მკვლელობა ოქროყანაში, დაჭრილია შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილეც - უბედური შემთხვევა თუ შეიარაღებული თავდასხმა?! - კვირის პალიტრა

მკვლელობა ოქროყანაში, დაჭრილია შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილეც - უბედური შემთხვევა თუ შეიარაღებული თავდასხმა?!

გუშინ, გვიან ღამით მკველელობა მოხდა ოქროყანაში. მოკლულია ყოფილი პოლიციელი რევაზ კალომლეწავი, თავის არეში მძიმედ დაჭრილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა კი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ისინი ახლო ნათესავები არიან და სავარაუდოდ ერთად აღნიშნავდნენ მარიამობის დღესასწაულს. ლევან გვაზავა ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველთა ლიგის" წევრია.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ სამართლადამცველებს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდამსხმელებმა ესროლეს, მოგვაინებით გავრცელდა კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, ლევან გვაზავას იარაღი გაუვარდა, რამაც მისი ახლო ნათესავი, რევაზ კალომლეწავი იმსხვერპლა, რის შემდეგაც გვაზავამ თავის მოკვლა სცადა. ბოლო ინფორმაციით, გვაზავს მდგომარეობა კვლავ ურთულესია.

მოხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო.

საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა. "შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლნასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილ იქნა ლევან გვაზავა. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები - მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით", - განაცხადეს პროკურატურაში.

შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სოციალურ ქსელში აიტაცეს ლევან გვაზავას "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ერთი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც მისი კოლეგა მუქარის შემცველ შეტყობინებაზე საუბრობს.

გვაზავამ 21 აგვისტოს გაიზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძნებელსა და კორტების სპეცოპერაციის ერთერთ მოწმეს ირაკლი ქადაგიძეს ემუქრებიან.

ლევან გვაზავას არ აკონკრეტებს, რომ მასაც ემუქრებოდნენ, თუმცა, გაზიარებული მასალის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ამ მუქარების ავტორთა ვინაობის გარკვევას სულ ორი საათი სჭირდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსისა" და ambebi.ge-ის მასალების მიხედვით