ხარაგაულში 11 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის სახლი გადაწვეს - კვირის პალიტრა

ხარაგაულში 11 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის სახლი გადაწვეს

"კვირის პალიტრა" ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში დატრიალებულ ტრაგედიაზე უკვე წერდა, სადაც 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. სტატიაში გარდაცვლილის თანასოფლელები ამბობდნენ, რომ მათთვის სრულიად გაუგებარი იყო თუ რის გამო უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება მოზარდს.

როგორც ახლახან გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, 11 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით  იმავე სოფლის მკვიდრი, 20 წლის მოქალაქე დააკავეს, რის შემდეგაც გარდაცვლილი მოზარდის ოჯახმა და ახლობლებმა მოზარდის გარდაცვალებაში ბრალდებულის სახლი გადაწვეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დღესვე, გარდაცვლილის მამამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მოზარდი ძალადობის მსხვერპლი გახდა, მომხდარი ოჯახში ვერ გაამხილა და თავი ჩამოიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რეზო ლ. 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციების მიხედვით

იხილეთ: "ისიც კი ვიფიქრე, რომ თოკით თამაშობდა და ეს საშინელება შემთხვევით მოხდა" – 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა?