"შვილივით გაზრდილი დეიდაშვილი შემოაკვდა, არ არის გამორიცხული, ლევანმა კიდევ სცადოს თვითმკვლელობა" - კვირის პალიტრა

"შვილივით გაზრდილი დეიდაშვილი შემოაკვდა, არ არის გამორიცხული, ლევანმა კიდევ სცადოს თვითმკვლელობა"

"იარაღი ნიკაპქვეშ მიუბჯენია. მის გვერდით მჯდომ მეორე დეიდაშვილს, გურამ თათელაძეს ლევანისთვის ხელი აუკრავს. ამიტომაც გადარჩა - იარაღმა მიმართულება შეიცვალა და ტყვიამ ტვინამდე არ მიაღწია, ძვალმა გააჩერა და ცხვირიდან გამოვიდა."

28 აგვისტოს ღამით წავკისი-ტაბახმელის გზაზე გასროლა გაისმა, რის შედეგადაც შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა მძიმედ დაიჭრა, მისი დეიდაშვილი, ყოფილი პოლიციელი რევაზ კალომლეწავი კი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი "მერსედესის" მარკის ავტომანქანაში კიდევ ორ პირთან ერთად - გვაზავას მეორე დეიდაშვილთან, გურამ თათელაძესა და კალომლეწავის ნათლულთან (ავტომანქანის მეპატრონე) იმყოფებოდნენ.

ერთი ვერსიით, გვაზავას იარაღი გაუვარდა, რასაც წინა სავარძელზე მჯდომი რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა, მოგვიანებით კი გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა. მეორე ვერსიით, წავკისი-ტაბახმელის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა... გვაზავას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ლევან გვაზავა შს სამინისტროში მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილედ 2008 წლამდე მუშაობდა. იგი "სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ზაზა ჭაია, "სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" წევრი: - ერთი მეგობარი გარდაცვლილი მყავს, მეორე სიკვდილს ებრძვის, რა ვერსიებზე ვილაპარაკო. გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.

დარეჯან გილაშვილი, ლევან გვაზავას ადვოკატი: - გამოძიება მუშაობს როგორც თავდასხმის, ისე გაუფრთხილებლობით მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ვერსიაზე. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ავტომანქანაში მსხდომი მოწმეები დაჰკითხეს, მაგრამ ჩვენთვის მათი ჩვენებები არ არის ცნობილი.

გვაზავა გენერალია და მას ჰქონდა იარაღის ტარების უფლება და პროკურატურას მოუწევს 236-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მოხსნა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი თავდასხმას გამორიცხავს.

- ოჯახიც და ჩვენც არაფერს გამოვრიცხავთ, ველოდებით გამოძიების პასუხს და ლევანის გამოჯანმრთელებას, რომელიც ყველაზე უკეთ გასცემს კითხვებზე პასუხს.

- რამდენი იარაღია ამოღებული?

- არ ვიცი, მაგრამ გარდაცვლილიც ყოფილი პოლიციელი იყო და, სავარაუდოდ, მასაც უნდა ჰქონოდა იარაღი. თუ რამე იარაღია საქმეში, ყველას ჩაუტარდება ექსპერტიზა და დადგინდება, მოხდა თუ არა გასროლა, საიდან და ა.შ. როგორც ვიცი, მოწმეებმაც მხოლოდ გასროლის ხმა გაიგონეს.

- ვინმე ემუქრებოდა გვაზავას? ამბობენ, პროკურატურასთან აპირებდა თანამშრომლობას და მოიცილესო.

- მუქარაზე არაფერი გამიგია. ის კი მსმენია, რომ დაემუქრნენ "სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" მეორე დამფუძნებელს, ირაკლი ქადაგიძეს, რომელმაც ამის თაობაზე პროკურატურასაც მიმართა.

დათო ლ., რეზო კალომლეწავის ახლობელი:

- ლევანი და რეზო არა მარტო დეიდაშვილები, კარგი მეგობრებიც იყვნენ, ფაქტობრივად, ლევანმა გაზარდა რეზო... როგორც ვიცი, თავდასხმა არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში ავტომანქანა დაზიანდებოდა. მითხრეს, რომ მანქანაზე ნატყვიარები არ არის. მანქანაში ისხდნენ ლევანი, მისი ორი დეიდაშვილი და რეზოს ნათლული ილია, რომელიც საჭესთან იჯდა. პანტიანიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მარიამობა აღნიშნეს. ლევანს იარაღი ქამარზე დამაგრებულ ბუდეში ედო, ჯდომისას შეაწუხა და ამოუღია. საუბედუროდ, გაუვარდა და რეზოს კეფაში მოხვდა. როცა ლევანი მიხვდა, რაც მოხდა, თვითმკვლელობა უცდია - იარაღი ნიკაპქვეშ მიუბჯენია. მის გვერდით მჯდომ მეორე დეიდაშვილს, გურამ თათელაძეს ლევანისთვის ხელი აუკრავს. ამიტომაც გადარჩა - იარაღმა მიმართულება შეიცვალა და ტყვიამ ტვინამდე არ მიაღწია, ძვალმა გააჩერა და ცხვირიდან გამოვიდა. ფაქტობრივად, სახე აუწყვეს. სანამ ბალისტიკური ექსპერტიზა არ ჩატარდება და არ დადგინდება, ერთი და იმავე იარაღითაა თუ არა მიყენებული ჭრილობები, ვის ეკუთვნის იარაღი, ასევე, არ ჩატარდება ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჭრილობის არხების მიმართულების დასადგენად, დასკვნის გაკეთებას ნურავინ შეეცდება. საშინელება მოხდა - ადამიანს შვილივით გაზრდილი დეიდაშვილი შემოაკვდა და არ არის გამორიცხული, ლევანმა კიდევ სცადოს თვითმკვლელობა. არ ვიცით, როგორ იცხოვრებს.

P.S.. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევან გვაზავას სიმთვრალისას იარაღით თამაში უყვარდა... თუმცა, რა მოხდა 26 აგვისტოს ღამეს, გამოძიება დაადგენს.

ნანა ფიცხელაური

ფოტოზე: ლევან გვაზავა და რეზო კალომლეწავი