მკვლელობათა სერია ერთი ხელწერით - კვირის პალიტრა

მკვლელობათა სერია ერთი ხელწერით

"თუ რამეს ვნანობ, იმას, რომ პირველი ქმარიც არ გავუყენე ჯოჯოხეთის გზას!" - ისე გულგრილად თქვა სასამართლო პროცესზე იამზე ვაშაკიძემ, მის ნორმალურობაში ეჭვი შეეპარათ.

კიდევ ერთი კრიმინალური ისტორია "კვირის პალიტრის" არქივიდან:

იამზე ვაშაკიძემ მშობლიური რაიონის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეორედ დაენგრა ოჯახი. მიზეზი ორივეჯერ მისი უშვილობა აღმოჩნდა. იამზე ტრადიციულ ოჯახში აღიზარდა.

საკმაოდ მკაცრადაც ეპყრობოდნენ მამა და ორი უფროსი ძმა. პირველად სწორედ მათ მიერ არჩეულ მამაკაცს გაჰყვა ცოლად. ძალიანაც სცადა ოჯახის შენარჩუნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ექიმებმა საბოლოოდ დაუსვეს უშვილობის დიაგნოზი, ქმარმა სხვისი შვილის აყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა და იამზე თავისი ხელით მიუყვანა ახლობლებს.

ისე უბედურად გრძნობდა მაშინ თავს, თვითმკვლელობაც კი სცადა, მაგრამ დროზე მიუსწრეს და გადაარჩინეს ვენებგადაჭრილი... მომავალი მეორე ქმარი სწორედ საავადმყოფოში გაიცნო. ვაჟასაც თვითმკვლელობა ეცადა, რადგან მისი ორი თვის შერთული ცოლი ძველ შეყვარებულთან ერთად გაპარულიყო.

ერთმანეთს ადვილად გაუგეს. იამზეს მისთვის არ გაუმხელია, რომ ქმარმა უშვილობის გამო მიატოვა: მანაც სხვა ქალის გამო გამიმეტაო! - დაიჩივლა...

მალე დაქორწინდნენ. ორი წელი სიამტკბილობაშიც იცხოვრეს, მაგრამ ისევ რომ არ დაფეხმძიმდა, - ისეთი "კეთილმოსურნეც" აღმოაჩნდა ვაჟას, სიმართლე რომ გაუმხილა: პირველმა ქმარმა სწორედ ამ მიზეზით მიატოვაო...

სხვისი შვილის მამობა არც ვაჟამ ისურვა და იამზეს სახლიდან წასვლა მოსთხოვა.

იამზემ ისევ მძიმე სულიერი ტრავმა მიიღო, მაგრამ ამჯერად თავის მოკვლა აღარ უფიქრია. ჯერ უცნაურად ჩაიკეტა საკუთარ თავში, სიტყვასაც არ ძრავდა, მერე კი უცებ შეკრა ბარგი და მშობლებს კატეგორიულად განუცხადა, რომ ქალაქში აპირებდა გადასახლებას. ვერც მამამ და ვერც ძმებმა ვერ დაუშალეს. მიხვდნენ, რომ იამზე ის მორჩილი გოგო აღარ იყო, მათი თანხმობის გარეშე მეზობელთანაც რომ არ წავიდოდა.

ქალაქელი ბიძაშვილი მხოლოდ ორიოდე კვირით შეაწუხა. იამზეს მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი ჰქონდა და არავითარი პროფესია. ამიტომ დათანხმდა უყოყმანოდ ბიძაშვილის წინადადებას, - მათ მარტოხელა მეზობელს ვაროს მომვლელი სჭირდებოდა...

თითქოს ბედის ირონია იყო, რომ ვაროც უშვილო იყო, თუმცა იამზეს ქმრებისგან განსხვავებით, მის ქმარს უარი არ უთქვამს ბავშვის შვილად აყვანაზე. თითქოს ბედნიერებიც იყვნენ, მაგრამ მათ 15 წლის ვაჟს ბიოლოგიურმა დედამ მოაკითხა თურმე მონანიებით. ბიჭიც დაუფიქრებლად გაჰყვა. ნერვიულობაზე ვაროს ქმარს ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. ასე დარჩა ვარო მარტო ოროთახიან ბინაში. 80 წელს მიღწეული ავადმყოფობდა. გარეცხვა და სადილის მომზადებაც უჭირდა. ამიტომ სთხოვა ახლობლებს მისთვის ვინმე მოეძებნათ დამხმარედ.

როცა იამზემ თავის შესახებ უამბო, ვარომ ზეცისკენ აღაპყრო თვალები:

- აქამდეც მჯეროდა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება ქვეყნად. ბედმა იმიტომ მოგიყვანა ჩემამდე, რომ ერთმანეთის სატკივარს მხოლოდ ჩვენ თუ გავუგებთო!..

ცოტა ხანში ვარო აღტაცებული უყვებოდა მეზობლებს, რომ ღმერთმა უბრალოდ მომვლელი კი არა, ნამდვილი შვილი გამოუგზავნა სიბერის ნუგეშად.

ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ბინა იამზეს სახელზე გადააფორმა: მოხუცი ვარ, რა ვიცი, რა დროს წავიქცევიო!

ზუსტად ორ თვეში გარდაიცვალა ამის შემდეგ. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დაასახელეს.

იამზემ დედობილს მოკრძალებული ქელეხი გადაუხადა და ცოტა ხანში თავად სთხოვა ახლობლებს: - სხვა არაფერი მეხერხება, ისევ მოხუცს თუ მოვუვლიო.

მისი მომდევნო "პაციენტი" 84 წლის ვანო ქევხიშვილი აღმოჩნდა. უცოლოდ დაბერებულიყო. ძმისშვილები კი ჰყავდა, მაგრამ იმდენად მძიმე ხასიათი ჰქონდა ბერიკაცს, ხმამაღლა

ამბობდნენ: - არც მისი ქონება გვიღირს მასთან ცხოვრებისა და მოვლის ფასადო...

მას შემდეგ, რაც ვანოს ინსულტი მოუვიდა, იამზე სწორედ მისმა ძმისშვილებმა დაიქირავეს და ხელფასსაც ისინი უხდიდნენ ქალს.

ვანო ვერც ხელ-ფეხს იმორჩილებდა და ვერც ენას. თუმცა როცა თავის ახალ მომვლელს უცქერდა, უცხო თვალიც შეამჩნევდა, რომ მისით კმაყოფილი არ იყო. ცდილობდა კიდევაც იშვიათად მის სანახავად მოსული ძმისშვილებისთვის რაღაცის თქმას, მაგრამ მათ ნაკლებად აღელვებდათ ვანოს მდგომარეობა, მთავარი იყო, მოხუცი სუფთა თეთრეულში იწვა და არ შიოდა...

გაგრძელება