმროში იჯდა. გეგუთში ერთი დღით გადაიყვანეს. სწორედ იმ ერთ დღეში მოხდა ეს ყველაფერი. ამის მერე გამოვიდა სოზარ სუბარი და ხან ის თქვა, კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო ტრამვებიო, ხანაც ირწმუნებოდა, ქვებზე დაცემის შედეგად დაზიანდაო. ორივე გამორიცხულია. მისი აღარ გვჯერა, არც გამოძიებას ვენდობით, დახმარებას არასამთავრობო სექტორებს ვთხოვთ და საქმეში დამიუკიდებელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვთ...
- კონკრეტულად თუ გაქვთ ვინმეზე ეჭვი, ვის შეიძლებოდა ეწამებინა?
- ვფიქრობ, ციხის ადმინისტრაციას. ლევანი პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დროსაც რომ დამტვრეულიყო, ციხის ადმინისტრაცია მაინც დამნაშავე იქნებოდა. თუმცა, ეს ასე არ ყოფილა. ამიტომ მოვითხოვთ, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დაისაჯოს, ვინც კი იმ დღეს მორიგე იყო.
იხილეთ სრულად: