"ერთი ტყვია ესროლა, პირდაპირ გულში მოახვედრა" - 17 წლის ბიჭის მკვლელობით დასრულებული ქორწილი - კვირის პალიტრა

"ერთი ტყვია ესროლა, პირდაპირ გულში მოახვედრა" - 17 წლის ბიჭის მკვლელობით დასრულებული ქორწილი

"უფროსებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მოზარდი შეეწირა"

"გოგოს ოჯახს ბიჭი სიძედ არ მოსწონდა და ძალით სხვას გაატანეს. ასეთი რამეები ჩვენში ჯერ კიდევ ხდება, მშობლები და ოჯახი წყვეტს, ვისთან ჯობია დამოყვრება, რა ვქნათ, ასეთია ჩვენი ტრადიცია".

ფონიჭალაში, ერთ-ერთ რესტორანში გამართული აზერბაიჯანელების ქორწლისას, მკვლელობა მოხდა. 17 წლის მოზარდი, მისივე ტოლმა ნათესავმა ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. როგორც დაღუპული ოჯახის ახლობლები ამბობენ, ნათესავებს შორის უთანხმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო...

როზა, დაღუპულის ახლობელი:

- გარდაცვლილს, ის გოგონა უყვარდა, ვისი ქორწილიც იყო. ორივე პატარები კი იყვნენ, მაგრამ ამბობენ, რომ კარგა ხანს იყვნენ შეყვარებულებიო. როგორც ვიცი, გოგოს ოჯახს ბიჭი სიძედ არ მოსწინდა და ძალით სხვას გაატანეს. ასეთი რამეები ჩვენში ჯერ კიდევ ხდება, მშობლები და ოჯახი წყვეტს, ვისთან ჯობია დამოყვრება, რა ვქნათ, ასეთია ჩვენი ტრადიცია.

- გოგონა რამდენი წლის არის?

- სადღაც 15 - 16 -ის, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზი გოგოა და ბევრს უყვარდა უბანში. ის ბიჭი, სიძე ძალიან შეძლებულია და ალბათ იმიტომაც არჩიეს... საწყალი ბიჭი ქორწილამდეც და ქორწილშიც ძალიან ცუდ ხასიათზე ყოფილა. ნეტავ საერთოდ არ მოსულიყო… ისიც ითქვა, გარდაცვლილი პატარძლის წამოსაყვანად იყო მისულიო, მაგრამ ეს ჭორია, მას პატარძალს არავინ გამოატანდა.

- შელაპარაკება რის ნიადაგზე მოხდა?

- ეგ კიდევ სხვა საკითხია, ეჭვმიტანილისა და გარდაცვლილის ოჯახებს რაღაცაზე დავა ჰქონდათ. ეს ამბავი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ოღონდ მიზეზი რა გახდა, არ ვიცი, არ ამბობდნენ. შემდეგ ის კაცი, ეჭვმიტანილის მამა მისულა სალაპარაკოდ თუ შესარიგებლად, მაგრამ არ გამოუვიდათ შერიგება, ეტყობა, რაღაცაზე ვერ მორიგდნენ.... ყველაზე ცუდი ისაა, რომ უფროსების ბრაზი ახალგაზრდებმაც ჩაიდეს გულში და ამას მოჰყვა სწორედ შელაპარაკება. ისიც არასრულწოვანია, იმანაც ხომ დაიღუოპა თავი. ალბათ ნასვამი იყო, მაგრამ ამ პატარა ბიჭს იარაღი საიდან ჰქონდა, არ ვიცი. მანამდე შელაპარაკებულან, რამდენჯერმე გაუშველებიათ, მაგრამ ბოლოს ისევ გადაეკიდნენ ერთმანეთსო. არავინ იცის, რა დროს მოასწრო ეჭვმიტანილმა იარაღის ამოღება, ან სად ჰქონდა, ერთი ტყვია ესროლა, პირდაპირ გულში მოახვედრა ჩვენ კივილზე გარეთ გამოვცვივდით, ის უკვე ძირს ეგდო და სისხლში ცურავდა. ბიჭის გვერდით მისი ძმა დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა, - მიშველეთო... მერე ძალიან სწრაფად მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. რადგან მხოლოდ ერთი გასროლა გავიგონეთ, იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ მალევე მოცვივდნენ უკან წივილ-კვილით და მივხვდით, რომ დაიღუპა... ეჭვმიტანილის სახლთან მთელი დღე პატრული იდგა, ალბათ ფიქრობდნენ, რომ მარატის ოჯახის წევრები არ შეცვენილიყვნენ და არ გადაეწვათ, მაგრამ იმათთან ისეთი საცოდაობა ტრიალებს, არაფრის თავი არ აქვთ იმ უბედურებს...

17 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია უკვე დააკავეს, მასთან ერთად დაკავებულია მამაც, თანამონაწილოებისა და იარაღის ტარების ბრალდებით. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად უკვე ამოიღეს დანაშაულის იარაღი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)