"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა

გაზეთ "კვირის პალიტრაში" ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის ინტერვიუ,, სათურით: "ირაკლი ფირცხალავა ხუბულოვს ემუქრებოდა - წამალი და ფული დააბრუნეო"- გამოქვეყნდა, რომელსაც გამოეხმაურა "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა", რომელსაც გთავაზობთ:

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" აღნიშნულ სტატიას ეხმაურება და სტატიაში მოყვანილ უზუსტობებს დეტალურად განმარტავს.

პროკურორი ინტერვიუში აცხადებს, რომ თითქოს სასამართლო პროცესზე მოწმე ჯაბა შარანგიამ თქვა, - "ირაკლი ფირცხალავა ხუბულოვს ემუქრებოდა წამალი და ფული დააბრუნეო", - მოწმეს სასამართლოზე მსგავსი რამ არ უთქვამს, იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმე ჯაბა შარანგიას სტენოგრამა გავავრცელოთ.

აგრეთვე არ შეესაბამება სიმართლეს პროკურორის მიერ მოტივთან დაკავშირებული განცხადება. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოწმე კახა მისირელის სასამართლო ჩვენების სტენოგრამის გავრცელება. მისირელმა ცალსახად განაცხადა, რომ ხუბულოვი არ იყო აგენტი, მასსა და ხუბულოვს შორის საუბარი ხუბულოვის ცხოვრების წესიდან გამომდინარე არასერიოზულად აღიქვა. შესაბამისად, მისი ნათქვამი არც არავისთვის უთქვამს და არც შესაბამისი ოქმი შეუდგენია. მისირელს, არც საკუთარ თანამშრომლებისთვის უთქვამს, რომ ხუბულოვმა აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

პროკურორი ინტერვიუში აცხადებს, რომ ცააძე ვერ დაინახავდა ფუთურიძეს, რადგან ავტომანქანა დაბურული იყო, - მაშინ, როდესაც სპეცრაზმელებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ნაკანმა მათ უთხრათ, სამი ან ოთხი შეიარაღებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრია დასაკავებელი. როგორ ფიქრობთ, თუ სპეცრაზმელებმა იცოდნენ, სამი ოთხი პირი იყო დასაკავებელი, ცააძეს არ ეცოდინებოდა, რომ მანქანაში ორი პირის გარდა სხვა პირიც იმყოფებოდა? აგრეთვე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ქეთევან მირიანაშვილი აცხადებს, თითქოს მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან, დაახლოებით 80 მეტრის მანძილიდან დაინახა ავტომანქანაში მჯდომი მესამე პირი და ცააძეს შემთხვევის ადგილზე აღნიშნული პირი, როგორ ვერ უნდა შეემჩნია?

სტატიაში პროკურორი ასევე საუბრობს, იმის თობაზე, რომ დაკითხულმა სპეცრაზმელებმა და თვითმხილველებმა დაადასტურეს, ვაზაგაშვილის მანქანიდან არავის უსვრია და არც არავის დაჯახებია. რაზეც მოგახსენებთ: - დაკითხულ სპეცრაზმელებს ცალსახად არ დაუნახავთ ჰქონდა თუ არა ადგილი გასროლას, ისინი აღნიშნავენ, - გასროლა, რომ ყოფილიყო მხოლოდ ხმას გაიგებდნენ, თუმცა 100 პროცენტიდან 10 პროცენტიან შესაძლებლობას უშვებენ, რომ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან გასროლა ვერ გაეგონათ, რადგან მანძილი დაახლოებით 20-25 მეტრი იყო და ასევე შემთხევის ადგილზე საცობში მდგარი რამდენიმე ათეული ავტომანქანის ძრავის ხმა ისმოდა.

რაც შეეხება პროკურორის მიერ ექსპერტიზის დასკვნებზე აპელირებას, მოგახსენებთ, ჯერ-ჯერობით სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები არ გამოუკვლევია და ამის შეფასება ისევე, როგორც ადრე, სხვა დანარჩენ შემხვევებში მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. პროკურორი ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიებამ შეცდომა დაუშვა და კადრში ჩახმახდაშვებული იარაღია მოხვედრილი. როგორ ფიქრობთ, მაშინ როდესაც ადგილზე უნდა ემუშავათ კრიმინალისტებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს, თავად გადამღებ ჯგუფს, პოლიციის თანამშროლმები შემთხვევის ადგილზე ჩახმახშეყენებულ იარაღებს დატოვებდნენ? ნებისმიერი პოლიციელი სპეცოპერაციის დროს საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილ ცეცხლსასროლ იარაღს მუხტავს. გარდა აღნიშნულისა ჩახმახდაშვებული იარაღი შეიძლება იყოს იმის მტკიცებულება, რომ იარაღიდან გასროლა არ მომხდარა?"

მოგეხსენებათ, საქმის სასამართლო გარჩევა გრძელდება, მხარეებს თავისი სიმართლის დამტკიცება სწორედ სასამრთლოს დარბაზში მოუწევთ, საბოლოო ვერდიქტს "კვირის პალიტრა" აუცილებლად გაცნობებთ.