სასჯელაღსრულების უწყების განმარტებით, პატიმრებმა თავი თვითონ დაიზიანეს - რა მოხდა მე-7 დაწესებულებაში?! - კვირის პალიტრა

სასჯელაღსრულების უწყების განმარტებით, პატიმრებმა თავი თვითონ დაიზიანეს - რა მოხდა მე-7 დაწესებულებაში?!

სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი კლინიკაში გადაიყვანეს. განსაკუთრებულად მძიმეა ერთ-ერთი მსჯავრდებულის მდგომარეობა, რომელიც გამთენიისას კლინიკა "ლანცეტში" მიიყვანეს. 26 წლის მამაკაცს ჭრილობა მარჯვენა წინა მხარზე აქვს მიყენებული. კლინიკის რეანიმაციული განყოფილების გამგის, მუხრან ხვედელიძის თქმით, პატიმარს დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული, რამაც მწვავე ანემია და შოკი განავითარა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან კლინიკა "ლანცეტში"სულ  7 პატიმარი გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთი ქალია.

კლინიკის მთავარი ექიმის, ნინო ნადირაძის მტკიცებით, კლინიკაში შემოყვანილი 7 პაციენტიდან ჭრილობა მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა, მეორე პაციენტი კი ექიმის ვარაუდით, სიმაღლიდან იყო ჩამოვარდნილი. რაც შეეხება დანარჩენ 5 პაციენტს, ისინი სხვადასხვა დაავადებებს უჩიოდნენ და საავადმყოფოში სწორედ ამ მიზეზით გადაიყვანეს.

"კვირის პალიტრა" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ სამოქალაქო კლინიკებთან მათ გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება და იქ მსჯავრდებულები ყოველდღიურად გადაჰყავთ. ამ კლინიკაში 4 პაციენტის შემთხვევაში გეგმიური გაყვანა იყო, თვითაზიანება კი მხოლოდ 3-ს აქვს მიყენებული.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

"2015 წლის 25 ივნისს სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებიდან თვითდაზიანების გამო სამი მსჯავრდებული კლინიკა "ლანცეტში"გადაიყვანეს. ორი მათგანი ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე დაუბრუნდა. მესამე მსჯავრდებული ჯერჯერობით კლინიკაში რჩება , თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ ის დაუბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილს. სამივე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

ოპერატიული ინფორმაციით, მოცემული მსჯავრდებულები კრიმინალური სუბკულტურისკენ არიან მიდრეკილები და თვითდაზიანება მიიყენეს მას შემდეგ, რაც მათ უარი ეთქვათ სხვა, სასურველ დაწესებულებაში გადაყვანაზე.

მსჯავრდებულები თავიანთი არალეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხშირად მიმართავენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას და ამ გზით ცდილობენ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას. სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია და ვიმეორებთ, რომ მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საკითხი სასჯელღასრულების ადმინისტრაციის პრეროგატივაა და ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა ვერავინ, მათ შორის ვერც მსჯავრდებული", - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.

მოამზადა მზეკო ჟვანიამ