"ერთ დედას 5000 დოლარი გადაუხადეს, მეორეს - 3000 ლარი" - რა სქემით ჰყიდდნენ ჩვილებს სამშობიაროში? - კვირის პალიტრა

"ერთ დედას 5000 დოლარი გადაუხადეს, მეორეს - 3000 ლარი" - რა სქემით ჰყიდდნენ ჩვილებს სამშობიაროში?

გამოძიებით მტკიცებით, საავადმყოფოს ხელმძღვანელები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ სოციალურად დაუცველ ფეხმძიმე ქალებთან, რომლებსაც შვილის გაზრდის პირობები არ აქვთ. მათ ითანხმებდნენ და ამის შემდეგ ყიდდნენ ბავშვებს.

"დანაშაულებრივი სქემის 6 თანამზრახველი მიეცა პასუხისგებაში, ისინი ეხმარებოდნენ ექიმებს იმის დადგენაში თუ ვის სურდა ბავშვის შეძენა."

სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ "რუსთავის სამშობიარო სახლის" გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და "ახალი სამშობიარო ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მზია უგრეხელიძე ტრეფიკინგში ამხილეს. ამ ადამიანებთან ერთად დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე კიდევ 6 პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა ექვსივესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ისინი გარეთ არიან.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ექიმები ჩვილებით ვაჭრობდნენ. ისინი სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმეებს თანხის სანაცვლოდ ახალშობილის მიტოვებას სთავაზობდნენ. თუ დედას დაითანხმებდნენ, მათ ჩვილებს აშვილებდნენ.

საგამოძიებო სამსახურმა ორი ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით მტკიცებით, საავადმყოფოს ხელმძღვანელები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ სოციალურად დაუცველ ფეხმძიმე ქალებთან, რომლებსაც შვილის გაზრდის პირობები არ აქვთ. მათ ითანხმებდნენ და ამის შემდეგ ყიდდნენ ბავშვებს. სამართალდამცავები ჯერჯერობით ბევრ დეტალს არ ახმაურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული საავადმყოფოს ხელმძღვანელები საეჭვო საქმიანობაში თურმე ადრეც იყვნენ შემჩნეული, კიდევ უფრო მძიმე ფაქტებზე ლაპარაკობენ კულუარებში, ამბობენ იმასაც, რომ გამოძიებას ხელთ აქვს ფარული ჩანაწერები, სადაც ბავშვის გაცვლაზეა ლაპარაკი. თურმე ერთ-ერთი ოჯახი საავადმყოფოს დირექტორს სთავაზობდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისი სმენადაქვეითებული ჩვილი სხვა ჯანმრთელ ახალშობილში გაეცვალა. იმასაც ამბობენ, ამ ფარული ჩანაწერის შემდეგ დაიწყეს მოკვლევა სამართალდამცავებმა და გამოავლინეს ტრეფიკინგის ფაქტები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსასურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი:

- ძალიან მძიმე დანაშაულზეა ლაპარაკი, თემა მეტად საფრთხილოა, ამიტომ დეტალებზე არ ვილაპარაკებ. ბრალდებულებს რაც პატიმრობა შეეფარდათ, მას მერე გრძელდება გამოძიება. ერთს გეტყვით, გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულელებები, თუმცა ვაგრძელებთ ძიებას იმის დასადგენად, თუ რამდენი ადამიანი იყო ამ სქემაში გარეული, კონკრეტულად რა თანხებზე იყო საუბარი და ჰქონდა თუ არა წინა წლებში მსგავს ფაქტებს ადგილი. ამ ეტაპზე გამოვლენილია ორი ბავშვის გაყიდვის ფაქტი. ბარავკოვს და მანჯავიძეს შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა, ხოლო მზია უგრეხელიძეს შეეფარდა საპატიმრო გირაო, რადგან მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ის, ფაქტობრივად, შინა პატიმრობაშია.

- როგორც ცნობილია, დაკავებული ექიმები არ აღიარებენ დანაშაულს

- არ აქვს მნიშვნელობა ისინი აღიარებენ თუ არა დანაშაულს, იმდენად მყარია მტკიცებულებები, მათთვის ბრალის დამტკიცება არ გაგვიჭირდება. ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს.

- დაპატიმრების შემდეგ ბარავკოვი ცუდად გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამადაც იქ რჩება?

- მას გული აწუხებდა, ჩვენი ინფორმაციით, აღმოუჩინეს სათანადო დახმარება და ის დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიებას ხელთ აქვს ფარული ჩანაწერი, სადაც სმენადაქვეთებული ბავშვის ოჯახი სთავაზობს დირექტორს თანხის სანაცვლოდ ავადმყოფი შვილი ჯანმრთელ ბავშვში გაუცვალოს, ამ ფაქტს ადასტურებთ?

- სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება კონკრეტულ დეტალებზე ვილაპარაკო, მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, ბევრი მძიმე დანაშაულის შემცვლელი მტკიცებულებებია საგამოძიებო სამსახურის ხელში. ტრეფიკინგი უმძიმესი დანაშაულია და მათ მოუწევთ პასუხი აგონ.

- ბიოლოგიური დედების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება?

- წინასწარ გამიჭირდება იმის თქმა, მიეცემიან თუ არა ისინი პასუხისგებაში, ამ ეტაპზე არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობა.

- ისინი ამხელენ დაკავებულ ექიმებს?

- სამწუხაროდ, არც ამის თქმა შემიძლია, რადგან დაუშვებელია მოწმის ჩვენების გახმაურება. იმას დაგიდასტურებთ, რომ ერთ დედას 5000 დოლარი გადაუხადეს, მეორეს - 3000 ლარი, ამას გარდა ორსულობის პერიოდში მათ უფასოდ ყველაფერს უკეთებდნენ. ეს თანხები ბიოლოგიურმა დედებმა აიღეს. მათი შვილებისა დგილსამყოფელი დადგინდა და ბავშვები ამჟამად სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ არიან. ჩვენ მივმართეთ სოციალურ სამსახურს და ისინი თავშესაფარში რჩებიან.

- მათთან ერთად დაკავებული 6 თანამონაწილე დანაშაულს აღიარებს?

- დანაშაულებრივი სქემის 6 თანამზრახველი მიეცა პასუხისგებაში, ისინი ეხმარებოდნენ ექიმებს იმის დადგენაში თუ ვის სურდა ბავშვის შეძენა. მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ისინი გარეთ არიან.

გამოძიების მტკიცებით, სქემა ასეთი იყო: სოციალურად დაუცველ ორსულს ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ყოველგვარ სამედიცინო დახმარებას ორულობის პერიოდში უფასოდ გაუწევდნენ, მათთვის უფასო იქნებოდა მშობიარობა, ამის შემდეგ გარკვეული თანხას აძლევდნენ და დედა უარს ამბობდა შვილზე. ალექსანდრე ბარავკოვს და კონსტანტინე მანჯავიძეს უკვე შერჩეული ჰყავდათ მშვილებლები და მათზე ყიდდნენ პატარებს.

როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ ყველა სამშობიარო დაწესებულება ვალდებულია ოპერატიულად მიაწოდოს სამოქალაქო რეესტრს დაბადებული ჩვილის მონაცემები, მისი სახელი, გვარი და მშობლების ვინაობა. რუსთავის სამშობიარო სახლში სწორედ ეს მონაცემები ყალბდებოდა. ექიმები ბავშვის მშობლებად უთითებდნენ არა ბიოლოგიურ მშობლებს, არამედ ჩვილის მშვილებლებს.

შპს "ახალი სამშობიარო სახლის" დამფუძნებელ მზია უგრეხელიძეს გამოძიების ინფორმაციით, თავის კლინიკაში გადაჰყავდა ჩვილი და იქიდან ეგზავნებოდა გაყალბებული მონაცემები სამოქალაქო რეესტრს. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ბარავკოვი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ირწმუნება, რომ კლინიკის მშობიარეებთან მას შეხება არ ჰქონია, არც ბრალდებული გინეკოლოგი მანჯავიძე ცნობს თავს დამნაშავედ. ისიც აცხადებს, რომ არანაირ ყიდვა-გაყიდვას ადგილი არ ჰქონია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცებას დაკავებული ექიმები.

რაც შეეხება გამოძიების მტკიცებით, გაყიდულ ჩვილებს, ისინი თავშესაფარში არიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ზრუნვის განყოფილების ხელმძღვანელი მარი წერეთელი:

- ფინანსური პოლიცია არკვევს დეტალებს, ამიტომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ბავშვები იმყოფებიან სახელმწიფოს მზრურველობის ქვეშ და იქ დარჩებიან გამოძიების დასრულებამდე. ძიების დასრულების შემდეგ მიენიჭებათ მათ სტატუსი და გადაწყდება ისინი ბიოლოგიურ დედასთან დარჩებიან, თუ მოხვდებიან გასაშვილებელ ბავშვთა რიცხვში. ორმაგად სამწუხაროა, როცა იგებ რომ საქმეში ექიმები არიან გარეულნი. შაბედნიეროდ, მსგავსი ფაქტები ხშირად არ ხდება.

თავად "რუსთავის სამშობიარო სახლში" მომხდარზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

თეა ხურცილავა(სპეციალურად საიტისთვის)