"დაავლო სუფრის დანას ხელი და ერთს მუცელში გაუყარა, მეორეს – გულში" - კვირის პალიტრა

"დაავლო სუფრის დანას ხელი და ერთს მუცელში გაუყარა, მეორეს – გულში"

"ხალხი რომ მივცვივდით, უბედური პაატა უკვე გარდაცვლილი იყო. გიას მუცელზე მიეჭირა ხელი და სისხლი სდიოდა.…საწყალი პაატა მახაურის ცოდვით მთელი ახმეტა ტირის, 3 წლის წინ მოულოდნელი ავადმყოფობით 14 წლის შვილი გამოეცალა ხელიდან, ახლა თვითონ მიასვენეს სახლში. რატომ, რისთვის?"

"ყველაფერი იმის ბრალია, რომ ახალგაზრდებს არც სამუშაო აქვთ, არც ფული, არც მომავალი. ვინც დაცოლშვილდა, ის შვილისთვის პამპერსსაც ვერ ყიდულობს და ოჯახები ინგრევა. დადიან ასე გაბოროტებულები და მაგათგან რა ხეირს უნდა მოელოდე! დაღუპა უსაქმურობამ ქვეყანა!" - ამბობს ახმეტის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელიც მის მეზობლად დატრიალებულ ტრაგედიაზე გვესაუბრა - აქ, ერეკლე მეორის ქუჩაზე, 24 წლის გიორგი გოგოჭურმა ორ მამაკაცი დანით დაჭრა. მათგან ერთი 1972 წელს დაბადებული პაატა მახაური გარდაიცვალა, ხოლო მუცლის არეში დაჭრილი 41 წლის გია ხინჩლაშვილის მდგომარეობა მძიმეა. ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში ახმეტაში დააკავეს. დანაშაულის იარაღი დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ჩვენ დავუკავშირდით ახმეტის იმ ქუჩის მცხოვრებს, სადაც ტრაგედია დატრიალდა. რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა დანაშაულის დეტალები მოგვიყვა:

დ.კ;

- ჩვენს ქუჩაზე საშინელება დატრიალდა, ერთმა პატარა ბიჭმა ორი კაცი ისე მიიყვანა სიკვდილის პირას, რომ იქვე 10- 20 მეტრის მანძილზე მცხოვრებ ოჯახებს არაფერი გაუგიათ. ღამე იყო, გიასთან სტუმრად პაატა მახაური მივიდა, ბიჭებმა სახელდახელო სუფრა ქუჩაში გაშალეს,- ძალიან რომ ცხელა, ეტყობა, სახლში დაჯდომას გარეთ ყოფნა ამჯობინეს. უკვე ზრდასრული კაცები იჯდნენ და თავისთვის ჭუკჭუკობდნენ. გიორგის, რომელიც გიას სახლიდან სადღაც 100 მეტრში ცხოვრობს, ჩაუვლია, როგორც წესია, გიამ მეზობელი სუფრაზე მიიპატიჟა, იმან კი უზრდელად დაიწყო თურმე ლაპარაკი.

- ანუ გიორგი გოგოჭურმა უმიზეზოდ მოკლა ერთი ადამიანი და დაჭრა მეორე?

- კი, სრულიად უმიზეზოდ ორივე სასიკვდილოდ გაიმეტა, მაგრამ ღვთის მადლით, იქნებ, გია გადარჩეს. როგორც უკვე გითხარით, მკვლელი და გია ხინჩლაშვილი ერთმანეთისაგან 100 მეტრის მოშორებით, ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ. კაცი რომ გაშლილ სუფრასთან ჩამოგივლის და გამოგელაპარაკება, ხომ უნდა უთხრა,- ერთი ჭიქა დაგვილიეო. მათაც უთხრეს, მან კი ორივეს უზრდელი ლაპარაკი დაუწყო. თურმე ნასვამი ყოფილა და ღვინო რომ დაამატა, სულ დაკარგა გონება, ლამის მამისტოლა კაცებს აგინა. ესენი კიდევ აწყნარებდნენ და ამშვიდებდნენ, მაგრამ ვერ დაამშვიდეს,- დაავლო სუფრის დანას ხელი და ერთს მუცელში გაუყარა, მეორეს - გულში. ეტყობა, ეს ისე სწრაფად გააკეთა, საცოდავებმა გააზრებაც ვერ მოასწრეს, რა ხდებოდა. ამას როგორ წარმოიდგენდნენ, რომ მათ თვალწინ გაზრდილი ბავშვი სასიკვდილოდ გაიმეტებდა ორივეს. არადა, ამ გიორგის დედ-მამა მშრომელი ხალხია, ცოლ-შვილიც ჰყავს... ხალხი რომ მივცვივდით, უბედური პაატა უკვე გარდაცვლილი იყო. გიას მუცელზე მიეჭირა ხელი და სისხლი სდიოდა.…საწყალი პაატა მახაურის ცოდვით მთელი ახმეტა ტირის, 3 წლის წინ მოულოდნელი ავადმყოფობით 14 წლის შვილი გამოეცალა ხელიდან, ახლა თვითონ მიასვენეს სახლში. რატომ, რისთვის?

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)