"ისიც კი ვიფიქრე, რომ თოკით თამაშობდა და ეს საშინელება შემთხვევით მოხდა" – 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა?! - კვირის პალიტრა

"ისიც კი ვიფიქრე, რომ თოკით თამაშობდა და ეს საშინელება შემთხვევით მოხდა" – 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა?!

"ბიჭი ძალიან ჭკვიანი იყო და დედმამიშვილებს დიდი კაცივით უვლიდა. როგორც გავიგე, პატარები შეესწრნენ, ამ ტრაგედიას. ესეც რა საშინლებაა, მათ კივილზე მივიდნენ მეზობლები, თუმცა ბიჭს ვერაფერი უშველეს. პატარები ალბათ ბოლომდე ვერც გაერკვნენ რა ხდებოდა..."

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში მორიგი ენითაუწერელი ტრაგედია მოხდა, - 11 წლის მოსწავლემ საკუთარი სახლის წინ, და-ძმების თვალწინ თავი ჩამოიხრჩო. ბოლო 4 თვის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა მცირეწლოვანი ბავშვი საკუთარი ნებით ემშვიდობება სიცოცხლეს.

სოფელი შოკშია. იმ ადამიანების თქმით, რომელთა თვალწინაც იზრდებოდა, ბიჭი გამორჩეულად ნიჭიერი და გონიერი იყო. კარგი სწავლითა და ყოფაქცევით გამოირჩეოდა. ბიჭი ოთხ და-ძმას შორის უფროსი იყო. არსებული ინფორმაციით ბავშვები შინ მარტო იყვნენ, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. მომხდარს უმცროსი და-ძმები შეესწრნენ.

კახა ლომიძე, სოფელ ხუნევის რწმუნებული:

- არ ვიცი, რა ვთქვა, ვერავინ იხსნებეს იოტისოდენა მიზეზსაც კი, თუ რას უნდა გამოეწვია ეს საშინელება. ბავშვს მოსიყვარულე დედ-მამა ჰყავდა, მშრომელი და პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ტარგედიისგან გონზე არ არიან.

- ოჯახი სოციალურად დაუცველი ხომ არ არის, ასეთ ოჯახებში მატერიალური სიდუხჭირის გამო ზოგჯერ ბავშვები დათრგუნულები არიან...

- კი, სოციალურად დაუცველი ოჯახია, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ხელმოკლეობის გამო შვილებს თრგუნავენ , ან აშიმშილებენ. როცა ბიჭი გარდაიცვალა, დედ-მამა იმ მომენტშიც მუშაობდა, მამა ბათუმში იყო დღიურ სამუშაოზე წასული, დედა კი სახლიდან ცოტა მოშორებით, ყანაში მუშაობდა, პატარა და-ძმა გარდაცვლილთან ჰყავდა დატოვებული. ბიჭი ძალიან ჭკვიანი იყო და დედმამიშვილებს დიდი კაცივით უვლიდა. როგორც გავიგე, პატარები შეესწრნენ, ამ ტრაგედიას. ესეც რა საშინლებაა, მათ კივილზე მივიდნენ მეზობლები, თუმცა ბიჭს ვერაფერი უშველეს. პატარები ალბათ ბოლომდე ვერც გაერკვნენ რა ხდებოდა... დალაგებულად ვერც კი აღწერენ ამ მომენტს. მათი მონაყოლის მიხედვით, ისიც კი ვიფიქრე, რომ ბიჭი თოკით უბრალოდ თამაშობდა და ეს საშინელება შემთხვევით მოუვიდა. თუმცა უცნაური ისაა, რომ ბავშვს ამგვარი თამაში რატომ უნდა წამოეწყო?! - მან პოლიეთილენის თოკით ყულფი გააკეთა, - ეს ის თოკია, რომლითაც თივის პრესებს კონავენ; მერე საკუთარი ეზოს ღობეზე შედგა, თოკი ხის ტოტზე ჩამოკიდა. ღობე მავთულისაა, მოძრავი, როცა მასზე ადამიანი დგას, აქეთ-იქით ქანაობს და ასე, რომ ბავშვსაც წამსვე გამოეცალა საყრდენი, რის დანახვაზეც პატარები აკივლდნენ...

- ბიჭი იმდენად მცირე ასაკის იყო, რომ შეუძლებელია, თუკი თავის მოკვლას აპირებდა, ვინმესთან რაიმე არ წამოსცდენოდა...

- არაფერი. მხოლოდ ბავშვებისთვის უთქვამს, ცუდ სიზმრებს ვნახულობო...

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)