შედევრი კერძო კოლექციიდან - შემზარავი დანაშაულის ანატომია - კვირის პალიტრა

შედევრი კერძო კოლექციიდან - შემზარავი დანაშაულის ანატომია

გთავაზობთ კიდევ ერთ კრიმინალურ ისტორიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

ყოფილი გამომძიებელი მიხეილ ჩოგოვაძე კრიმინალურ ამბავს იხსენებს თავისი საგამომძიებლო პრაქტიკიდან:

- არქიტექტორი პავლე დონაძე (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) მეუღლემ იატაკზე დაგდებული, სულთმობრძავი იპოვა. თამარი ექიმი გახლდათ და დილით დაბრუნდა შინ ღამის მორიგეობის შემდეგ. მეუღლე ყოველთვის სამზარეულოში ხვდებოდა გამზადებული საუზმით. ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ერთმანეთი, მას შემდეგ კი, რაც ქალიშვილები გაათხოვეს და შინ მარტონი დარჩნენ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ. პავლეს სულ გზისკენ ეჭირა თვალი, მოუთმენლად ელოდა მეუღლის დაბრუნებას, რადგან რამდენიმე თვის წინ ინფარქტი გადაიტანა და ისე აიტანა სიკვდილის შიშმა, მარტო დარჩენას გაურბოდა.

რაკი პავლე სამზარეულოში არ დახვდა, პროდუქტით სავსე პარკები ნაჩქარევად მიყარა მაგიდაზე და ქმარს შეეხმიანა. მხოლოდ ძაღლი გამოეხმაურა, მაგრამ ხალისით კი არ გაეთამაშა, როგორც სხვა დროს, უცნაურად წაიწკმუტუნა. თამარმა ისიც შენიშა, რომ დინგო ფეხს საცოდავად მიათრევდა, აშკარად ნაცემი იყო...

პავლე საძინებელში იატაკზე ეგდო. ეტყობა, წამოდგომა სცადა საწოლიდან და მაშინ დაეცა, ისევ პიჟამა ეცვა. მავედრებელი თვალებით შეხედა ცოლს, პირს ნაპირზე ამოგდებული თევზივით აღებდა უჰაერობით გაწამებული...

დაზაფრულმა თამარმა ჩაიმუხლა. ქმარს თავი წამოაწევინა და თითებზე წებოვანი სისველე იგრძნო. შეშინებულმა დახედა ხელს და სისხლის დანახვაზე მიხვდა, რომ საქმე იმაზე ცუდად იყო, ვიდრე წარმოედგინა.

- შიო... შიო! - წამოიძახა კაცმა უფროსი ქალიშვილის ქმრის სახელი და უღონოდ გადაესვენა.

- შიო? რა, შიო, რისი თქმა გინდა, პავლე?! - ჩასძახა სასოწარკვეთილმა ქალმა ქმარს და ამ დროს ზურგს უკან კარის ხმაც გაიგონა, მერე აჩქარებული ნაბიჯების ხმა. მოიხედა და შიო შერჩა ხელთ. სიდედრ-სიმამრი რომ ამ დღეში დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა, რა მოხდაო და პავლეს მივარდა, მაჯა გაუსინჯა და რომ დარწმუნდა, მკვდარი იყო, სიდედრს მოეხვია.

- რა მოხდა, რა მოუვიდა, როგორ ვერ მოვუსწარი?!

- შენ გეძახდა! - შესტირა თამარმა.

- ჰო, დამირეკა და მითხრა, სასწრაფოდ მოდიო. თავს ცუდად ვგრძნობ და მინდა საქმეზე გელაპარაკო. რამე რომ მომივიდეს, ის შენი დასამთავრებელი იქნებაო.

მერე გარდაცვლილი ხელში აიყვანა და საწოლზე დაასვენა. შიომაც შეამჩნია სისხლდენა და კიდევ უფრო შეშფოთდა:

- გამოდის, გულის შეტევით არ მომკვდარა, ე. ი. მოკლეს?!

- როგორც ჩანს! - აქვითინდა თამარი.

- სასწრაფოდ პოლიცია უნდა გამოვიძახოთ, - გადაწყვიტა შიომ.

ასე აღმოვჩნდით დონაძეების ოჯახში და ექსპერტმა მაშინვე დაასკვნა, რომ პავლე დონაძეს თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული. თანაც, ისე გამეტებით, რომ კეფა ჰქონდა ჩამსხვრეული.

ის იყო, მკვლელობის იარაღის ძებნა უნდა დაგვეწყო, რომ შიომ, გარდაცვლილის სიძემ, მძიმე ბრინჯაოს შანდალი შემოიტანა, რომლის სადგამსაც სისხლი შეხმობოდა:

- ბაღში ეგდო, ვარდების ბუჩქის უკან. ძაღლმა იპოვა...

ისეთივე შანდალი მეორეც იდგა დონაძეების საძინებელში.

- ხელით რატომ შეეხეთ? - უსაყვედურა ჩემმა თანაშემწემ და ფრთხილად ჩამოართვა ნივთმტკიცება.

- რა ვიცი, არ შეიძლებოდა? - ისე გაიკვირვა, იფიქრებდით, ერთი დეტექტივიც კი არა აქვს ამ კაცს წაკითხულიო.

- რატომ მაინცდამაინც თქვენი ნახვა ისურვა სიკვდილის წინ? - დავინტერესდი, როცა პირისპირ დავრჩი შიო მაღლაფერიძესთან.

- ალბათ, სიმართლის თქმა ჯობს, გეტყვით, რასაც

ვაპირებდით მე და ჩემი სიმამრი... უფრო სწორად, ცხონებული, თორემ მე მეშინოდა და ვუშლიდი. არქიტექტორია და, ბუნებრივია, მხატვრობას კარგად იცნობდა. აგროვებდა, თუ რაიმე ღირებულს მიაგნებდა. მის კოლექციაში ერთი შედევრი, XVII საუკუნის ფრანგი მხატვრის ნახატიც არის...

ავადმყოფობის შემდეგ ჩემი სიმამრი ვეღარ მუშაობდა და ოჯახის რჩენა თამარს დააწვა მხრებზე. ამას ძალიან განიცდიდა და ერთ დღეს ნახატის გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ მალულად, რადგან ვეჭვობ, თავის დროზე, მუზეუმიდან უნდა იყოს მოპარული. ეტყობა, ეს იცოდა პავლემ. მე მხოლოდ ის მითხრა, რომ მყიდველი ისეთი უნდა შეგვერჩია, ვინც ტილოს საზღვარგარეთ გატანას შეძლებდა.

მე მხატვარი ვარ და ხელოვანთა წრეში ვტრიალებ. სწორედ ჩემმა მეგობრებმა გამაცნეს ერთი უცხოელი კოლექციონერი. მოვუყვანე პავლეს, თან თარჯიმანიც გვახლდა და ექსპერტიც. მათ მოლაპარაკებას მე არ დავსწრებივარ, ასე ინდომა ჩემმა სიმამრმა. როგორც ჩანს, არ უნდოდა, მცოდნოდა რა ფასად გაყიდდა, და ეს არც მწყენია.

დაახლოებით ერთ საათში წავიდნენ ჩვენი სტუმრები და აღშფოთებულმა პავლემ მითხრა, ეს ვინ მომიყვანე, მიმტკიცებდა, ეს ნახატი მხოლოდ და მხოლოდ ასლიაო. ტილო ისეთი კომპეტენტური ექსპერტების შეფასებულია, წყალი არ გაუვაო.

- ეგ როდის იყო?!

- დაახლოებით ერთი თვის წინ...

- იქნებ ის ნახატი მოიპარეს და ამიტომ მოკლეს თქვენი სიმამრი?!

- თავდაპირველად მეც ასე ვიფიქრე და სამალავში შევედი, მაგრამ ნახატი თავის ადგილზეა! - თქვა მაღლაფერიძემ...

იხილეთ სრულად