"ერთადერთი შვილი მყავდა და მის სიკვდილს არავის ვაპატიებ" - გერმანიაში გარდაცვლილ 4 წლის ანდრიას ხვალ ჩამოასვენებენ - კვირის პალიტრა

"ერთადერთი შვილი მყავდა და მის სიკვდილს არავის ვაპატიებ" - გერმანიაში გარდაცვლილ 4 წლის ანდრიას ხვალ ჩამოასვენებენ

"სიმართლე მხოლოდ ანა ბერულავამ იცის, ვინც ჩემი შვილი გერმანიაში წაიყვანა. მაგის ხელში მოკვდა ჩემი შვილი. თავიდან მან თქვა, რომ მე იქ ვიყავი როცა ბავშვი დაიღუპაო. მან ჩემი გარდაცვლილი ბავშვი მარტო დატოვა და იმავე დღეს საქართველოში წამოვიდა. არ გამოვრიცხავ, რომ იქ გარდაცვლილი ბავშვის ორგანოებსაც იყენებდნენ"

ეს ფოტო 4 წლის ანდრია დვალიშვილს მაშინ გადაუღეს, როედსაც ის ახლობლებს გამოემშვიდობა და სამკურნალოდ გერმანიაში გემგზავრა, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პატარს ცოცხალს მეტად ვეღარ ნახავდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ გორში, დვალიშვილების ოჯახს თავს უბედურება დაატყდა, მათ აცნობეს, რომ გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი 4 წლის ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა. ჯერჯერობით, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით ქართველი სამართალდამცველები უკვე დაინტერესდნენ და გამოძიება მიმდინარეოს.

4 წლის ანდრია ოჯახმა ასოციაცია "ჯანმრთელი ბავშვების" დახმარებით 19 აგვისტოს გერმანიაში გაგზავნა. ეს ასოციაცია ორგანიზაცია "ფრიედენსდორფ" -თან (მშვიდობის სოფელი - ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაცია) თანამშრომლობს, რომელიც ომის ვეტერანებისა და მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახების შვილებს მკურნალობასა და ოპერაციის ხარჯებს(მათ შორის, მგზავრობის) სრულად აფინანსებს. თუმცა, ერთი პირობის თანახმად - ბავშვი მშობლების გარეშე მიეგმგზავრება და მკურნალობის განმავლობაში კლინიკაში მარტოა.

ამ პირობაზე დათანხმდნენ დვალიშვილებიც. სამწუხაროდ, ანდრია გერმანიაში ჩასვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. ოჯახის თქმით, ისინი ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ ბავშვის ცხედარს და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მოიპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ასოციაციას "ჯანმრთელი ბავშვები" ადანაშაულებს და მათ გულგრილობაში სდებს ბრალს.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ასოცაციის დამფუძნებელი მედეა აბრამია აცხადებს, რომ ბავშვის ცხედარი არ დაკარგულა და სამშობლოში გადმოსვენების გაჭიანურება ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული.

მედეა აბრამია, ასოციაცია "ჯანრმთელი ბავშვების" წარმომადგენელი:

- "რას ნიშნავს ბავშვი დაიკარგა? ის შაბათს, 22 აგვისტოს დილით გარდაიცვალა. გერმანიის ყველა სტრუქტურა შაბათ-კვირას ისვენებს. ამიტომ, გადმოსვენების საკითხი გაჭიანურდა. დღეს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წარომადგენელი - სოფო თიბილოვი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ცხედრის სანახავად ერთად მივლენ. მათ ამის შესახებ პროკურატურიდან უკვე აცნობეს. ვფიქრობ, ბავშვს ხვალ საქართველოში გადმოასვენებენ.

- ოჯახი საპირისპიროს ლაპარაკობს...

- ოჯახი ძალიან ბევრ რამეს ამბობს, რადგან ახლობლები გამწარებული და შოკირებული არიან. ეს ორგანიზაცია "ფრიდენდორფი" დაახლოებით 50 წელია, რაც არსებობს და მასში 20-მდე ქვეყანაა ჩართული. ორგანიზაცია მკურნალობის და ოპერაციების ხარჯებს სრულად აფინანსებს, ოჯახი მხოლოდ საბუთებს ამზადებს. ერთადაერთი პირობაა, რომ ბავშვები მშობლების, მეურვეების გარეშე მიჰყავთ. ისინი ომით დაზარალებულ ქვეყნებს ეხმარებიან. ამიტომ, კლინიკაში შესაძლოა ობოლი ბავშვებიც იყო, თუნდაც, ერთი მშობლის იქ ყოფნა, მათ ფსიქიკაზე დამთრგუნველად იმოქმედებს. ამ ბავშვებს ადგილზე უამრავი დამხმარე, ფსიქოლოგი, ძიძა და მედიკოსი ხვდება. ბავშვის გამგზავრება ნებაყოფლობითია. მშობელს თუ არ უნდა, არავინ აძალებს, შეუძლია არ გაუშვას. ბევრმა მშობელმა სწორედ იმ მიზეზით თქვა უარი, რომ ბავშვს მარტო არ გავუშვებთო. ასეთ ქველმოქმედებას ეწევა ეს ორგანზიაცია. თუმცა, მედიას მხოლოდ სკანდალები აინტერესებს.

- სკანდალი რა შუაშია? გარდაცვლილის ოჯახი ბრალს გიყენებთ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს...

- მე გეუბნებით, რომ დამალული არაფერია. ეს ამ ორგანიზაციის პირობაა და ვისაც არ უნდა, უარს ამბობს.

- რა გახდა გარდაცვალების მიზეზი? რას გეუბნებათ პარტნიორი ორგანიზაცია?

- ზუსტი დასკვნა ჯერ მეც არ მინახავს და რა გითხრათ? ბავშვს ტრახეის მძიმე ფორმის სტენოზი ჰქონდა (სასუნთქი გზების შევიწროვება). ოპერაციის შემდგომ, რომელიც საქართველოში გაუკთედა, ტრახეოსტომა ჩაუდგეს. თან თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა. ოთხშაბათს ბავშვი ჩავიყავნეთ, ხოლო ხუთშაბათსა და პარასკევს გამოკვლევები ჩაუტარდა. ტრახეოსტომა ჩაუდგეს, შედარებით დიდი ზომის, რომ მილი ოდნავ გაფართოვებულიყო. ერთი წლის მერე ოპერაცია იყო დაგეგმილი. თუმცა, მოულოდნელად ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. მომხდარით ჩვენც შოკირებულები ვართ. ჩვენი ასოციაცია 2005 წლიდან მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, რომ სამკურნალოდ გაგზავნილი ბავშვი დაიღუპა.

"კვირის პალიტრა" გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს ესაუბრა. ანდრია მათი ერთადერთი შვილი იყო. ბავშვის მამა ვანო დვალიშვილს ასოციაციის დამფუძნებლებს, დედ-შვილ მედეა აბრამიასა და ანა ბერულავას (რომელიც ანდრიას გერმანიაში ახლდა) ღიად ადანაშულებს შვილის სიკვილში და იმედოვნებს, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართება.

ვანო დვალიშვილი:

- ხუთი დღე ბავშვის ცხედარი დამალული ჰყვდათ, ვერ ვიგებდით ბავშვი სად იყო. ორგანიზაციის მიერ დასახელებულ არცერთ კლინიკაში ჩემი შვილი არ იყო. ყველა მისამართზე ჩემი მეგობრები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, მიდიოდნენ, მაგრამ ბავშვს ვერ ნახულობდნენ. როცა ტელევიზიით გაშუქდა ჩვენი ამბავი და მთელმა საქართველომ გაიგო, მხოლოდ მაშინ გვითხრეს. გამოძიება დაადგენს სინამდვილეში რა მოხდა და ჩემი შვილი რატომ დაიღუპა.

- მედეა აბრამია ბავშვის გადმოსვენების გაჭიანურებას იმით ხსნის, რომ დასვენების დღეები დაემთხვაო. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ცხედრის სანახავად თქვენი ახლობელი - სოფო თიბილოვი იყო მისული.

- სოფო თიბილოვი ვინ არის, არ ვიცი. ჩემს მეგობარს, განვმარტავ - მამაკაცს, ჩემი შვილი უნდა ენახა, მაგრამ პრობლემები შეექმნა და ვერ ნახა.

- ამ ორგანზიაციის შესახებ როგორ შეიტყვეთ?

- ახლობლის ახლობლის ბავშვი მკურნალობდა და ასე გავიგეთ. შემდეგ ჩვენც მივმართეთ. რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვიყავით, ხომ ბავშვს მშობლები ვერ გავყვებოდით. ანდრიას სასუნთქი მილების შევიწროება ჰქონდა. ყელში ტრახიოსტომა ედგა ყელში. თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა. სამი დღის იყო, როცა ოპერაცია გაუკეთეს. 4 წელი და 8 თვე ცხოვრობდა ჩვენთან და არაფერი მოსვლია.

- თუ იცით გარდაცვალების მიზეზი რა გახდა?

- არ ვიცით. დედა-შვილი განსხვავებულ ვერსიებს გვეუბნებიან. ერთმა გვითხრა, სტომა მოიძროო, მეორემ - გული გაუჩერდაო. რომელ ერთს დავუჯეროთ?! სიმართლე მხოლოდ ანა ბერულავამ იცის, ვინც ჩემი შვილი გერმანიაში წაიყვანა. მაგის ხელში მოკვდა ჩემი შვილი. თავიდან მან თქვა, რომ მე იქ ვიყავი როცა ბავშვი დაიღუპაო. მან ჩემი გარდაცვლილი ბავშვი მარტო დატოვა და იმავე დღეს საქართველოში წამოვიდა. არ გამოვრციხავ, რომ იქ გარდაცვლილი ბავშვის ორგანოებსაც იყენებდნენ, ეს უკვე ძალიან პირადული საკითხია და ამას მერე მივხედავთ, როცა ბავშვს ჩამოასვენებენ. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ეს ერთადერთი შვილი მყავდა და მის სიკვდილს არავის ვაპატიებ.

მომხდართან დაკავსირებით გამოძიება 116-ე მუხლით (გაუფრთხუილებლობით სიცოცხლის მოსპობა) მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე დაკითხა გარდაცვლილი ბავშვის მშობლები და ასოციაცია "ჯანმრთელი ბავშვების" დამფუძნებლები. ამ დროისთვის ორგანზიაცია დალუქულია.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)