"აქედან წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავ ან სხვას მოვკლავო" - ვინ არის დამნაშავე ჯარისკაცის თვითმკვლელობაში?! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"აქედან წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავ ან სხვას მოვკლავო" - ვინ არის დამნაშავე ჯარისკაცის თვითმკვლელობაში?! (ექსკლუზივი)

"რატის მამა სახლში იყო, როცა ეს უბედურება დატრიალდა. ეზოდან რაღაც ხმა გაუგია, როცა გარეთ გავიდა, საშინელი სურათი დახვდა, რატი კაკლის ხეზე თოკით ეკიდა"

ტარგედია დატრიალდა ხობის რაიონის სოფელ ყულევში, სადაც რამდენიმე დღის წინ, 18 წლის რატი შამათავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბიჭი სამხედრო მოსამსახურე იყო, როგორც ახლობლები ამბობენ, ჯარისკაცობა მისი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც აიხდინა კიდეც, თუმცა მხოლოდ სამი თვით... ეს სამი თვე ბიჭისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ყვლასთვის მოულოდნელად და აუხსნელად სამხედრო სამსახურის დაწყებიდან სამ თვეში სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების საგუშაგო კოშკიდან პირდაპირ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, რის შემდეგაც ორი კვირის ვადით ოჯახის წევრებს შინ გააყოლეს. რამდენიმე დღის წინ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე რატის ოჯახის წევრებისთვის უთქვამს, - აქედან წამიყვანეთ თორემ, თავს მოვიკლავ ან სხვას მოვკლავო. ვფიქრობთ, გასარკვევია რა ხდებოდა სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში ისეთი, რომ 18 წლის ახალგაზრდა 10 დღის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა. შემდეგ კი ორი კვირით სახლში ჩასულმა, თავისუფლების ვადის ამოწურვის ბოლო დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"კვირის პალიტრა" გარდაცვლილი რატი შამათავას ბიძას, ბესო სიჭინავას დაუკავშირდა.

ბესო სიჭინავა:

- რატის მამა სახლში იყო, როცა ეს უბედურება დატრიალდა. ეზოდან რაღაც ხმა გაუგია, როცა გარეთ გავიდა, საშინელი სურათი დახვდა, რატი კაკლის ხეზე თოკით ეკიდა. მსგავსი რამ უმძიმესი სანახავი იქნება ყველა მამისთვის, გონზე არ არის კაცი. მომავალი წლის 5 იანვარს 19 წელი შეუსრულდებოდა. არაჩვეულებრივი ბუნების ბავშვი იყო, ცდილობდა ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. ყოველთვის ოცნებობდა ჯარისკაცობაზე. გაწვევა ორჯერ მიიღო, მაგრამ იმ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. სოფლის ცხოვრებიდან გამომდინარე ფიზიკურად შრომა უწევდა, თუმცა არასოდეს იზარებდა და ოჯახს ყოველთვის მხარში ედგა. მესამედ რომ გამოიძახეს, სიხარულით წავიდა და იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფში მოხვდა. განაწილებისას, რუსთავში, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში გადაიყვანეს. კოშკზე იდგა. დაახლოებით სამი თვე იყო გასული, როცა ბავშვი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განათავსეს.

- რა გახდა ფსიქიკური პრობლემების მიზეზი?

- ვერავინ გვცემს პასუხს რატომ მოხვდა ფსიქიატრიულში. ამის შესახებ მშობლებს შეატყობინეს, რის შემდეგაც მამა და და წავიდნენ რატის სანახავად. მათგან ვიცი, რომ ბიჭი ორი კვირით სახლში გამოუშვეს, მან კი ზუსტად ორი კვირის მიწურულს, მაშინ, როდესაც უკვე ჯარში უწევდა დაბრუნება, თავი ჩამოიხრჩო. არავინ იცის რა მოხდა, ასეთი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენთვის მიზეზებზე ლაპარაკი ძალიან რთულია. სამხედრო კარიერაზე ფიქრობდა, ჩვენთვის გაუგებარია რატომ ჩაიდინა ასეთი საშინელება.

- უიღბლო სიყვარული ხომ არ იყო მიზეზი?

- არა, არა... ეს გამორიცხულია. რატი საკმაოდ გულღია ბავშვი იყო, ეს რომ ყოფილიყო მიზეზი, ვინმეს რაღაც მაინც ეცოდინებოდა ამის შესახებ.

იმის გასარკვევად რატის არასრულწლოვან ასაკში ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა ან როგორი მოსწავლე იყო, ყულევის სკოლის დირექტორს, მის მასწავლებელს, ხატია ოჩიგავას დავუკავშირდით:

- რატი არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, მოწესრიგებული და მისაბაძი მოსწავლე. კარგის მეტს ვერაფერს გეტყვით, ყველასთან მეგობრობდა, საკმაოდ კომუნიკაბელური და მხიარული იყო. ცდილობდა ყველასთან თბილი ურთიერთობა ჰქონოდა. სპორტითაც გახლდათ დაკავებული, განსაკუთრებულად ფეხბურთი უყვარდა. სკოლა შარშან დაამთავრა. როგორც ვიცი, სწორედ ჯარში გაწვევის შემდეგ გახდა ნერვიული და დეპრესიული, რასაც ვერ ვიტყვი სკოლაში სწავლის პერიოდზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, რატი შამათავა სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ნამდვილად მსახურობდა.

"კვირის პალიტრა" ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს და აღნიშნულ ფაქტზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ში ასევე ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფში მსახურობდა.

ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, მას დაწესებულების ექიმმა ფსიქიკური დარღვევის ნიშნები შეამჩნია, მე-17 დაწესებულების ექიმს ეს სათანადო ოქმშიც აქვს აღნიშნული. რის შემდგომ რატი სამედიცინო კომისიაზე გაატარეს, რომლის დასკვნითაც ის ამორიცხული იქნა სამხედრო სამსახურიდან და მკურნალობის შემდგომ კი უკან დაწესებულებაში დაბრუნება აღარ უწევდა.

მზეკო ჟვანია(სპეციალურად საიტისთვის)