ვინ და რატომ ემუქრებოდა ბიზნესმენს, რომელიც ზუგდიდში გარდაცვლილი იპოვეს - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ ემუქრებოდა ბიზნესმენს, რომელიც ზუგდიდში გარდაცვლილი იპოვეს - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?!

"ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ რუზგენმა 10 ათასი ლარის გამო თავი გაწირა და ოჯახი ასე გააუბედურა. ის სამ შვილს ასე არ დააობლებდა, მით უფრო, რომ, აწი, სჭირდებოდა ბავშვებს მამის პატრონობა. ბოლო დროს, მისი მეუღლე, რუზანა მარგარიანი ამბობდა, რომ მის ქმარს ემუქრებოდნენ და აი შედეგიც..."

31 აგვისტოს, დილით, ზუგდიდის ერთ-ერთი ლომბარდის მფლობელი, 1972 წელს დაბადებული, რუზგენ ჩუხუა, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. თვადაპირველი ინფორმაციით, ბიზნესმენმა თავი მოიკლა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციითაც, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან ოჯახის წევრები და ამბობენ, რომ ბიზნესმენს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს

როგორც ირკვევა, ბიზნესმენს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შედეგად დაედო ვალი. მას მევალეები აწუხებდნენ, მათ შორის დაცვის პოლიციის ზუგდიდის განყოფილების უფროსი ზვიად კილასონია. გარდაცვლილი რუზგენ ჩუხუას ძმის ინფორმაციით, საბედისწერო დილას, გარდაცვლილთან სახლში ზვიად კილასონია იყო მისული და უბედური შემთხვევაც სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა.

გარდაცვლილის ახლობლის თქმით კი რუზგენ ჩუხუა თვითმკვლელობამდე სახლიდან მანქანით გაიყვანეს. ბიზნესმენს რამდენიმე ადამიანის, დაახლოებით 10 ათასამდე ლარი ემართა. ჩუხუა თანხის გადახდას ვერ ახერხებდა, რასაც ძალიან განიცდიდა. ჩვენ მის მეზობელს ვესუბრეთ, რომლემაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა:

- რუზგენს ზუგდიდში ყველა იცნობდა. მას წლების განმავლობაში საკუთარი ლომბარდი ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, კი ზუგდიდის ცენტრში ფოსტის ყოფილი შენობის ნაწილი შეისყიდა. ბოლო დროს სამშენებლო ბიზნესითაც იყო დაინტერესებული, მაგრამ ბოლო დროს, როგორც სხვა დანარჩენი, ბიზნესის ეს სფეროც ჩავარდა. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლი, რომელსაც აშენებდა, რამდენადაც ვიცი, ახლაც დაუსრულებულია. ეტყობა, მას ვალის მოკლე დროში გადახდას სთხოვდნენ, აწუხებდნენ... ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ რუზგენმა 10 ათასი ლარის გამო თავი გაწირა და ოჯახი ასე გააუბედურა. ის სამ შვილს ასე არ დააობლებდა, მით უფრო, რომ, აწი, სჭირდებოდა ბავშვებს მამის პატრონობა. ბოლო დროს, მისი მეუღლე, რუზანა მარგარიანი ამბობდა, რომ მის ქმარს ემუქრებოდნენ და აი შედეგიც...

- ვინ ემუქრებოდა?

- დაცვის პოლიციის უფროსი ზვიად კილასონია და მისი სიძეები, მას მუქარის მესიჯებს სწერდნენ და ეს ტექსტები შენახულია, იმედია, შესაბამისი უწყებები დაინტერესებიან ამ მესიჯებით... გარდა ამისა, უკვე რუზგენის სიკვდილის შემდეგ, მისივე მეუღლისგან გავიგეთ, რომ წინა დღეს ოჯახში რამდენჯერმე მიაკითხეს კილოსანიამ და მისმა სიძეებმა... სავარაუდოდ, ფულის დაბრუნების მოთხოვნითა და მუქარით. რაც არ გვქონდა, რას მივცემდითო, - ამბობს უბედური ქალი... ორშაბათს, მეუღლე სამსახურში რომ აცილებდა, იმ დროსაც დაურეკავს კილასონიას, მაგრამ რუზგენს არ უპასუხია. ეტყობა, იცოდა, რომ ფულზე ურეკავდნენ. ძმას უთხოვია, თუ დაგირეკეს, შეხვედრაზე უჩემოდ არ წახვიდეო. მეუღლე ამბობს, რომ რუზგენის სახლიდან გასვლისას მათ სახლთან უკვე იდგა მანქანა... ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, იმედია, გამოძიება ბრმად არ დახურავს საქმეს და მომხდარს კვალიფიციურად გამოიძიებს.

პ.ს. "კვირის პალიტრამ" ზვიად კილასონიასთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ... კვლვაც მზად ვართ მისი პოზიცია მოვისმინოთ და გამოვაქვეყნოთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)