შავი შაბათი გრიგოლეთში - "მრავლისმნახველი პოლიციელები და მაშველებიც კი შეძრწუნებულები იყვნენ" - კვირის პალიტრა

შავი შაბათი გრიგოლეთში - "მრავლისმნახველი პოლიციელები და მაშველებიც კი შეძრწუნებულები იყვნენ"

რას ჰყვებიან თვითმხილველები

პირველ აგვისტოს გრიგოლეთთან  შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. "მერსედესის" მარკის ავტომანქანა და  მიკროავტობუსი ერთმანეთს იმდენად ძლიერად შეეჯახნენ, რომ მანქანა აფეთქდა და მგზავრები ჩაიწვნენ. არსებული ინფორმაციით, "მერსედესში" 6 ადამიანი იჯდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

"საშინელი ხმა გავიგონე, თითქოს ბომბი აფეთქდაო. ისეთი ბუღი ჩამოწვა, რომ ვერაფერს ვარჩევდი. მივხვდი, რაღაც უბედურება მოხდა. რაც დავინახე, სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება - ორივე მანქანა იწვოდა. ჰაერში ისეთი საშინელი სუნი იდგა, ვერც აღგიწერთ. ცუდად გავხდი და დროის დიდი ეპიზოდი არ მახსოვს. გავიგე, მანქანაში 6 ადამიანი დაღუპულა, მათ შორის ბავშვებიც. ზოგი ამბობს, "მერსედესი" მოსრიალდაო, ზოგიც ამბობს - სამარშრუტო ტაქსიო. არადა, მშრალი და ფართო გზა იყო. მრავლისმნახველი პოლიციელები და მაშველებიც კი შეძრწუნებულები იყვნენ", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

"შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ "მერსედესში" მყოფ მგზავრებს გადარჩენის შანსი ფაქტობრივად, არ ჰქონდათ" როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მანქანების შეჯახების ადგილას აფხაზეთიდან დევნილი ვინორი შეროზია ვაჭრობდა. ავტომანქანის აფეთქების ტალღას ის მსუბუქად დაუზიანებია. ექიმები შემთხვევის ადგილას რამდენიმე წუთში გაჩნდნენ - საზღვაო სეზონის გამო, ურეკთან სასწრაფო დახმარების მანქანა მუდმივად მზადყოფნაშია.

"რა საშინელი ბედი ჰქონია ამ ქალს. ერთ ავარიას გადარჩენილი ჩასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და ფოთის საავადმყოფოში წაიყვანეს. მანქანას რამდენიმე კილომეტრიც არ ჰქონდა გავლილი, რომ მას პოლიციის პიკაპი შეეჯახა. ეს ქალი ადგილზე დაღუპულა. სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი", - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

პიკაპში მჯდომი სამი პოლიციელიდან ორი უმძიმეს მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან. სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი ექთანი ნანი ბებია და სასწრაფოს მძღოლი დათო ჯანაშია კი უმძიმეს მდგომარეობაში ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თეა ხურცილავა