"ის ცოცხალი არ უნდა დარჩეს!" - სოფელი შემზარავ დანაშაულში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"ის ცოცხალი არ უნდა დარჩეს!" - სოფელი შემზარავ დანაშაულში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს

"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, თუ ჩათვლემდა, მაშინვე წამოვარდებოდა და დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო. სიკვდილამდე 3 დღით ადრე თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. დედა გამაყუჩებელს ასმევდა და ეკითხებოდა, მასე რად ხარო? ლევანი კი არაფერს ეუბნეოდა... "

ბოლო დროს მომხდარი საზარელი ფაქტებით საზოგადოება შეძრულია.

"მაგ არაკაცს ხალხის უნდა ეშინოდეს, ციხე ვერ უშველის, ამიტომაც დავწვით მისი სახლი!", - ასეთია პირველი კომენტარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის მცხოვრებისაგან, რომელიც ამავე სოფლის მცხოვრებ 11 წლის ლევან ლ.-ს გაუპატიურებისა და ჩამოხრჩობის ფაქტს გამოეხმაურა. ასეთი ამაზრზენი ფაქტები საზოგადოებას ახალი ტიპის დანაშაულის, ანუ ლინჩის წესით გასამართლების გავრცელებით ემუქრება. ცხადი ხდება, რომ ბავშვებზე მასობრივად გავრცელებულმა ძალადობამ ხალხი სასტიკი მეთოდებით შურისსაძიებლად მომართა.

სოფელ ხუნევში 11 წლის ლევან ლ. უმცროსმა და-ძმამ საკუთარ ეზოში ხეზე ჩამოკიდებული ნახა, ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ქუთაისის საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანა. მას თან თანასოფლელებიც გაჰყვნენ... ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს, ბიჭი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სოფელი მის ჩამოხრჩობას ამოუხსნელ სუიციდს მიაწერდა და შემზარავი დანაშაული საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გარდაცვლილის მრავალჯერადი გაუპატიურება დაადასტურა.

რ.მ. (სოფლის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა): - ვერ ვხსნიდით, რატომ ჩამოიხრჩო ლევანმა თავი, მისგან ეს წარმოუდგენელი იყო. მართალია, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და ლევანის გარდა კიდევ 3 შვილი ჰყავდათ, მაგრამ ბავშვები არ იყვნენ ღირსებაშელახულები. ლევანი ამაყი ბავშვი იყო, მას თავის მოკვლაზე იმიტომაც არ უნდა ეფიქრა, რომ საზრუნავიც ჰქონდა - როცა დედ-მამა შრომობდა, ლევანი და-ძმებს დიდივით პატრონობდა. რამდენჯერ დაგვინახავს, ტყემალი რომ ტყემალია, იმდენს მოწყვეტდა, თავის და-ძმისთვის გაენაწილებინა... თურმე რაში ყოფილა საქამე! ეს გაუგონარი უბედურება, რაც მეზობლმა დამართა, ლევანის დაკრძალვამდე 2 დღით ადრე გაიგო ოჯახმა. მისი უბედური მამა წინა დღეს რომ ტიროდა, - შვილო, ეს საშინელება რატომ გააკეთე, თავი რატომ მოიკალიო? მეორე დღეს, უკვე ექსპერტიზის პასუხი რომ გაიგეს, დედამისი მოთქვამდა, - შვილო, შენი მკვლელი, რეზი ლ. ჩვენთან ერთად გელოდებოდა საავადმყოფოში, რომ მომკვდარიყავი. ჩვენ რომ ვლოცულობდით, გეცოცხლა, ის იმას ნატრობდა, რომ ისე მომკვდარიყავი, ვერაფერი გეთქვა, იმან გვაჯობაო...

- ანუ ბრალდებული, ბავშვს საავადმყოფოში გაჰყვა?

- ლევანს მთელი სოფელი გაჰყვებოდა, რომ შესძლებოდათ, მაგრამ ვისაც მანქანით წაყოლის საშუალება ჰქონდა, ისინი გაჰყვნენ. ეს პირუტყვიც გაჰყვა. სხვებთან ერთად ელოდებოდა საავადმყოფოს ეზოში. ექიმები ლევანის შესახებ რა ამბავს გამოიტანენო, დიდი ჭირისუფალივით ერთ ამბავში იყო. სანამ ლევანი ცოცხალი იყო, საავადმყოფოს ეზოში იმდენ ხანს ვიდექით, რომ მოგვშივდა და იქვე ხაჭაპურები ვიყიდეთ, იმაზეც კი მოვიდა და მიირთვა! ეგ რა არის, ბავშვი რომ უნდა მიესვენებინათ სახლში, ლევანის უბედური ოჯახი ოთახს ათავისუფლებდა, სადაც უნდა დაესვენებინათ და იმათაც კი ეხმარებოდა, ამ ოთახის დაცლაში. მეორე დღესაც სახლში იყო, პოლიცია რომ მოვიდა და წაიყვანა. მაგრამ სოფელს მაინც არ სჯეროდა ეს ამბავი, სანამ ტელევიზიამ არ გამოაცხადა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარაო. მერე მიცვივდა ხალხი და სახლი დაუწვა. მაგრამ უკეთესი იყო, თავადაც შინ ყოფილიყო და გამოეწვათ! როცა იქნება ციხიდან გამოვა და ცოცხალი დარჩება. ეგ კი ცოცხალი არ უნდა დარჩეს!

- ნუთუ დამნაშავის დედამ ან სოფელმა ვერ შენიშნა, რომ ეს ბიჭი საეჭვო იყო. მსგავს დანაშაულს გაწონასწორებული ადამიანები არ სჩადიან.

- სოფელს რა უნდა შეენიშნა? საუბარი 20 წლის ბიჭზეა და არა ყოფილ პატიმარზე. მაგ ბიჭის ოჯახიც ჩვეულებრივი ხალხი იყო, დაც ჰყავს. თავად ბიჭი არანორმალური არ იყო, ვის რა უნდა შეენიშნა?!

უბედურება რომ მოხდა, მერე დაიწყო ხალხმა ფიქრი. ზოგი ამბობს, მაგას ბავშვობაში გული მისდიოდაო. შეიძლება ეპილეფსიაც ჰქონდა, მაგრამ ეს რა კავშირშია 11 წლის ბავშვი გაუპატიურებასთან? ახლა მეც ვფქრობ, რომ ეს ნაძირალა თითქოს გულჩათხრობილი იყო და მაგასთან გამარჯობა-გაგიმარჯოს გარდა დალაპარაკების სურვილიც არ გიჩნდებოდა.

- როცა ასეთი ამაზრზენი დანაშაულები ხდება, როგორც წესი, მსხვერპლს რამეთი იტყუებენ...

- ახლა ერთი ჩვენი სოფლელი ამბობს, რომ დაინახა, ლევანი იმ ცხოველს თითქოს ბალზე მიჰყავდა. ალბათ უთხრა, წამო, ბალი ვჭამოთო, ბალი კი რომელ ბავშვს არ უყვარს... ეს საშინელება ერთხელ რომ მოხდა, სხვა დროსაც გაბედა და გააკეთა, ალბათ, ბავშვი დაშინებული ჰყავდა, ემუქრებოდა. ლევანის პატარა და-ძმები ამბობენ, სანამ ეს მოხდებოდა, ლევანი გვეუბნებოდა, ტყეში წავიდეთ და სოკო მოვკრიფოთო, ეტყობა, იმ არაკაცის ეშინოდა, რომ არ მოსულიყო და ისევ არ წაეყვანა. და-ძმებმა კიდევ, ვერ წამოვალთ, ჯერ მულტფილმს ვუყურებთ ტელევიზორში და მერე წამოგყვებითო. ის მულტფილმი რომ დამთავრდა, ალბათ, ნახევარი საათის შემდეგ ბავშვები ეზოში გავიდნენ და ლევანს ძებნა დაუწყეს... სახლის უკანა მხარეს ხეზე ჩამოკიდებული დაინახეს. იმდენად ახლოს ყოფილა მიწასთან ფეხებით, ჯერ ეგონათ, მიწაზე უბრალოდ დგასო, მაგრამ რომ მივიდნენ და თოკზე ეკიდა, მესამეკლასელმა დამ ფეხებში მოჰკიდა ხელი და მაღლა ასწია, მეორეკლასელმა ძმამ კი დანა გამოიტანა და თოკი გადაჭრა, - ან როგორ მოიფიქრეს! თან კიოდნენ.

- ის ვერსიაც გავრცელდა, რომ მოძალადემ ლევანი თავად ჩამოკიდა ხეზე, რომ არ გაეცა.

- მაგას სასამართლო დაადგენს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლევანმა თავი ჩამოიხრჩო, რადგან ძალიან ამაყი ბიჭი იყო. თუმცა შეიძლება ასეც მოხდა, - იმ არაადამიანს ისეთი საქციელი ჰქონდა ჩადენილი, არც მაგაზე აუკანკალდებოდა ხელი. მისმა მშობლებმა კი სახლი მანამდე დაცალეს, ვიდრე გადაუწვავდნენ. მაგის მეზობლები ამბობდნენ, ჯერ პირუტყვი გაიყვანეს, მერე საბნები და ლეიბები წაიღესო.

- ლევანის დედაც ვარაფერს ხვდებოდა?

- ამას ვინ მოიფიქრებდა, მაგრამ დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, თუ ჩათვლემდა, მაშინვე წამოვარდებოდა და დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექი და მელაპარაკეო. სიკვდილამდე 3 დღით ადრე თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. დედა გამაყუჩებელს ასმევდა და ეკითხებოდა, მასე რად ხარო? ლევანი კი არაფერს ეუბნეოდა... ამიტომ დავწვით და დავბუგეთ ის მორიელების ბუდე.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)