როგორ ვებრძოლოთ თვითმკვლელობებს - კვირის პალიტრა

როგორ ვებრძოლოთ თვითმკვლელობებს

საქართველოში სუიციდთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მხოლოდ გახმაურებული ფაქტები აღირიცხება - ჭირისუფლები ცდილობენ ჩუმად ჩაყლაპონ ტკივილი. იზრდება საშინელი სტატისტიკა და არ ილევა მიზეზები.

"თუ ქუჩაში ერთი ადამიანი მაინც გამიღიმებს, ხიდიდან აღარ გადავხტები", -  დაწერა თვითმკვლელობის წინ ერთ-ერთმა... ჩვენც, საკუთარ საფიქრალში ჩაძირულთ, გამოგვეპარა სხვისი სატკივარი...

მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს.

"რულეტკასავით" არის, რომ გამოჰკრავ, შესაძლოა პირველივე გავარდეს, მაგრამ ამისთვის მზად ხარ. თუმცა, ბოლო წამის მემილიონედში ხვდები, რომ არ გინდა გავარდეს და ხელი დაწიო, მაგრამ გვიანია", - ამბობს ერთ-ერთი, ვისაც, როგორც იტყვიან, სულზე მიუსწრეს...

როდესაც 26 წლის ქალმა სიცოცხლე საკუთარი ნებით მოისპო, სოციალურ ქსელში წერდნენ: "რა ნახა კარგი? რაც დაიბადა, იმის მერე საგიჟეთს უყურებს. მსგავსი უბედურება იმ სახელმწიფოს კისერზეა, რომელსაც საქართველო ეწოდება".

თუმცა, თავს იკლავენ სკანდინავიის ქვეყნებშიც, სადაც ადამიანებს ეკონომიკური, მატერიალური პრობლემები არ აწუხებთ. სუიციდით მოწინავეა თანამედროვე ტექნოლოგიური ცივილიზაციის ლიდერი იაპონია. თვითლიკვიდაციას ხშირად მიმართავენ კანადაში, სადაც ყველაფერია იმისათვის, რომ ადამიანმა ბედნიერად იცხოვროს... რას მიჰყავს ადამიანი სუიციდამდე?

დეკანოზი დავით ციცქიშვილი: - ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია და ყველას არ შესწევს ძალა გაუძლოს გაჭირვების წნეხს. მრავალი ახალგაზრდა შვებას ეძებს სასმელში, ნარკოტიკში, აზარტულ თამაშებში და რიგ შემთხვევაში ეს გაქცევა თვითმკვლელობით სრულდება. განათლების დონე დაბალია, ადამიანები ზედაპირულები გახდნენ და ეს მძაფრად ჩანს მოზარდებში, რომელთა წრეებში სალაპარაკო თემები ვიწრო, ყოფით რუტინას შეეხება და არა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. მოზარდს, რომელიც ვერ იღებს განათლებას, არ კითხულობს წიგნს, უჭირს გაუძლოს ტკივილებს, რომლითაც მდიდარია სამყარო.

ასეთ დროს ეკლესიური ბავშვის ცხოვრებაში მოძღვრის ფუნქცია მეხამრიდის როლს თამაშობს. ის ბავშვობიდანვე აჩვევს, რომ სიცოცხლე ღმერთისგან მოგვეცა და მისი ხელყოფის უფლება არავის აქვს. ამიტომაც ეკლესიური ადამიანის ცნობიერებაში დამცავ ბარიერს ქმნის ცოდვის შეგრძნება. აღსარებით, ზიარებით და ლოცვით კი ეუფლება ემოციების მართვის ხელოვნებას. აუცილებელია სტრესული მომენტების გადასატანად ვინმესთან გახსნა, სწორედ ეს განტვირთვის მომენტი დგება მოძღვართან, ისევე, როგორც ფსიქოლოგთან.

ერთი ბელგიელი ქართველი მეუბნებოდა, ბელგიაში ეკლესიები ძირითადად დაკეტილია, მოხუცები თუ შეაღებენ მის კარს, იქ თუ ვინმეს სულიერად უჭირს, ფსიქოლოგები ეხმარებიანო. ჩვენთან ფსიქოლოგთან ვიზიტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ თუ ვინმეს უჭირს, უნდა ახსოვდეს, ეკლესიაში ყველას ელიან.

ამავე დროს სახელმწიფო უნდა ცდილობდეს სოციალური მდგომარეობის შეცვლას და თუ ვერაფერს ცვლის, ხელი აღარ უნდა შეუწყოს ისეთი ფაქტორების განვითარებას, რომელიც უიმედო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დაღუპვისკენ უბიძგებს. უნდა მოგვარდეს სათამაშო სახლების, კაზინოების პრობლემა. უზარმაზარ ვალებში ეფლობიან ადამიანები და მერე თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს.

ბიოლოგი ელა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ სუიციდის ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა: - წლების წინ, პოლიციაში არასრულწლოვანთა დაკითხვებს ვესწრებოდი. ამ ბავშვებს მშობლები ძირითადად ალკოჰოლიკები ჰყავდათ, ძალადობდნენ ერთმანეთზე და შვილებზეც. ყველას არ ჰქონდა ერთნაირი ამტანობა და მოზარდები ტრაგიკულად ამთავრებდნენ სიცოცხლეს. გვაქვს ფანატიზმის შემთხვევებიც. 16 წლის გოგონა სიკვდილამდე წერს, რომ თუ ვკვდები, უკეთეს ცხოვრებაში მივდივარო. მას გაუთვითცნობიერებელი ჰქონდა სიცოცხლის არსი, ცოდვის შეგნება.

სუიციდისკენ მიდრეკილი მოზარდების ამოცნობა შესაძლებელია საერთო ნიშნებითაც - მოჩვენებითი სიმშვიდე, საკუთარ თავში ჩაკეტვა, სოციუმთან გაუცხოება, ე.წ. დაყურსული ბავშვის მდგომარეობა სიგნალია იმისათვის, რომ მას შველა სჭირდება.

კვირაში ერთხელ მოზარდებთან უნდა შედიოდეს ფსიქოლოგი და სასულიერო პირი. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებას, რომლის შედეგად ადამიანში ახალი მიდრეკილება, ახალი ნიჭიც კი იბადება...