"დანამოღერებული მამაკაცი მანქანის კაბინაში გამომწყვდეულ ექიმებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - კვირის პალიტრა

"დანამოღერებული მამაკაცი მანქანის კაბინაში გამომწყვდეულ ექიმებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა"

ვაშლიჯვარში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას საბურავები დაუჭრეს.

20 წლამდე მამაკაცმა, პოსტოპერაციული სინდრომის მიზეზით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დარეკა და დახმარება ითხოვა...

ნათია გედენიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის თანამშრომელი:

- პაციენტი გულმკერდის არეში ტკივილს უჩიოდა. ადგილზე მისულ სამედიცინო ბრიგადას სადარბაზოში თავად დახვდა. გასინჯვის შემდეგ გაირკვა, რომ ცოტა ხნის წინ გულმკერდის არეში ოპერაცია ჰქონია გაკეთებული და ნაკერებიც ედო. კატეგორიულად ითხოვდა, გადაეყვანათ იმ კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ისიც გაირკვა, რომ იქ პერიოდულად, გადახვევებზე დადიოდა. ჩვენი ბრიგადა დაუკავშირდა ჰოსპიტალიზაციის მენეჯერს. მათ არ აქვთ უფლება, დაუკითხავად მიიყვანონ პაციენტი ამა თუ იმ კლინიკაში. როგორც ჩანს, მამაკაცმა არ ისურვა დალოდებოდა ექიმებს და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში მამაკაცის ხელში დანაც შენიშნეს. ამის შემდეგ შეშინებულმა მძღოლმა ექიმები მანქანის კაბინაში ჩაკეტა, თვითონ კი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა. ცოტა ხანში სადარბაზოსთან პაციენტის მამა და ახლობლებიც შეიკრიბნენ და ნაცვლად იმისა, მამაკაცი დაეწყნარებინათ, ისინიც ექიმებს დაემუქრნენ...

დანამოღერებული, გაღიზიანებული პაციენტი კი, ამ დროს კაბინაში გამომწყვდეულ ექიმებს ლანძღვა-გინებით იკლებდა და სასწრაფო დახმარების მანქანას აზიანებდა. შოკირებულმა ექიმებმა 112-ში დარეკეს და საპატრულო ეკიპაჟი მოითხოვეს. იმავდროულად, რაციაში მათი სიგნალი სხვა სამედიცინო დახმარების ბრიგადამაც გაიგო და კოლეგების დასახმარებლად გაეშურა. ადგილზე მისულებმა აგრესიული პაციენტი სიტუაციას გაარიდეს და კლინიკაში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ იქ მამაკაცს კარგად იცნობდნენ და ისიც იცოდნენ, რომ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა...

- ითქვა, რომ ერთი ექიმი დაშავდა კიდეც...

- საბედნიეროდ, ექიმებს არანაირი დაზიანება არ აქვთ. უბრალოდ, შოკირებულები იყვნენ - იმდენად შეშინდნენ, რომ მუშაობა ვეღარ განაგრძეს... გაღიზიანებული პაციენტი დანით ხელში გარს უვლიდან მანქანას და ექიმებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მერე მათ მანქანას საბურავები დაუჭრეს, რათა, სავარაუდოდ, გადაადგილების საშუალება აღარ ჰქონოდათ....

"კვირის პალიტრა" შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ დაკავებულია პაციენტის მამა და მისი თანმხლები პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)