"საღებავების საწყობი, როგორც ბომბი, ისე აფეთქდა, მეეჭვება ყველა მუშას ცოცხალს გამოეღწია" - ხანძარი ელიავას ბაზრობასთან - კვირის პალიტრა

"საღებავების საწყობი, როგორც ბომბი, ისე აფეთქდა, მეეჭვება ყველა მუშას ცოცხალს გამოეღწია" - ხანძარი ელიავას ბაზრობასთან

მეხანძრე-მაშველები ხანძრის სრულად ლიკვიდაციისათვის ჯერაც მუშაობენ. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება საღებავების საწყობს, სადაც ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მეხანძრე- მაშველები მუშაობენ. დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი.

"შეიძლება ცეცხლი თავისითაც გაჩნდა, - როცა ცეცხლსაშიში და ფეთქებადი ნივთიერებები მაღალ ტემპერატურაზეა, არ არის გამორიცხული, აფეთქება თავისთავად მოხდეს."

ზაფხულის ძლიერმა სიცხემ სხვა უარყოფით ფაქტორებთან ერთად, ხანძრებიც გაახშირა. როცა სახანძრო სამსახური გაგარინის მოედნის ტერიტორიაზე ხეებზე მოდებულ ცეცხლს აქრობდა, თითქმის იმავე წუთებშივე ხანძარმა გუდაუთის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობასთან იფეთქა, სადაც სააქციო საზოგადოება "იბერიის" საწყობებში იყო განლაგებული. ამ საწყობებში რამდენიმე კომპანიას დიდძალი სამეურნეო ქონება ჰქონდა დასაწყობებული. ხანძრმა სააქციო საზოგადოების შენობების ნაწილი წამების განმავლობაში შთანთქა, რამაც მუშებისა და სხვა მოსამსახურე პერსონალში პანიკა გამოიწვია. ხალხი ალმოდებული შენობებიდან გამოღწევას ცდილობდა... ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, სხვა ნაგებობებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის სრულად ლიკვიდაციისათვის მუშაობენ. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება საღებავების საწყობს, სადაც ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მეხანძრე - მაშველები მუშაობენ. დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი.

გოგი ნათენაძე, მუშა:

- ცეცხლი ჩვენ გვერდით მდებარე საღებავების საწყობში გაჩნდა, სადაც საღებავებთან ერთად, იატაკის ლაქიც და საღებავის გამხსნელი საშუალებებიც იყო დასაწყობებული. აქვე ზავდებოდა ზოგიერთი საღებავი და მერე გასაყიდად ქსელში გადიოდა. ცეცხლი ამ საღებავების შეზავების დროს გაჩნდა. საღებავს ისე ედება ცეცხლი, როგორც საწვავს. მთელი შეზავებული საღებავი ერთმა ნაპერწკალმა ალად აქცია, ცეცხლი დახურულ ყუთებში ჩასხმულ საღებავებზე გადავიდა და აფეთქება დაიწყო. საშინელება იყო, საწყობი, როგორც ბომბი, ისე ფეთქდებოდა, ამას ვეღარაფერი უშველიდა, ვერც მუშები ჩააქრობდნენ და ვერც სახანძრო. მხოლოდ თაავის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა ხალხს. მუშები გარეთ გამორბოდნენ, რომ თავისთვის ეშველათ; მეეჭვება, რომ საღებავების საწყობიდან ყველა მუშას გამოეღწია, იქ ისეთი ჯოჯოხეთი ტრიალებდა, არ ვიცი როგორ გამოაღწევდნენ.

- ცეცხლი რამ გააჩინა, ვინემ სიგარეტს ეწეოდა?

- არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ახალა ვინ იტყვის, სიგარეტს მე ვეწეოდიო, მაგრამ შეიძლება ცეცხლი თავისითაც გაჩნდა, - როცა ცეცხლსაშიში და ფეთქებადი ნივთიერებები მაღალ ტემპერატურაზეა, არ არის გამორიცხული, აფეთქება თავისთავად მოხდეს, …

რომან ძინძიბაძე:

- ამ ტერიტორიაზე იმდენი ქონება იყო განლაგებული, ალბათ ზარალი მილიონობით იქნება. ზოგიერთი კომპანია, სავარაუდოდ, თავს უშველის, ავტორიტეტს გამოიყენებს და ზარალს სახელმწიფოსაგან აინაზღაურებს; ზოგიერთი კი სამუდამოდ გაღატაკდა. მე აქ დასაქმებული ხალხიც მეცოდება, რომლებმაც სამსახურები და ოჯახში შესატანი გროშები დაკარგეს. საშინელება იყო. 28 სახანძრო აქრობდა და ვერაფერი მოუხერხეს. ბოლოს საქმესი ვეტმფრენიც ჩაერთო, ცდილობდნენ, ცეცხლი მოსახლეობისაკენ, კორპუსებისაკენ არ წასულიყო. მილიონობით ლარის ზარალზეა ლაპარაკი. ყველაფერი რაც აქ იყო დასაწყობებული, დანახშირებულია. მთლიანად დაიწვა კომპანია სილქნეტის" საწყობი თავისი კაბელებით, სარეკლამო საწყობები, შენობების საახურავების და სარემონტო საწყობები, სადაც პლასტმასის საქონელი იყო…… ყველაფერი მთლიანად დანახშირებულია სახელმწიფომ ულუკმაპუროდ დარჩენილ ადამიანებს უნდა მიხედოს. ზოგიერთი მუშა ისეა დამწვარი, ალბათ თვეობით ვერ იმუშავებს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი კი დაკარგულად მიიჩნევა და მათი ძებნა გრძელდება. ხანძრის ჩაქრობისას მუსბუქად დაშავდნენ ერთი მეხანძრე და ერთიც მაშველი.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. გვიან ღამით, მაშველებმა ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან ცხედრები დამწვარია.