"გავითავისე ჩემი დანაშაული, რაც ჩემი უგნურობით მომივიდა" - მამულიჩა დანაშაულს აღიარებს - კვირის პალიტრა

"გავითავისე ჩემი დანაშაული, რაც ჩემი უგნურობით მომივიდა" - მამულიჩა დანაშაულს აღიარებს

"როგორც კი დამაკავეს, ალალად ვთქვი რაც იყო, რომ ნარკოტიკი ვიყიდე და მოხმარებისთვის შემომქონდა"

"მამულიჩასთან ვმეგობრობ, ამიტომ მოვედი აქ მის მხარდასაწერად, წლების წინ მეც ვიყავი დაჭერილი და ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მინდა კახა აქედან გავამხნევო"

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლეს, პროდიუსერ კახი მამულაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა და შემოტანა ედება ბრალად. იგი სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს. მამულიჩა სამშობლოში პარიზიდან ბრუნდებოდა. ძალოვანთა მტკიცებით, დაკავებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა. მისი ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ. ჩაუტარდა მას ექსპერტიზა და მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.

პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ვინაიდან წაყენებული ბრალდება მკაცრია, მისი დაპატიმრება აუცილებელი იყო. მის პოზიციებს არ დაეთანხმა არც ბრალდებული და არც მისი დამცველი გიორგი ბეგიაშვილი. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოიძიებასთან, აღიარა დანაშაული, გულწრფელად ინანიებს მომხდარს, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, ამიტომ 10 000 ლარიანი გირაოთი მისი გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულმაც გირაოს შეფარდება ითხოვა.

"მე სულ დავდივარ საზღვარგარეთ კონცერტებზე, მაგრამ არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. 40 წლამდე არც ვეწეოდი და არც ვსვამდი, თუმცა უცხოეთში გამისინჯავს კოკაინი. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვიყავი მარტო, თან წამლის ზემოქმედების ქვეშ და წამოვიღე, არ მიფიქრია, რომ ეს დიდი ოდენობა იყო. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ მე ნარკოტიკთან მქონდა შეხება. თუ გაითვალისწინებთ და გირაოს შემიფარდებთ, კარგი იქნება. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს. მე გავითავისე ჩემი დანაშაული, რაც ჩემი უგუნურობით მომივიდა", -თქვა პროცესზე კახი მამულაშვილი. ის არ დაეთანხმა პროკურორის განცხადებას, რომ მისი დაპატიმრება აუცილებელი იყო. თქვა, რომ ქვეყნიდან არ წავიდოდა. "როგორც კი დამაკავეს, ალალად ვთქვი რაც იყო. რომ ნარკოტიკი ვიყიდე და მოხმარებისთვის შემომქონდა, მე რომ არ მეთქვა, ვერავინ დამიმიტკიცებდა ვიყიდე თუ ვინმემ მაჩუქა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს დავემორჩილები, რაც გინდათ ის მომისაჯეთ", - განაცხადა კახი მამულაშვილმა პროცესზე.

მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა, დარბაზიდან არ გასულა, ადგილზე გამოაცხადა, რომ პატიმრობას უფარდებდა მამულაშვილს. წინასასამართლო სხდომა 55 დღის შემდეგ, 9 სექტემბერს გაიმართება. პროცესიდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. კმაყოფილი ჩანდა პროკურორი დავითაშვილი:

- გვქონდა იმის საფუძველი, რომ მამულაშვილისთვის პატიმრობა მოგვეთხოვა. ამის საფუძველი საქმის მასალებიდან გაჩნდა. შესაბამისად, სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა გაიზიარა. საქმის მასალებზე დაყრდნობით არსებობდა რისკები, რომ შესაძლებელი იყო ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას და სასამართლოს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ მას თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადაადგილება. ამასთან, ჩატარდა ჩხრეკა იძულებითი ღონისძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩატარდა ჩხრეკის ღონისძიება. მოხდა ნარკოტიკების ამოღება. მან თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეძენილი ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის. დასადგენია პირები, ვისგანაც მან შეიძინა ნარკოტიკი და ვითარება, რომელშიც ნარკოტიკის შეძენა მოხდა.

სასამართლო სხდომას შოუბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები არ დასწრებია. არც ლელა წურწუმია მისულა ქმრის პროცესზე. რამდენიმე მათი ახლობელი სასამართლოს დაესწრო, მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სოფო ბედიას მეუღლე იყო. მიშა მესხი ამბობს, რომ მომხდარით შეწუხებულია. "მამულიჩასთან ვმეგობრობ, ამიტომ მოვედი აქ მის მხარდასაწერად, წლების წინ მეც ვიყავი დაჭერილი და ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მინდა კახა აქედან გავამხნევო"-თქვა მან

სასამართლო სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება. წაყენებული ბრალდება საკმაოდ მკაცრია, 260-ე მუხლი 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო 262 მუხლის მეორე ნაწილი კი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას. ადვოკატმა არც ის გვითხრა, გაასაჩივრებს თუ არა გამოტანილ გადაწვეტილებას. "გავასაჩივრებ თუ არა, ამას მოგვიანებ გადავწყვეტ, ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ამ სიტყვებით დატოვა მამულიჩას ადვოკატმა სასამართლოს შენობა.

მომღერალმა ლელა წურწუმიამ, მეუღლის დაკავების შემდეგ, პირველი პოსტი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, სადაც მამულიჩასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მიყვარხარ, მენატრები".

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო