"მკვლელმა გიორგის დანით 26 ჭრილობა მიაყენა" - გოგონას გამო დაწყებული კამათის ტრაგიკული დასასრული - კვირის პალიტრა

"მკვლელმა გიორგის დანით 26 ჭრილობა მიაყენა" - გოგონას გამო დაწყებული კამათის ტრაგიკული დასასრული

"დედამისი ტიროდა, ვიცოდე მაინც რა ჩაიდინა ასეთი უპატიებელი, ასე რომ დამიკუწეს შვილიო..."

რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში, ღამის კლუბ "ტროპიკანკას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ნინიკური ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. შსს- ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1995 წელს დაბადებული ახალგაზრდაა, რომელმაც დანაშაული აღიარა.

ანა, გარდაცვლილი გიორგი ნინიკურის მეგობარი:

- მკვლელი გიორგის სასტიკად გაუწორდა, დანით 26 26 ჭრილობა მიაყენა. ვარაუდობდნენ, რომ ეჭვმიტანალი მარტო არ იყო. ბიჭი შემზარავად იყო დასახიჩრებული, არ ვიცი, ასე რის გამო უნდა გაიმეტო ადამიანი. დედამისი ტიროდა, ვიცოდე მაინც რა ჩაიდინა ასეთი უპატიებელი, ასე რომ დამიკუწეს შვილიო... არადა, გიორგი არ იყო ის ბიჭი, ვინმესთვის რაღაც უპატიებელი გაეკეთებინა. ეჭვმიტანილზე, ანუ რეზოზეც თქვეს, ძალიან კარგი ბიჭიაო, სპორტსმენი ყოფილა, რამ გადაუტრიალა ასე ტვინი, არ ვიცი. ის არ ვიცი, სადაურია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის ან ვინმესთვის...

- რა გახდა მკვლელობის მოტივი?

- როგორც ბიჭებისგან გავიგე, იქვე მყოფი უცნობი გოგონას გამო დაუპირისპირნენ ერთმენეთს... რომელიღაცის სამეგობრომ მოინდომა გოგოს გაცნობა და მეორე მხარე შეეწინააღმდეგა, - ამას აჰყოლიან და ურთიერთშელაპარაკება მოსვლიათ. არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა, - ერთმანეთში უსაუბრიათ კიდეც და ეტყობა, მეგობრებს ეგონათ, რომ ყველაფერი გაარკვიეს და დაწყნარდნენ. გიორგი, კაფედან გარეთ გამოსულა და ამ დროს მივარდნილა ის ბიჭი... უკნიდან ჩაარტყა პირველად თურმე, გიორგი, როგორც ჩანს, პირველივე ჭრილობამ დააგდო ძირს, თორემ პირისპირ ასე ადვილად ვერ მორეოდა. გიორგი სპორტსმენი იყო, ველოსპორტით იყო გატაცებული, ბევრს ვარჯიშობდა. ის და მისი ძმა უბანში გამორჩეული იყვნენ, თავისი წესიერებით.

გიორგი თბილისელია, ქობულეთში, მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად იყო წასული. სტიქაროსანი იყო, იმ ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც მსახურობდა... პროცესიას წინ "ბაიკერები" მიუძღვოდნენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)